აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნების შესახებ გაერომ რეზოლუცია მიიღო
84 ხმით 13-ის წინააღმდეგ – გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო მორიგი რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.
ამ რეზოლუციის, რომლის სრულის სახელწოდებაა – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ,“ მიღებას საქართველო 2008 წლიდან ითხოვს.
რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და “ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ” და ხაზგასმით აღნიშნავს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.
რეზოლუციის წინააღმდეგ რუსეთის გარდა ხმა მისცა 12-მა ქვეყანამ, 78-მა კი თავი შეიკავა. 17 ქვეყნის წარმომადგენელს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა: რეზოლუციის მიღების შემდეგ გაერო-ს გენერალურ მდივანი ვალდებულია საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიში მოამზადოს:
“აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.
რეზოლუცია, ასევე, მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს”,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადება გაავრცელეს სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებმა.
განცხადებაში ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთი ისევ არღვევს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში სამხედრო ძალების შენარჩუნებით.
განცხადების ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე, მათ შორის კოვიდ 19-ის პანდემიის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის ფონზე.
„კოვიდ 19-ის პანდემიის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის ფონზე და გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ძალები აფხაზეთსა და ცხინვალში / სამხრეთ ოსეთში განაგრძობენ უკანონო ქმედებებს. ეს მოიცავს მიმდინარე “ბორდერიზაციას”, უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს (ზოგი მათგანი ლეტალური შედეგით), გადაადგილების თავისუფლების მკაცრ შეზღუდვებს (ზოგიერთ შემთხვევაში სამედიცინო ევაკუაციის დროსაც კი უარის თქმა). ამ რეგიონებში მუდმივად ირღვევა ეთნიკური ქართველების უფლებები (განსაკუთრებით მუდმივი ბინადრობის უფლებები, მშობლიურ ენაზე სწავლის, საკუთრების უფლება),“– აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ავტორები ეთანხმებიან გაერო-ს გენერალური მდივნის ანგარიშის დასკვნას, რომლის მიხედვითაც დევნილებისა და ლტოლვილების უსაფრთხო, ნებაყოფლობით, ღირსეულ და შეუფერხებელ დაბრუნებასთან დაკავშირებით პროგრესი არ შეიმჩნევა.
განცხადების ავტორები შეშფოთებას გამოხატავენ, რომ რუსეთი, ასევე ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლები კვლავ უარს ამბობენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე დევნილებისა და ლტოლვილების საკითხის განხილვაზე.
განცხადებაში აღნიშნულია ასევე ერგნეთსა და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობა. ხელმომწერები პოზიტიურად აფასებენ ერგნეთის მექანიზმის განახლების ფაქტს და ხაზს უსვამენ გალის შეხვედრების განახლების აუცილებლობას.
განცხადებას ხელს აწერენ ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნები: დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. ასევე, განცხადებას უერთდებიან ბულგარეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, რუმინეთი და ნიდერლანდები.