თბილისის ზოოპარკში რვა ლემური ბინადრობს. ჯულიანი, მორისი, ტვიგი, ვიქტორია და ვიქტორი , კიჭა, წარბა და ყველაზე პატარა-მაზეტო ვიზიტორების ყურადღებას განსაკუთრებული აქტიურობითა და დამთვალიერებლებთან სიახლოვით იპყრობენ.
მხიარული და ცნობისმოყვარე ლემურები ადამიანებთან სიახლოვეს არ ერიდებიან. ზოოპარკის თანამშრომელს კართან შეკრებილები ელოდებიან, საყვარელ ნუგბარს, ბანანს, მისი ხელიდან მიირთმევენ და არც მომვლელის მხრებზე შემოსკუპებაზე ამბობენ უარს.
ზოოპარკში კატისებრი, იგივე რგოლკუდა ლემურები ჰყავთ. მათი ერთადერთი ბუნებრივი სამშობლო კუნძული მადაგასკარია, სადაც ეს სახეობა დღეს გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე დგას ტყეების გაჩეხვის გამო. ამიტომ, ზოოპარკებში მათი მოვლა და გამრავლება ამ სახეობის გადასარჩენად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
კატისებრი ლემურების ამოცნობა გრძელი, შავ-თეთრი ზოლებით დაფარული კუდით არის შესაძლებელი. მათ კუდს ყოველთვის ზუსტად 13 შავი და 13 თეთრი ზოლი აქვს.
კუდი ლემურებისთვის კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი საშუალებაცაა. გადაადგილებისას მას მაღლა წევენ, რათა ჯგუფის წევრებმა ერთმანეთი არ დაკარგონ.
ლემურების კიდევ ერთი დამახასიათებელი ქცევა მზეზე ნებივრობაა. დილაობით ლემურები მიწაზე სხდებიან, კიდურებს განზე შლიან და მუცელს მზის სხივებს უშვერენ.
ამ ქცევით, რომელსაც ხშირად “მზის მედიტაციასაც” უწოდებენ, ისინი სხეულის ტემპერატურის დარეგულირებასა და გათბობას ახერხებენ.
ლემურების ყოველდღიურ ცხოვრებაზე ჩვენს ბლოგში ადრეც გიყვებოდით.
ზოოპარკის ტერიტორიაზე ცხოველების თვითნებურად გამოკვება მკაცრად აკრძალულია — ჩიფსები, კანფეტები და სხვა მსგავსი პროდუქტები მათ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
როგორც ზოოპარკის თანამშრომლები ამბობენ, თითოეულ ცხოველს ინდივიდუალური, დაბალანსებული რაციონი აქვს და მათთვის საჭირო საკვებს მხოლოდ მომვლელები უზრუნველყოფენ. ამიტომ ვიზიტორებს სთხოვენ, დაიცვან ეს წესი, არ შეაწუხონ ცხოველები და არ მისცენ მათ ზედმეტი საკვები.
თბილისის ზოოპარკს არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის 1927 წლის 10 თებერვალს, კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.
თავდაპირველად ზოოპარკი მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარზე იყო გაშენებული. წლების განმავლობაში დედაქალაქის განვითარებამ, მოგვიანებით კი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, ძველი ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა. დღესდღეობით მას 5 ჰექტარი უკავია. ზოოპარკს 1500-მდე ბინადარი ჰყავს. ყველა ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს.
ბლოგების ამ სერიით თბილისის ზოოპარკის ბინადრებს გაგაცნობთ. მოგიყვებით როგორია მათი ერთი, რუტინული დღე, როგორ ურთიერთობენ სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან, როგორი იცვლება მათი ქცევები ამინდის და სეზონების მიხედვით. აქ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ.