სამხრეთ კავკასიის მთავარი ამბები. ყოველდღიურად განახლებადი
-
ორშაბათი, 16 ნოემბერი, საქართველო
● დავით ფეიქრიშვილის ციხეში ცემის საქმეზე პროკურატურამ 13 ნოემბერს ბრალი შვიდ პირს წარუდგინა, მათ შორის სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს და №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას. ბრალდების ვერსიით, 16 ოქტომბერს ვატო ყიფიანის თხოვნით, პატარიძის მითითებითა და ფირცხალავას გადაწყვეტილებით ფეიქრიშვილის საკანში ვატო და შოთა ყიფიანები და ავთანდილ ბილანიშვილი შეასახლეს, რის შემდეგაც ხუთი პატიმარი მას 20 ოქტომბრამდე სცემდა.
14 ნოემბერს მოსამართლე ლევან გელოვანმა ვატო და შოთა ყიფიანებს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას პატიმრობა შეუფარდა, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა კი პატარიძესა და ფირცხალავას 10 000-10 000 ლარიანი გირაო. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებებს ეწინააღმდეგებოდა.
● ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა (ALDE) დუბლინში, 13-14 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ აქტივების გაყინვა და გადაადგილების შეზღუდვები დააწესონ. რეზოლუცია ასევე ითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შეწყვეტას. ALDE-ის წევრები არიან ქართული პარტიები „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.
● 14 ნოემბერს თბილისში 48-ე „შაბათის მარში“ გაიმართა, ავლაბრის მოედნიდან პარლამენტამდე. ორგანიზატორების განცხადებით, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ორი წლის თავზე, ისინი დიდ მარშს გეგმავენ, რის შემდეგაც ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები თითქმის ორი წელია გრძელდება.
● 13 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) აფრთხილებს საქარველოს, რომ შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ზრდამ და ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებამ შესაძლოა ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს.
● ფინანსთა სამინისტროს 13 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ფულადი გზავნილები წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 5.2%-ით, 123.7 მლნ დოლარით გაიზარდა და 2 513.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აშშ-დან გზავნილები 10.4%-ით გაიზარდა და 542.1 მლნ დოლარი შეადგინა, იტალიიდან კი 6.6%-ით, 477.5 მლნ დოლარამდე.
● 14 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პოლიტიკოსის, ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. საქმე 11 ნოემბერს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ნაცვლიშვილმა მიტროპოლიტ იობს შეაგინა. მანამდე იობმა ქადაგებაში ხელისუფლება ურწმუნოდ და არაეკლესიურად მოიხსენია. სასამართლო სხდომა 16 ნოემბერს ჩაინიშნა.
ფოტო: Zdenek Foukal

-
სამხრეთ კავკასიის მთავარი ამბები. მიმოხილვა 9-13 ნოემბერი, 2026