პატიმარი გიორგი დავითაძე ბადრაგებს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს: პენიტენციური სამსახური ბრალდებებს უარყოფს
გიორგი დავითაძის საქმე
პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში ბადრაგებმა მასზე სექსუალურად იძალადეს. მისი თქმით, შემთხვევა 2025 წლის 21 დეკემბერს, დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მოხდა, სადაც, როგორც თავად ამტკიცებს, მას ათი ადამიანი გაუსწორდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მომხდარის ამსახველ ვიდეოკადრებში ძალადობის ნიშნები არ იკვეთება. უწყებამ საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საკანში პატიმრის გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი ჩანაწერები გაასაჯაროვა.
რა მოხდა
დავითაძის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენების აუდიოჩანაწერი ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაავრცელა. პატიმრის თქმით, სავარაუდო ძალადობა სათვალთვალო კამერების ქვეშ მოხდა, თუმცა თანამშრომლები ისე იდგნენ, რომ მათი მოქმედებები კადრში სრულად არ გამოჩენილიყო.
„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს 10-მა კაცმა, ბადრაგი ესწრება და ჩანს კამერაში ყველაფერი“, – განაცხადა დავითაძემ სასამართლო სხდომაზე.
პატიმრის მტკიცებით, ექსპერტიზების ჩატარების მოთხოვნის შემდეგ მასზე ზეწოლა დაიწყო. მან სასამართლოს უთხრა, რომ თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, რადგან ვეღარ უძლებდა იმავე თანამშრომლებთან ყოფნას, რომლებსაც ძალადობაში ადანაშაულებს. დავითაძე ასევე ამტკიცებს, რომ დეესკალაციის საკანში მის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდნენ.
„კაცს ვუყვები, გამაუპატიურეს-მეთქი. თავს ხრის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი“, – თქვა მან და იკითხა, რატომ არ ისმოდა კამერების ჩანაწერებში ის სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომლის შესახებაც სასამართლოს მოუთხრო.
დავითაძემ მოსამართლეებს განუცხადა, რომ შიმშილობას დაიწყებდა, თუ შესაბამისი ბადრაგები პასუხისგებაში არ მიეცემოდნენ. მოსამართლეებმა უწყების წარმომადგენლებს ჰკითხეს, დაწყებული იყო თუ არა გამოძიება. პროკურატურამ დაადასტურა, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
რას ამბობს პენიტენციური სამსახური
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ დავითაძემ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას სავალდებულო შემოწმებაზე უარი თქვა და დაწესებულების თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. უწყების მტკიცებით, თანამშრომლებმა ამის შემდეგ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, პატიმარს შემოწმება იძულებით ჩაუტარეს, სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით.
„არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას დავითაძის მიმართ ადგილი არ ჰქონია“, – აცხადებს პენიტენციური სამსახური.
უწყების განმარტებით, ჩანაწერების აქამდე გასაჯაროებისგან თავს იკავებდნენ, რადგან საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა და არ სურდათ, მათი მოქმედება გამოძიებაზე ზეწოლის მცდელობად აღქმულიყო. სამსახურის განცხადებით, გადაწყვეტილება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და პატიმრის ოჯახის მხრიდან უწყების დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობის გათვალისწინებით მიიღეს.
პენიტენციური სამსახური ასევე აცხადებს, რომ 2026 წლის 3 მარტიდან დღემდე დავითაძის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაადგილების ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა დაარქივებულია. უწყების თქმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩანაწერების გადაცემა ყველა დაინტერესებული მხარისთვისაც შეუძლია.
რას ამბობს დავითაძის ოჯახი
დავითაძის დედა, ირმა დავითაძე, მომხდარის გამო არა მხოლოდ ბადრაგების, არამედ №6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, შოთა ტრაპაიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვს. მისი განცხადებით, ოჯახი არ აპირებს ბრძოლას შეწყვეტას, ვიდრე ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები არ დაისჯებიან. მან ცალკე ახსენა დაწესებულების თანამშრომელი გიორგი კვარაცხელია, რომელსაც, დედის მტკიცებით, პატიმრების მიმართ ძალადობასთან აკავშირებენ.
ირმა დავითაძის თქმით, ოჯახმა დაწესებულებაში წარსულში მომხდარი შესაძლო დარღვევების შესახებ მასალებიც მოიძია. პენიტენციური სამსახური კი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერები გამოძიებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ უკვე იყო დათვალიერებული და დანაშაულის ნიშნები არ გამოვლენილა.
გიორგი დავითაძე თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის შვილია. ავთანდილ დავითაძე საკრებულოში 2014 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ სიით შევიდა და ფრაქცია „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ წევრი იყო.