ათენში, 20 ჰექტარზე მეტ მწვანე სივრცეში ნამდვილი ველური სამყაროა განთავსებული, სადაც სხვადასხვა კონტინენტის მკვიდრებს შეხვდებით.
ათენის ზოოპარკი (Attica Zoological Park) 2000 წელს გახსნჩა. თავდაპირველად ის მხოლოდ ფრინველთა პარკი იყო, დროთა განმავლობაში კი პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოყვანილი უამრავი სახეობის ცხოველის სახლად იქცა.
დღეს აქ 350-ზე მეტი სახეობის 2000-მდე ცხოველი ბინადრობს.
ზოოპარკში თითოეული ცხოველის ბუნებრივი გარემოს მაქსიმალურად მიახლოებაზე ზრუნავენ. მაგალითად, დახურული და ტროპიკული სივრცეები მკაცრად კონტროლდება, რათა საჭირო ტემპერატურა და მიკროკლიმატი შენარჩუნდეს და ეგზოტიკურმა ბინადრებმა თავი კომფორტულად იგრძნონ.
ზოოპარკში სეირნობისას თვალში გეცემათ წითელი პანდები, კაპიბარები, მხიარული პინგვინები, ჟირაფები და სხვა ბინადრები.
მიუხედავად სახელისა, წითელი პანდა გიგანტური პანდების პირდაპირი ნათესავი არ არის. ის უფრო ახლოს დგას ენოტებთან და თავისი ფუმფულა კუდით ხეებზე ბალანსირების ნამდვილი ოსტატია.
ევროპაში ღამურას 37 სახეობა გვხვდება, საიდანაც 35 სწორედ საბერძნეთში ბინადრობს.
ათენის ზოოპარკის ტროპიკულ სივრცეში ისინი თავისუფლად დაფრინავენ, დამთვალიერებელს კი შეუძლია მათ გვერდით იაროს და ახლოდან დააკვირდეს.
ამავე პავილიონში ცხოვრობს ზარმაცაც — თუმცა, მისი ნახვა ყოველთვის არ არის ადვილი. ის თავის საყვარელ სახლში, შეფარებულ კუთხეშია ხოლმე შემძვრალი და უნდა გაგიმართლოთ რომ გარეთ გამოსული ნახოთ.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ლემურების ზონა. აქ სტუმრებს პირდაპირ ვოლიერში შესვლა შეუძლიათ, სადაც ლემურები სრულიად თავისუფლად გადაადგილდებიან. შესასვლელთან ორმაგი კარის სისტემაა მოწყობილი, რაც უსაფრთხოების გარანტიაა, რომ ცნობისმოყვარე ცხოველები გარეთ შემთხვევით არ გავიდნენ.
ათენის ზოოპარკის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა დელფინარიუმს. წლების განმავლობაში აქ დელფინების მონაწილეობით საგანმანათლებლო პრეზენტაციები იმართებოდა. თუმცა, მოგვიანებით კანონმდებლობაში შესული ცვლილებების საფუძველზე, დელფინარიუმის საქმიანობის ლიცენზია გაუქმდა და შოუები შეწყდა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ზოოპარკმა დელფინების სხვა, უფრო შესაფერის და უსაფრთხო დაწესებულებებში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ათენის ზოოპარკი ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის (EAZA) წევრია, რაც ნიშნავს, რომ ის აქტიურად მონაწილეობს გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვისა და საერთაშორისო გამრავლების პროგრამებში.