SJC: საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
გაზიარება
გაზიარება
საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (SJC) საქართველოდანრუსეთში ექსტრადირებული პატიმრის, დმიტრი პუშკარევის მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთში პატიმრების ექსტრადირების პრაქტიკის განახლება ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელია.
დმიტრი პუშკარევი, რომელიც რუსეთში საქართველოს მიერ იქნა ექსტრადირებული, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმის შემდეგ მოკლეს. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, პუშკარევმა გაქცევის მცდელობისას ერთი თანამშრომელი მოკლა და სამი დაჭრა.
„დმიტრი პუშკარევის მკვლელობის ფაქტი თავისთავად არ იძლევა შესაძლებლობას დავასკვნათ, რომ საქართველოს მიერ მისი ექსტრადირება კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა იყო, მაგრამ მისი სიკვდილი კიდევ უფრო მწვავედ აყენებს კითხვას, რამდენად სრულყოფილად შეაფასეს საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა რუსეთში მის მიმართ მოსალოდნელი საფრთხეები, რა გარანტიები მიიღეს რუსეთისგან, არსებობდა თუ არა ამ გარანტიების შესრულების დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმი და ახორციელებდა თუ არა ქართული მხარე პირის მდგომარეობის შემდგომ კონტროლს“, – აცხადებს ორგანიზაცია.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ პირის გადაცემის შემდეგ გამოვლენილი ინფორმაცია შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს იმის შესაფასებლადაც, რამდენად საფუძვლიანი იყო სახელმწიფოს მიერ რისკის წინასწარი შეფასება.
SJC მიიჩნევს, რომ რუსეთში ექსტრადირების პრაქტიკის გაგრძელება, განსაკუთრებით სათანადო საჯარო დასაბუთების, მკაცრი ინდივიდუალური რისკის შეფასებისა და დამოუკიდებელი მონიტორინგის მოქმედი მექანიზმების გარეშე, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის რისკს ქმნის.
ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, რუსეთში პირთა ექსტრადირება დაუყოვნებლივ შეაჩერონ. მათი განცხადებით, ექსტრადირების პრაქტიკა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ რუსეთში არსებული ვითარება არსებითად არ შეიცვლება და ამ საკითხზე საერთაშორისო საზოგადოებაში კონსენსუსი არ იარსებებს.
ცენტრი ასევე გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, გაასაჯაროოს 2022 წლის 16 მარტის შემდეგ რუსეთის ფედერაციიდან მიღებული საექსტრადიციო მოთხოვნების, მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელებული ექსტრადიციების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია.
ამასთან, ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროსგან ითხოვს განმარტებას, რა სამართლებრივი საფუძვლით შეიცვალა „სუმბაევი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს წინაშე დაფიქსირებული მორატორიუმი.
„ასევე მიუთითონ, რა სახის ინდივიდუალური გარანტიები და შემდგომი მონიტორინგის მექანიზმები გამოიყენეს უკვე განხორციელებულ ექსტრადიციებთან დაკავშირებით“, — წერს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი.“