რუსეთში აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა „აგენტების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის დააჯარიმეს
ნიზფა არშბა დააჯარიმეს
ვლადიკავკაზის სასამართლომ (ჩრდილოეთ ოსეთი, რუსეთის ფედერაცია) აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა რუსეთში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის დარღვევისთვის დააჯარიმა. თუმცა, როგორც ირკვევა, მას ჯარიმის შესახებ არავინ შეატყობინა, ხოლო სასამართლოს შეტყობინება, სავარაუდოდ, რუსეთში მის საცხოვრებელ მისამართზე გაიგზავნა, მიუხედავად იმისა, რომ არშბას იქ არასოდეს უცხოვრია.
30 ათასი რუბლის, დაახლოებით 353 დოლარის ოდენობის ჯარიმა არშბას 2026 წლის 31 აგვისტოს დაეკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მან სოციალურ ქსელ Facebook-ში გაავრცელა მასალა, რომელსაც არ ახლდა მითითება, რომ ის უცხოელი აგენტის მიერ იყო შექმნილი ან გავრცელებული, ან უცხოელი აგენტის საქმიანობას ეხებოდა.

ჯარიმის შესახებ არშბამ შემთხვევით, ინტერნეტში ინფორმაციის ნახვის შემდეგ შეიტყო. ჟურნალისტის თქმით, ამის შესახებ მას ოფიციალურად არავინ დაკავშირებია.
ოპოზიციონერი ჟურნალისტი ნიზფა არშბა, Telegram-არხ „აიაშარას“ ავტორი, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოელი აგენტების რეესტრში 2025 წლის მარტში შეიყვანა – აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე.
მისი აფხაზი კოლეგის, იზიდა ჩანიასგან განსხვავებით, რომელიც ასევე მოხვდა სანქციების სიაში და აფხაზურ-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, არშბა მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეა. მას რუსეთში არასოდეს უცხოვრია და ამ ქვეყანასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს.
პროცედურის მიხედვით, რუსეთის მოქალაქე, მათ შორის უცხოელი აგენტების რეესტრში შეყვანილი პირიც, ჯარიმის შესახებ შეტყობინებას პორტალ „სახელმწიფო სერვისების“ პირად კაბინეტში იღებს. თუმცა ნიზფა არშბა არც რუსეთის მოქალაქეა და არც რეზიდენტი, შესაბამისად, პორტალზე რეგისტრირებული არ არის და ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინებასაც ვერ მიიღებდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ არშბა სასამართლო სხდომას არ დასწრებია და გამოუცხადებლობის მიზეზი არ განუმარტავს. ამასთან, სასამართლო ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, ასევე საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ არშბა ინფორმირებული იყო რუსეთის ფედერაციაში მისთვის ბოლო ცნობილ საცხოვრებელ მისამართზე გაგზავნილი წერილით.
„მაინტერესებს, ვინ და როგორ განმისაზღვრა საცხოვრებელ ადგილად ვლადიკავკაზი, თუ რუსეთში არასოდეს მიცხოვრია, რუსეთის მოქალაქეობა არასოდეს მიმიღია და არც რომელიმე უცხო სახელმწიფოს კანონების დაცვის ვალდებულება ამიღია?“ – წერს ნიზფა არშბა საკუთარ Telegram-არხზე.
ჟურნალისტი აცხადებს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
ნიზფა არშბა აქტიურად გამოდიოდა იმ კანონპროექტებისა და რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმებების წინააღმდეგ, რომლებიც, მისი შეფასებით, აფხაზეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. მათ შორის იყო გახმაურებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში აპარტამენტების აშენების, გაყიდვისა და შეძენის შესაძლებლობა უნდა მისცემოდათ.
მსგავსი პოზიციის გამო ორ აფხაზ პოლიტიკოსს, კან კვარჩიასა და ლეონ მიქაას, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს, ხოლო სამი ჟურნალისტი, მათ შორის ნიზფა არშბა, უცხოელი აგენტების რეესტრში შეიყვანეს.
აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის ეს „იარლიყი“, სხვა პრობლემებთან ერთად, ფაქტობრივად, გადაადგილების შეზღუდვას ნიშნავს. მათთვის საზღვარგარეთ წასვლის ყველაზე ხელმისაწვდომი მიმართულება რუსეთია და „დიდ სამყაროში“ მიმავალი გზაც სწორედ მასზე გადის. თუმცა „უცხოელ აგენტებად“ გამოცხადებული ადამიანები რუსეთში გამგზავრებას ერიდებიან.
„უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ნიზფა არშბას შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს. თავად აფხაზეთში კი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მას საფრთხე არ ემუქრება.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას