პატიმრების კვება, გზების შეკეთება და სხვა შესყიდვები. 1.3 მლრდ ლარის ტენდერები კონკურენციის გარეშე გაფორმდა -TI
უკონკურენტო ტენდერები
2026 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში გამოცხადებული ტენდერების თითქმის ნახევარში (45%) მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. კონკურენციის ნაკლებობის გამო, ეს შესყიდვები სახელმწიფოს, დაახლოებით, 150 მილიონი ლარით უფრო ძვირი დაუჯდა.
ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) ახალ კვლევაში წერს.
კვლევის თანახმად, 2026 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში სახელმწიფო უწყებებმა 16 222 ელექტრონული ტენდერის შედეგად 4.09 მილიარდი ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმეს.
აქედან 7 364 ტენდერში, ანუ მთლიანის 45%-ში, წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ ან ინდივიდუალურმა მეწარმემ წარადგინა. ამ ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 1.31 მილიარდი ლარია – სახელმწიფო შესყიდვების საერთო თანხის თითქმის მესამედი.
ორგანიზაციის შეფასებით, ერთპრეტენდენტიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების შეთავაზებები სავარაუდო ღირებულებაზე საშუალოდ მხოლოდ 4.3%-ით ნაკლები იყო. კონკურენტულ ტენდერებში კი ფასის შემცირება საშუალოდ 15.4%-ს შეადგენდა.
TI-ის გათვლით, უკონკურენტო ტენდერებშიც ფასები ამდენივეთი რომ შემცირებულიყო, სახელმწიფო ხელშეკრულებები დაახლოებით 150 მილიონი ლარით იაფი დაჯდებოდა.
კვლევის თანახმად, 572 მილიონი ლარის ღირებულების 2 883 ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შეთავაზება ზუსტად ემთხვეოდა სახელმწიფოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ სავარაუდო ღირებულებას. ამ შემთხვევაში ბიუჯეტს თანხა საერთოდ არ დაუზოგავს.
ყველაზე მსხვილი უკონკურენტო შემსყიდველი – პენიტენციური სამსახური
TI-ის მონაცემებით, 2026 წელს უკონკურენტო ტენდერების ყველაზე მსხვილი შემსყიდველი სპეციალური პენიტენციური სამსახური იყო. უწყებამ ამ გზით 203.7 მილიონი ლარის ხელშეკრულებები გააფორმა.
ამ თანხის თითქმის მთლიან ნაწილს – 201.4 მილიონ ლარს – პატიმრების კვებაზე გაფორმებული ორი ხელშეკრულება შეადგენს.
2026 წლის მაისში პენიტენციურმა სამსახურმა კომპანია „გიორგი 2020“-თან 152.4 მილიონი ლარის, ხოლო „დელფუდთან“ 49 მილიონი ლარის ხელშეკრულებები გააფორმა.
ორივე ტენდერში კომპანია ერთადერთი პრეტენდენტი იყო. შეთავაზებული ფასი კი წინასწარ განსაზღვრულ სავარაუდო ღირებულებას ზუსტად ემთხვეოდა.
ეს ხელშეკრულებები ციხეებში საკვების ხარისხთან დაკავშირებულ სკანდალს მოჰყვა. მანამდე, მარტში, პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების კვების მომსახურებაზე კომპანია „ილი ჯგუფთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა.
TI-ის ცნობით, კომპანია „გიორგი 2020“-ს მანამდე სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული არ ყოფილა.
2026 წლის 3 აპრილს, სწორედ იმ დღეს, როდესაც ტენდერი გამოცხადდა, კომპანიის მფლობელებმა მისი 33%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცეს ირაკლი ლეთოდიანს.
„TV პირველის“ ინფორმაციით, ლეთოდიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია.
რომელ სფეროებშია კონკურენცია ყველაზე დაბალი
კვლევის მიხედვით, ერთპრეტენდენტიანი ტენდერების განსაკუთრებით მაღალი წილი რამდენიმე სფეროშია:
- სატრანსპორტო მომსახურება – 85%;
- პროგრამული უზრუნველყოფა და საინფორმაციო სისტემები – 81%;
- სარემონტო და ტექნიკური მომსახურება – 78%;
- სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები – 59%.

სამშენებლო სამუშაოებში ერთპრეტენდენტიანი ტენდერების წილი შედარებით დაბალია – 29%. თუმცა თანხის მოცულობით სწორედ ეს სფერო ლიდერობს.
უკონკურენტო სამშენებლო ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 517.9 მილიონი ლარია
თბილისი და ბათუმი – ყველაზე დიდი თანხები უკონკურენტო შესყიდვებში
TI-ის მონაცემებით, მუნიციპალიტეტებში, მათ შორის მერებისა და მათ მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ტენდერების 43% უკონკურენტო იყო. ცენტრალურ და სხვა სახელმწიფო უწყებებში ეს მაჩვენებელი 48%-ს შეადგენდა.
მუნიციპალიტეტებმა ჯამში 625 მილიონი ლარის ხელშეკრულებები გააფორმეს კონკურენციის გარეშე.

თანხის მოცულობით თბილისი ლიდერობს – 277 მილიონი ლარით, რაც დედაქალაქის შესყიდვების 38%-ია. მეორე ადგილზეა ბათუმი – 63 მილიონი ლარით, ანუ მისი შესყიდვების 30%.
უკონკურენტო ტენდერების წილით კი ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ამბროლაურში (61%), თერჯოლასა (59%) და ხულოში (55%) დაფიქსირდა.
ტენდერის პირობები კონკრეტულ კომპანიებზე მორგების რისკი
TI აღნიშნავს, რომ ერთპრეტენდენტიანი ტენდერების მაღალი წილის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი შესყიდვის პირობების კონკრეტულ მიმწოდებლებზე მორგებაა. ორგანიზაციას ამის რამდენიმე მაგალითი მოჰყავს.
2026 წლის ივნისში TI წერდა ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ გზების რეაბილიტაციის ხუთ ტენდერზე.
პირობების მიხედვით, პრეტენდენტს ობიექტიდან 30 კილომეტრის რადიუსში ასფალტის ქარხანა უნდა ჰქონოდა ან მასთან ხელშეკრულება უნდა წარედგინა. მათ შორის იყო 29.2 მილიონი ლარის ტენდერი, რომელშიც ერთადერთი პრეტენდენტი კომპანია „გზა“ იყო.
კიდევ ერთი მაგალითი საქართველოს რკინიგზის მიერ 2023 წელს გამოცხადებული დაცვის მომსახურების ტენდერია. 7.8 მილიონი ლარის ღირებულების შესყიდვაში პრეტენდენტებს სულ მცირე 20-წლიანი უწყვეტი გამოცდილება მოეთხოვებოდათ.
TI-ის თანახმად, ამ პირობას ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ორი კომპანია აკმაყოფილებდა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიამ“ მიიღო, რომლის მფლობელი თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი იოსებ ალავიძეა. კომპანიის შეთავაზება სავარაუდო ღირებულების ტოლი იყო.
ორგანიზაცია ასევე იხსენებს 2022 წელს რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებულ სოციალურ სასადილოების ტენდერს.
მაშინ ყველაზე დაბალი ფასის შემთავაზებელი კომპანია სატენდერო პროცედურიდან მოხსნეს, რადგან დაზუსტებულ ფასების ცხრილში თანხები ორის ნაცვლად ოთხი ათწილადით ჰქონდა მითითებული.
საბოლოოდ ხელშეკრულება 155 ათასი ლარით უფრო ძვირი შეთავაზების მქონე კომპანიასთან გაფორმდა.
პრობლემა მხოლოდ მსხვილ ტენდერებს არ ეხება
TI-ის შეფასებით, უკონკურენტო სახელმწიფო შესყიდვების პრობლემა ახალი არ არის. ორგანიზაცია იხსენებს 2024 წლის კვლევასაც, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის იანვრიდან ივლისამდე გამოცხადებული ხუთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მსხვილი ტენდერების ნახევარი უკონკურენტო იყო.
2026 წლის მონაცემები კი აჩვენებს, რომ პრობლემა მხოლოდ მსხვილ შესყიდვებს არ ეხება: 100 ათას ლარამდე ღირებულების ტენდერების ნახევარშიც მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა.
ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშებსაც აკრიტიკებს. TI-ის თანახმად, სააგენტო ანგარიშებში კონკურენციის ზრდაზე საუბრობს, თუმცა 2019 წლიდან გამოქვეყნებულ არცერთ წლიურ ანგარიშში არ არის გამოკვეთილი ის გარემოება, რომ სახელმწიფო ტენდერების თითქმის ნახევარში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობს.
უკონკურენტო ტენდერები