ინფიცირებული კოღოები და ამერიკული თვითმფრინავი - მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიის ინსპექტირებას ითხოვს. რას პასუხობს თბილისი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობას ეჭვის ქვეშ აყენებს, ბიოლოგიურ საფრთხეზე მიანიშნებს და თბილისისგან ითხოვს ლუგარის ცენტრში რუსი ექსპერტების დაშვებას, რათა მათ პირადად შეამოწმონ, თუ რას საქმიანობს ცენტრი.
“ჩვენი შეშფოთების საფუძველია ის, რომ ვაშინგტონი არ განმარტავს, თუ რას საქმიანობს იგი რუსეთის უშუალო საზღვართან,” – აღნიშნულია წერილში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაჩნდა.
საგარეო უწყება წერს, რომ მოსკოვს აქვს ბევრი “საფუძვლიანი” კითხვა საქართველოში, ლუგარის კვლევით ცენტრში მიმდინარე “სამხედრო-ბიოლოგიური” საქმიანობის თაობაზე.
მოსკოვი ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიას მთლიანად ვაშინგტონი მართავს, რაც კრემლისთვის პრობლემაა
„უცხო ქვეყნების საქმიანობა იწვევს არაერთ დასაბუთებულ კითხვას,“ – აღნიშნულია წერილში.
წერილში ლუგარის ლაბორატორია მოხსენიებულია როგორც „ბიოუსაფრთხოების მაღალი დონის ლაბორატორია“, რომელიც აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ თბილისში ააშენა და საკუთარი ინტერესების შესაბამისად იყენებს – იკვლევს განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ბიო-გამომწვევებს.
განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ ყველა კვლევას აშშ-ის სამხედრო უწყება აფინანსებს, მათ შორის ცენტრის უსაფრთხოებასაც.
„მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, აშშ არ გვაწვდის ინფორმაციას ცენტრის საქმიანობაზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ცენტრის საქმიანობით დაინტერესებისა და ინფორმაციის გამოთხოვნის უფლებას მას ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონვენცია (BTWC) აძლევს.
რუსეთის საგარეო უწყება ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში მწერების საშუალებით ინფექციების გავრცელებას ცდიან
წერილში წერია, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ატარებენ კვლევებს, რომელტა ფარგლებშიც განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევი აგენტები და მიკრობები შეყავთ მწერებში და მწერების საშუალებით ამ ვირუსების გავრცელებას იკვლევენ.
მოსკოვი ამბობს, რომ აშშ-მა უკვე დააპატენტა უპილოტო თვითმფრინავი ინფიცირებული კოღოების გასავრცელებლად.
ასევე, კრემლის თქმით, აშშ ქმნის საბრძოლო იარაღს, სადაც ასევე ვირუსები იქნება განთავსებული:
„აშშ-მა უკვე დააპატენტა უპილოტო მფრინავი აპარატი დაინფიცირებული კოღოების ჰაერში გასავრცელებლად. ამას გარდა, გაიცა პატენტი საბრძოლო მასალების წარმოებაზე, რომლებიც მომწამვლელი ნივთიერებით ან ინფექციური აგენტებით იქნება დამუხტული,” – წერს მოსკოვი ოფიციალურ წერილში.
რუსეთი არ ენდობა საერთაშორისო ექსპერტებს და თავად სურს ლუგარის ცენტრის დათვალიერება
რუსეთის საგარეო უწყება არ ენდობა 2018 წლის ნოემბერში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ლუგარის ცენტრში ჩატარებულ შემოწმებას.
სერგეი ლავროვის უწყება ამბობს, რომ „ნამდვილ შემოწმებას“ რუსი ექსპერტები ჩაატარებენ. მოსკოვი ითხოვს რუსი ექსპერტების ლუგარის ცენტრში შეშვებას და „გარანტიას, რომ ისინი შევლენ ყველა კორპუსში, მათ შორის შენობაში, რომელსაც ამერიკელი სპეციალისტები იკავებენ“.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოსკოვი ლუგარის ცენტრის შემოწმებას ითხოვს. მსგავსი თხოვნით რუსეთის საგარეო უწყებამ თბილისს 2019 წლის გაუგზავნა ნოტა, რომელიც თბილისმა უპასუხოდ დატოვა.
“ახლა ველით თბილისის ოფიციალურ რეაქციას,” – წერია წერილში.
თბილისის პასუხი
საქართველო მზადაა რუსი ექსპერტები ლუგარის ლაბორატორიაში მიიღოს და „საერთაშორისო ვარჯიშის“ ფარგლებში დაუშვას.
ანუ, მიიღოს რუსი ექსპერტები ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპედიციასთან ერთად და არა ცალკე.
“მიუხედავად იმისა, რომ [საქართველოს] რუსეთთან არანაირი ორმხრივი იურიდიული ვალდებულება ამ საკითხზე არ გააჩნია, საქართველო, გამოთქვამს მზადყოფნას უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის რუსი ექსპერტების მონაწილეობით,” – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
ასე უპასუხეს რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას დავით ზალკალიანის უწყებაში და მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებაში ცრუ ბრალდებების გაკეთებაში დაადანაშაულეს.
საქართველოს საგარეო უწყებამ რუს კოლეგებს ვრცელი წერილი მისწერა, სადაც დეტალურადაა მოთხრობილი ლუგარის ცენტრის შექმნის ისტორია და ასევე მოთხრობილია რამდენი ლაბორატორიაა დღეს ცენტრში და რას აკეთებენ ეს ლაბორატორიები.
რუსეთის განცხადებას თბილისმა “ცრუ ბრალდება”, “პროვოკაცია” უწოდა, რომლის მიზანია “დააკნინონ წარმატებული ინსტიტუციის როლი საქართველოს და რეგიონალური უსაფრთხოების საქმეში”.
განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ცენტრის მუშაობაში ამერიკული მხარე მონაწილეობას არ იღებს:
“ცენტრის ამოცანების დასახვაში, ამერიკელ პარტნიორებს არანაირი როლი და ფუნქცია არ გააჩნიათ, მით უმეტეს მათ არ აქვთ რამე სახის დამოუკიდებელი კვლევის ჩატარების საშუალება,” – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეებს, “შეაფასონ რუსეთის ოფიციალური უწყების აგრესიული განცხადებები საქართველოს მიმართ, დაგმონ აშკარა დეზინფორმაცია და არ დაუშვან რეგიონში სამაგალითო ინსტიტუტის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვის ქვეშ დაყენება”.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ ამერიკულმა მხარემ ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადასცა საქართველოს მთავრობას საკუთრებაში და 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.
“სტრუქტურულად, ლუგარის ცენტრი წარმოადგენს დავადებათა ცენტრის ქვედანაყოფს და შედის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუციებში,” – წერია განცხადებაში.
“ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით. ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში,” – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთი და ლუგარის ლაბორატორია
ლუგარის ლაბორატორიას წლებია უწევს რუსული პროპაგანდის მოგერიება.
კრემლთან დაახლოებული მედია, ქართული პრორუსული რესურსების დახმარებით, ცენტრის წინააღმდეგ ნამდვილ საინფორმაციო ომს აწარმოებენ.
- ლუგარის ლაბორატორია კვლავ რუსი ჩინოვნიკების სამიზნე გახდა
- ლუგარის ლაბორატორია საინფორმაციო ფრონტის წინა ხაზზე
- როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებზე?
დოკუმენტური ფილმებიც კი იქმნება, სადაც ლუგარის ლაბორატორიას საქართველოში საშიში ვირუსების გავრცელებაში ადანაშაულებდნენ.
საქართველოში აცხადებენ, რომ რუსულ დეზინფორმაციას მიზანში, როგორც წესი, ამოღებული აქვს წარმატებული პროგრამები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. მაგალითად, იგივე C ჰეპატიტის ელიმინაციის წარმატებული პროგრამა, რომელიც ასევე რუსული დეზინფორმაციის სამიზნეა ხშირად.
კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის დროს ლუგარის თანამედროვედ აღჭურვილმა ლაბორატორიამ და მისმა მზაობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოებაში.
ექსპერტები აღიარებენ, რომ ლუგარის ცენტრის მზაობა არის ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
მაგალითისთვის – ლუგარის ცენტრში კორონავირუსის რეაგენტები მათი შექმნიდან 20 დღის შემდეგ ჩამოიტანეს. ეს იყო 22 დღით ადრე, ვიდრე საქართველოში კორონავირუსით პირველი ინფიცირებული გამოვლინდებოდა.
მარტიდან კი ეს ლაბორატორია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
უფრო ადრე სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის შესახებ რუსული სახელმწიფო მოხელეებისა და რუსული მედიის ნაწილის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, რომელმაც შემაშფოთებული უწოდა პანდემიის კონტროლის პროცესში საქართველოსა და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას.