აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ოპოზიციის ლიდერის შვილი ავტომატით დაჭრა
დაჭრა აფხაზეთში
სოხუმში ოპოზიციის ლიდერისა და პარლამენტის დეპუტატის, კან კვარჩიას ვაჟი მძიმედ დაჭრეს. მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ექვსი ტყვია ესროლეს. თავდამსხმელი, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ნოდიკ კვიცინია, პოლიციას თავად ჩაბარდა.
ინციდენტი 15 ნოემბერს, დღისით, სოხუმში, ერთ-ერთ კერძო სახლში მოხდა. არსებული ინფორმაციით, კან კვარჩიასა და ნოდიკ კვიცინიას ოჯახებს შორის ქონებასთან დაკავშირებულ კონფლიქტს განიხილავდნენ.
შეხვედრის დროს კვიცინია სახლიდან გავიდა და ჭიშკართან გაჩერებულ ავტომობილს მიაშურა. უკან კალაშნიკოვის ავტომატით დაბრუნდა და ახალგაზრდა ეფრემ კვარჩიას ცეცხლი გაუხსნა.
ახალგაზრდას ექვსი ტყვია მოხვდა. ის ამჟამად სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
სროლის შემდეგ ნოდიკ კვიცინია ავტომობილში ჩაჯდა და ქალაქის პოლიციის სამმართველოში ჩასაბარებლად გაემგზავრა.
ტელეგრამარხი „აიაშარა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საგამოძიებო ორგანოებისთვის მიცემულ ჩვენებაში კვიცინიამ აღიარა, რომ მისი მთავარი სამიზნე თავად კან კვარჩია იყო და არა მისი შვილი.
ნოდიკ კვიცინიას წარსული

ეს პირველი დანაშაული არ არის კვიცინიას კრიმინალურ ისტორიაში. 2016 წელს, როდესაც ის ჯერ კიდევ დეპუტატი იყო, რუსი ბიზნესმენისა და მისი თანმხლები ქალის გატაცებისა და მკვლელობის ორგანიზებისთვის 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, კვიცინიას სასჯელის სრული ვადა არ მოუხდია. 2023 წელს ის ამნისტიით გაათავისუფლეს აფხაზეთის ომში გამარჯვების 30 წლისთავთან დაკავშირებით, როგორც ომის ვეტერანი.
ნოდიკ კვიცინია აფხაზეთის პარლამენტის ისტორიაში ერთადერთი დეპუტატი არ არის, რომელსაც მკვლელობა უკავშირდება.
2024 წლის დეკემბერში, საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებს, ადგურ ხარაზიასა და კან კვარჩიას შორის დაპირისპირება მოხდა. კამათის დროს ხარაზიამ პისტოლეტი ამოიღო და სხდომათა დარბაზში კვარჩიას მიმართულებით მიზანმიმართულად ისროლა, რის შედეგადაც ის მძიმედ დაიჭრა. შემთხვევით ნასროლი ტყვია კი კიდევ ერთ დეპუტატს, ვახტანგ გოლანძიას მოხვდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
პარლამენტში მომხდარი სროლის საქმე კვლავ სასამართლოშია
ინციდენტიდან ექვსი თვის შემდეგ აფხაზეთში დააკავეს ყოფილი დეპუტატი, რომელმაც პარლამენტის შენობაში კოლეგებს ესროლა და ერთ-ერთი მათგანი მოკლა. სავარაუდოდ, ადგურ ხარაზია მთელი ამ დროის განმავლობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე იმალებოდა, შემდეგ კი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.
საქმეზე სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. ხარაზია, რომელსაც დეპუტატის ხელშეუხებლობა შეუჩერდა, ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
ამ შემაშფოთებელი ტენდენციისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2027 წლის მარტშია დაგეგმილი, სოციალურ ქსელებში მომხმარებლები ხუმრობით თუ სერიოზულად სთავაზობენ ხელისუფლებას, დეპუტატობის თითოეულ კანდიდატს ფსიქიკური მდგრადობის შესამოწმებლად სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდეს.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას