რას ნიშნავს გახარიას გადადგომა და ღარიბაშვილის დაბრუნება? გია ნოდიას თვალსაზრისი
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოსალოდნელ გადადგომაზე დიდი ხანია ლაპარაკობდნენ, მაგრამ მისი ფორმა სენსაციური აღმოჩნდა.
მას შემდეგ, რაც 2013 წლის ნოემბერში “ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი მთავრობის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი ფორმალურად პოლიტიკიდან წავიდა, პრემიერ-მინისტრის უკვე მეოთხე გადადგომა ვიხილეთ.
მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც წასვლის მიზეზად კონკრეტულ და აქტუალურ პოლიტიკურ საკითხზე უთანხმოება დასახელდა.
ირაკლი ღარიბაშვილს და მამუკა ბახტაძეს წასვლის მიზეზი, ფაქტობრივად, არც აუხსნიათ; მხოლოდ გიორგი კვირიკაშვილმა მოიხსენია ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე უთანხმოებები, თუმცა საკმაოდ ბუნდოვანი ფორმით.
გახარია კი ცალსახად გაემიჯნა ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების მცდელობას, რაც ბოლო დღეების ყველაზე „ცხელი“ პოლიტიკური პრობლემაა. ამ მხრივ ის თავის პოლიტიკურ გუნდში სრულიად მარტო გამოჩნდა.
ცოტა ხნით ადრე, „ოცნების“ საპარლამენტო დეპუტაციამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე, რაც მისი დაპატიმრებისთვის მწვანე შუქის ანთებას ნიშნავდა.
„ოცნების“ სახეები ერთიმეორის მიყოლებით აკეთებდნენ განცხადებებს იმაზე, რომ მელიას დაპატიმრება ის საკითხია, რაშიც ხელისუფლება დათმობაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს. ამაზე მმართველ გუნდში რაიმე უთანხმოების ნიშანი არ ჩანდა.
გახარიას განცხადებამ მოწმენდილ ცაზე დაიქუხა. მისგან ამ ნაბიჯის გადადგმა სულ მცირე ორი აზრითაა პარადოქსული.
გახარიას პოლიტიკური იმიჯი დიდწილად განსაზღვრა ე.წ. „გავრილოვის ღამემ“, როდესაც მან, შინაგან საქმეთა მინისტრის ამპლუაში, უხელმძღვანელა მიტინგის დაშლის ოპერაციას, რომელშიც, კრიტიკოსთა აზრით, პოლიციამ დიდად გადააჭარბა ძალას. რეზინის ტყვიების გამოყენების გამო ორმა მოპროტესტემ თვალი დაკარგა.
სწორედ ამ ღამის მოვლენების გამო გაიხსნა ნიკა მელიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე, რისი განვითარების შედეგად ახლა პოლიცია მის დაპატიმრებას აპირებს.
გავრილოვის ღამე ერთგვარი შემობრუნების წერტილი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ გაცილებით უფრო მკაცრი სადამსჯელო ქმედებების განხორციელება დაიწყო; გახარია ამ შემობრუნების სიმბოლო გახდა.
უფრო ხისტი პოლიტიკის გამოხატულებად აღვიქვით ისიც, რომ სექტემბერში გახარიამ პრემიერ-მინისტრის სავარძელიც დაიკავა, თუმცა იმართებოდა მიტინგები მისი გადადგომის მოთხოვნით.
დღეს კი სწორედ ის აღმოჩნდა ერთადერთი ფიგურა ხელისუფლებაში, ვინც ოპოზიციის მიმართ სადამსჯელო ოპერაციების გამოყენება შეცდომად გამოაცხადა და ამის გამო გადადგა.
პარადოქსულობის განცდას ისიც აძლიერებს, რომ გახარია მმართველი გუნდის მხოლოდ ერთ-ერთი წევრი არ ყოფილა: საქართველოს კონსტიტუციით, ის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ანუ, წესით, ქვეყნის ლიდერი იყო.
მას ექვემდებარებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროც. ანუ, თუ ის მელიას დაპატიმრებას არასწორად მიიჩნევდა, მას შეეძლო მანამდეც გადაედგა ამის საწინააღმდეგო ნაბიჯები. ის კი, უბრალოდ, პროტესტის ნიშნად გადადგა.
ეს ადასტურებს, რომ მას არც მანამდე ჰქონია ის ძალაუფლება, რაც კონსტიტუციით პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. თუმცა, ჩვენ მანამდეც ვიცოდით, რომ ქვეყანას პრემიერ-მინისტრები არ მართავენ. ისინი ადვილად ჩანაცვლებადი ტექნიკური მენეჯერები არიან.
გუნდის შიგნით გახარიას პოლიტიკურ სისუსტეს იმ გარემოებამაც გაუსვა ხაზი, რომ მას შემდეგ, რაც ამ წლის იანვარში ბიძინა ივანიშვილმა მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, ეს პოსტი დაიკავა არა პრემიერ-მინისტრმა, (როგორც ეს მანამდე, ღარიბაშვილის და კვირიკაშვილის შემთხვევაში ხდებოდა) არამედ ირაკლი კობახიძემ.
ამან გახარიას წასვლის მოლოდინი კიდევ უფრო გააძლიერა. საჯაროდ ხელისუფლების პოზიციებს ყველაზე ხშირად სწორედ კობახიძე ახმოვანებდა, გახარია კი ჩრდილში რჩებოდა.
ადამიანის პიროვნული მოტივების განსჯა ყოველთვის რთულია. მაგრამ ბუნებრივია, რომ გახარიას გადაწყვეტილების რეალური მიზეზები ვარაუდების საგანი გახდება.
მის სასწრაფო „გალიბერალებას“ ბევრი ეჭვის თვალით შეხედავს.
მომხდარის ყველაზე ალბათური ძირეული მიზეზი ისაა, რომ მან, ისევე როგორც მისმა ყველა წინამორბედმა, ბიძინა ივანიშვილის ნდობა დაკარგა.
ეს უკვე კანონზომიერებაა: არაფორმალური მმართველობის პირობებში პრემიერები თანამდებობაზე დიდხანს ვერ ჩერდებიან. ჯერჯერობით, რეკორდსმენი გიორგი კვირიკაშვილია: მან ორი წელი და ხუთი თვე გაძლო. გახარიამ წელიწადნახევრის ნიშნულსაც ვერ მიაღწია.
თუმცა, კარის ხმამაღლა გაჯახუნება და კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხზე „გუნდთან“ უთანხმოების ხაზგასმა უკვე მისი პირადი გადაწყვეტილებაა. რას ნიშნავს ეს?
თუ გახარიას დამოუკიდებელი პოლიტიკური ამბიციები აქვს, მას სწორედ ასეთი ნაბიჯი უნდა გადაედგა. მაგრამ ეს ერთადერთი ახსნა არ არის.
შეიძლება მას, უბრალოდ, „ამოასხა“ და გადაწყვიტა, ამაყად თავაწეული წასულიყო.
ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ, თავისი ბოლო განცხადებით მას სურდა, ნაწილობრივ მაინც გაექარწყლებინა „გახარია-თვალთხარიას“ რეპუტაცია.
უფრო მნიშვნელოვანია, რას მოასწავებს მისი წასვლა „ქართული ოცნების“ სამომავლო პოლიტიკის თვალსაზრისით.
გამოცდილება გვასწავლის, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდში პრემიერ-მინისტრის პერსონას დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ, მაგრამ ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება ორი თვალსაზრისითაა საინტერესო.
ერთი მხრივ, ესაა ადამიანი, ვინც ივანიშვილს სრული ერთგულება დაუმტკიცა, როცა პრემიერის პოსტიდან უცერემონიოდ დათხოვნა უდრტვინველად მიიღო.
გარდა ამისა, ის ანტილიბერალური, ანტიდასავლური ძალების ფალავანია.
არჩევანი ღარიბაშვილის სასარგებლოდ გვაფიქრებინებს, რომ ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ „მკაცრი ხელის“ პოლიტიკა გაგრძელდება.
თუმცა მელიას მოსალოდნელი დაპატიმრება დასავლელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ღიად გააკრიტიკეს, „ქართული ოცნების“ ლიდერებზე (ყოველ შემთხვევაში, გახარიას გარდა) ამას ჯერჯერობით გავლენა არ მოუხდენია.
დასავლეთის აზრს ხელისუფლება მხოლოდ მაშინ იმოწმებს, როცა ეს მის ინტერესებშია.
გახარიას სკანდალური გადადგომა შეიძლება სიგნალი აღმოჩნდეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ მეტი აქტივობა გამოიჩინოს და – მერამდენედ – პოლიტიკური პროცესის შედარებით უფრო რაციონალურ კალაპოტში დაბრუნებას შეუწყოს ხელი.
ამის ალტერნატივა კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური პოლარიზაცია და გაურკვევლობა, ან მეტი პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიაა.
______________________________________________________________________________
გია ნოდია, “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თავმჯდომარე