წამყვანი სააკაშვილი
ZIK – ასე ჰქვია უკრაინულ არხს, სადაც მალე სააკაშვილის გადაცემა გავა.
ახალ თოქ-შოუს “სხვა ქვეყანა” (“Другая страна”) ერქმევა და კითხვებს აქ საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დასვამს.
პირველი გადაცემა უკვე ჩაწერილია. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თავის ფეისბუკ გვერდზე დაწერა:
“ZIK-ზე პირველი პროგრამა ძალიან მწვავე გამოვიდა. ყოველკვირეულად მე თქვენ გაჩვენებთ ისეთ უკრაინას, როგორსაც თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ სხვა არხზე,” – დაწერა მან.
სააკაშვილმა ფეისბუკზე გადაცემის ჩანაწერის ფოტოებიც დადო. ერთ-ერთ ფოტოზე ის ძაღლის “ბუტკასთან” დგას.
ეს დეკორაცია შემთხვევითი არ არის და იგი პრეზიდენტ პოროშენკოს ერთ-ერთ ერთ ბოლოდროინდელ განცხადებას უკავშირდება. პოროშენკომ განაცხადა, რომ მაშინ როდესაც ხელისუფლება რეფორმების ჩაატარებას ცდილობს, ოპონენტები ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციით არიან დაკავებული, რადგან საქმის კეთება არ იციან და “ცხოვრებაში ერთი ძაღლის “ბუტკაც” კი არ აუშენებიათ”.
უკვე ცნობილია, რომ პოლიტიკური თოქ-შოუ ეთერში კვირაში ერთხელ გავა. ფორმატის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდა სტუდიისა, სადაც მიწვეულები იქნებიან პოლიტიკოსები და ექსპერტები, გადაღებები იქნება ასევე რეგიონებშიც, სადაც საკუთარ პრობლემებზე საუბრის საშუალება ექნებათ რიგით მოქალაქეებს.
“ეს არის ერთადერთი შანსი მიხეილ სააკაშვილისთვის, გაარღვიოს უკრაინის საინფორმაციო სივრცე.”
“ის შეეცდება, კიდევ უფრო მოუშალოს ნერვები და რაც შეიძლება მეტი შეცდომა დააშვებინოს პოროშენკოს, რომელსაც სააკაშვილის სახელის გაგონებაზეც კი უკვე ბურძგლავს,” – წერენ უკრაინის სოციალურ სივრცეში.
რატომ ZIK?
ტელეკომპანია ZIK ანუ დასავლური საინფორმაციო კორპორაცია (“Западная информационная корпорация”) ლვოველ ბიზნესმენს, საფეხბურთო კლუბ “კარპატების” საპატიო პრეზიდენტს, პიოტრ დიმინსკის ეკუთვნის.
ტელეარხი ცნობილია თავისი კრიტიკული დამოკიდებულებით ლვოვის მერისა და პარტია “სამოპომოში”-ს ლიდერ ანდრეი სადოვოის მიმართ. 2015 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, სადოვოი სასამართლოში ჩივილსაც კი აპირებდა ამ ტელეკომპანიის წინააღმდეგ, მასზე მომზადებული “პასკვილის” გამო.
ტელეკომპანია ZIK, რომელიც 2010 წელს დაარსდა, არ არის საერთო ეროვნული მაუწყებელი, თუმცა 150-მდე საკაბელო ოპერატორის მეშვეობით, უკრაინის ტერიტორიის 100 პროცენტს ფარავს. ტელეკომპანია განსაკუთრებულ აქცენტს ჟურნალისტურ გამოძიებებზე აკეთებს. არხის ერთ-ერთი სახეა ქართული წარმოშობის უკრაინელი ჟურნალისტი დავით ყიფიანი.
ZIK არ შედის პოპულარული უკრაინული არხების ათეულში, თუმცა ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან არხებს შორის, რომლებსაც არ აკონტროლებს პრეზიდენტი პოროშენკო და მისი გარემოცვა.
სააკაშვილის არჩევანიც, სავარაუდოდ, სწორედ ამან განაპირობა, რადგან პოპულარულ ნაციონალურ არხებზე, რომლებიც მთლიანად პოროშენკო და სხვა გავლენიანი ოლიგარქების მიერ კონტროლდება, ოპოზიციონერი სააკაშვილისთვის წვდომა დაბლოკილია. საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად მედიაზე კონტროლი კიდევ უფრო მკაცრდება.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა, რომელმაც დატოვა ოდესის გუბერნატორის პოსტი, პოლიტიკური პარტია “ახალი ძალების მოძრაობა” (“Рух новых сил”) დააფუძნა. ამ პოლიტიკური ძალის წევრია უკრაინაში მოღვაწე კიდევ ერთი ქართველი პოლიტიკოსი, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე. ამჟამად სააკაშვილის პოლიტიკური მოძრაობის დღის წესრიგში მთავარი საკითხია უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
სააკაშვილის რეიტინგი
საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 2016 წლის დეკემბრის დასაწყისში რომ ჩატარებულიყო, სააკაშვილის პარტია “ახალი ძალების მოძრაობა” სავალდებულო 5-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავდა და რადაში ვერ მოხვდებოდა. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევის თანახმად, სააკაშვილის პარტიას გასული წლის დეკემბერში მხოლოდ 4,1 პროცენტიანი რეიტინგი ჰქონდა.
გასული წლის ბოლოს ილკა კუჩერივას სახელობის ფონდმა “დემოკრატიულმა ინიციატივამ” ჩაატარა კვლევა წლის პოლიტიკოსის გამოსავლენად. ამ რეიტინგში მიხეილ სააკაშვილმა 4,5 პროცენტით მეექვსე ადგილი დაიკავა. მასზე პოპულარულები აღმოჩდნენ პრეზიდენტი პიოტრ პოროშენკო (9,5%), პრემიერი ვლადიმირ გროისმანი (8%), ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ნადეჟდა სავჩენკო (7%), ფრაქცია “რადიკალური პარტიის” ლიდერი ოლეგ ლიაშკო (6%) და ფრაქცია “ბატკოვშინას” ლიდერი იულია ტიმოშენკო (5%).
უკრაინის რადას არჩევნები 2018 წელს უნდა გაიმართოს. სააკაშვილის ახალი პარტია სწორედ რადაში შესასვლელად ემზადება. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, აქ სააკაშვილს მონაწილეობის მიღება არ შეუძლია, რადგან უკრაინის კონსტიტუციით, იმისთვის, რომ უკრაინის პრეზიდენტი გახდე, ქვეყანაში არანაკლებ 10 წლის განმავლობაში უნდა იყო ნაცხოვრები. უკრაინის მოქალაქეობა სააკაშვილმა 2015 წლის მაისში მიიღო, როდესაც ოდესის გუბერნატორის პოსტზე დანიშვნას დათანხმდა.