საქართველოში 70 წლამდე პირებისთვის პენსია 45 ლარით გაიზრდება და არა 20 ლარით
პენსიების ზრდა საქართველოში
საქართველოს მთავრობა პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიას არა დაგეგმილი 20 ლარით, არამედ 45 ლარით გაზრდის. პირველი იანვრიდან მათი პენსია 415 ლარი გახდება. ამავე დროს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მინისტრისთვის 12 000 ლარზე ნაკლები ხელფასის დანიშვნა მას კორუფციისკენ უბიძგებს.
საქართველოში, 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით ასაკობრივ პენსიას 905 ათასი ადამიანი იღებდა, საიდანაც 420 ათასი 70 წლამდე ასაკი იყო, 485 ათასი კი 70 წლისა და უფროს ასაკის.
2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით საპენსიო უზრუნველყოფაზე 5.6 მლრდ ლარამდე (5.570 მლრდ ლარი) იყო გამოყოფილი. დაანონსებული ცვლილება მას 128 მლნ-ით ₾5.7 მლრდ-მდე გაზრდის.
კანონის თანახმად, რიგითი დეპუტატის დასაბეგრი ხელფასი 1080 ლარით, 12 800-დან 13 880 ლარამდე უნდა გაიზარდოს. “ქართულ ოცნებას” შეუძლია ეს არ გააკეთოს.
კობახიძის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ინდექსაციის წესი პენსიის მხოლოდ 20 ლარით ზრდას ითვალისწინებდა, თუმცა მთავრობამ დამატებითი მატების გადაწყვეტილება მიიღო. ცვლილება არ ეხება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ პენსიონერებს, რომელთა საპენსიო დანამატებიც განსხვავებული წესით განისაზღვრება.
დღევანდელი გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტს დამატებით 128 მილიონი ლარი დაუჯდება.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ
მთავრობის მეთაურის თქმით, სოციალური მიმართულების ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის 33 პროცენტზე მეტს შეადგენს. მისივე მონაცემებით, 2026 წელს ასაკობრივ პენსიებზე ხუთ მილიარდ ლარზე მეტი, დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე კი 540 მილიონი ლარია გამოყოფილი. შედარებისთვის, კობახიძის განცხადებით, 2012 წელს პენსიებისთვის გამოყოფილი თანხა 1 მილიარდ 65 მილიონ ლარს შეადგენდა.
კობახიძემ განაცხადა, რომ სოციალური ხარჯების შემდგომი ზრდა ფისკალურ და მაკროეკონომიკურ რისკებს შეიცავს. მისი თქმით, სოციალური დანახარჯები უკვე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ რეკომენდებული დასაშვები ზღვრის ფარგლებშია და ამ ზღვრის გადალახვამ შესაძლოა ეკონომიკური ზრდა შეანელოს, ინფლაცია გააძლიეროს და საქართველოს საერთაშორისო დაფინანსებაზე უარყოფითად იმოქმედოს.
მიუხედავად ამისა, მან პირობა დადო, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა მომდევნო წლებშიც შეეცდება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით განსაზღვრული ინდექსაციის მიღმა გაზარდოს, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს დასაშვები ფისკალური ნორმების ფარგლებში უნდა მოხდეს.
პენსიების ზრდის შესახებ განცხადებასთან ერთად, კობახიძემ საჯარო მოხელეთა ანაზღაურების საკითხზეც ისაუბრა და მინისტრების ხელფასების სიმცირის შესაძლო კორუფციულ რისკებთან დაკავშირება სცადა.
„12 000-ზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ“, – განაცხადა მან და განმარტა, რომ მინისტრის ხელფასი, ახალი მაჩვენებლებით, ხელზე დაახლოებით 12 000 ლარია.
კობახიძის მტკიცებით, კერძო სექტორში მინისტრის პასუხისმგებლობისა და სამუშაოს შესაბამის პოზიციაზე ანაზღაურება შესაძლოა თვეში 50 000-დან 100 000 ლარამდე იყოს. მან უარყო მოსაზრება, რომ მინისტრისთვის 12 000 ლარის გადახდა მაღალი ანაზღაურებაა.
„მინისტრი რა საქმესაც აკეთებს და რა პასუხისმგებლობაც აქვს მინისტრს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით მინიმუმ 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ 12 000 ლარი მინისტრისთვის არის ბევრი, ნორმალურია ეს?! ხომ არ არის ბევრი“, – თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, თანამდებობის პირებისთვის სათანადო ხელფასის უზრუნველყოფა ანტიკორუფციული პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა. ამ კონტექსტში მან წინა ხელისუფლების პერიოდიც გაიხსენა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი საჯარო მოსამსახურეებს საკუთარი სახსრებით უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს, რასაც კობახიძე ანტიკორუფციულ ზომად აფასებს.
რა უჯდება საქართველოს ბიუჯეტს პენსიების ზრდა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, დეპუტატის ხელფასის 1080 ლარით ზრდა ბიუჯეტს 1-1.3 მლნ ლარი დაუჯდება, ასაკობრივი პენსიის 1 ლარით ზრდა კი 11 მლნ ლარი.
“ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტში დეპუტატის ხელფასის ზრდა გათვალისწინებული არ არის და რომც იყოს, ის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს მილიონზე ცოტა მეტით დაახლოებით 1.3 მლნ-ით გაზრდის, მაშინ როცა, პენსიის 10 ლარით ზრდას 111 მლნ სჭირდება და 1 ლარით ზრდას – 11 მლნ ლარი. ამ გარემოების გათვალისწინებით დეპუტატის ხელფასის მატება და პენსიონერის პენსიის ზრდა ერთმანეთთან კავშირში ვერ იქნება.” – თქვა კვიჟინაძემ.