აფხაზეთში ადგილობრივმა მცხოვრებმა რუსი ტურისტის მკვლელობა აღიარა
რუსი ტურისტის მკვლელობა აფხაზეთში
აფხაზეთში ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომელსაც რუსი ტურისტის მკვლელობაში ედება ბრალი, დაკავების შემდეგ დანაშაული აღიარა. ასევე გაირკვა, რომ ედგარ აბუხბა მანამდე მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს გაუპატიურებისთვის.
აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსი მოქალაქის, ამინა ბიკბოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

26 წლის ამინა ბიკბოვა, რუსეთის ქალაქ ორენბურგის მცხოვრები, დასასვენებლად გაგრაში იმყოფებოდა, სადაც 25 წლის ადგილობრივ ხილის მოვაჭრეს, ედგარ აბუხბას შეხვდა.
გაცნობიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი ტელეფონით ერთმანეთს წერდნენ. შემდეგ, 24 სექტემბერს, ამინას მეგობრის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცმა გოგონა ყავაზე დაპატიჟა. ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს და ოჯახთან კავშირიც შეწყვიტა.
შეშფოთებულმა მშობლებმა ქალიშვილის გაუჩინარების შესახებ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს.
ერთი დღის შემდეგ სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსი ტურისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ეს ედგარ აბუხბა აღმოჩნდა.

თავდაპირველად აბუხბა ამინა ბიკბოვას გაუჩინარებაში მონაწილეობას უარყოფდა. მისი თქმით, მათ „ყავა დალიეს, ცოტა ხანში კი მას ბიჭმა მიაკითხა და წაიყვანა“.
თუმცა მოგვიანებით მან მკვლელობა აღიარა და სამართალდამცველებს უთხრა, სად დამალა ცხედარი.
აბუხბას ჩვენების თანახმად, ყავის დალევის შემდეგ მან გოგონა ნაქირავებ ბინაში წაიყვანა. იქ მათ სქესობრივი კავშირი ჰქონდათ, რის შემდეგაც მან ქალი გაგუდა. აბუხბა ცხედრის მდინარე ბზიფში გადაგდებას აპირებდა, თუმცა მისი მდინარემდე მიტანის ძალა აღარ ეყო და საბანში გახვეული ცხედარი მდინარის ნაპირზე დატოვა.
ედგარ აბუხბას მსგავსი დანაშაული უკვე ჩადენილი ჰქონდა
2019 წლის ივლისში მან სოხუმში რუსი ტურისტი მოტყუებით აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ყოფილ შენობაში შეიყვანა და განსაკუთრებული სისასტიკით გააუპატიურა. შემდეგ მისი მოკვლა გადაწყვიტა და აგურით თავში არაერთხელ დაარტყა. გოგონა სასწაულებრივად გადარჩა, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე შშმ პირად დარჩა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მაშინ მას 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ გაითვალისწინა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს აბუხბა 17 წლის იყო და არასრულწლოვნად ითვლებოდა.
ამის გამო სასჯელი შეუმსუბუქდა და თავდაპირველი 19-წლიანი ვადა 9 წლამდე შეუმცირდა.
2024 წლის 2 თებერვალს აბუხბა გათავისუფლდა.
ახლა, თუ რუსი მოქალაქის, ამინა ბიკბოვას მკვლელობაში აბუხბას ბრალი დამტკიცდება, მას შესაძლოა უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.
- რუსმა ტურისტებმა აფხაზეთში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ქვები დაუშინეს
- რუსი ტურისტი აფხაზეთში შიშველი ტორსის გამო დაჭრეს – რატომ ცდილობს ადგილობრივი ხელისუფლება საქმის მიჩქმალვას?
კომენტარი
სოხუმელმა ბლოგერმა რუსლან შაკოვმა კომენტარი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას: შეიძლებოდა თუ არა მკვლელობის თავიდან აცილება და შესაძლებელი იყო თუ არა აბუხბასთვის სექსუალური ხასიათის მძიმე დანაშაულის მეორედ ჩადენის შესაძლებლობის აღკვეთა?
„რაც უფრო ღრმად ვეცნობი ამინას ისტორიას, მით ნაკლები კითხვა მაქვს იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად „ვინ გაათავისუფლა ედგარ აბუხბა“ და მით მეტი იმაზე, თუ რა ხდებოდა მისი გათავისუფლების შემდეგ.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს: არ ყოფილა ერთი მოსამართლე, რომელმაც უბრალოდ აიღო და მას სასჯელი შეუმცირა.
აბუხბას რუსი ტურისტის გაუპატიურებისთვის, ძარცვისა და ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენებისთვის 9 წელი ჰქონდა მისჯილი. ამის შემდეგ საქმე სასამართლოს რამდენიმე ინსტანციამ განიხილა. აფხაზეთში სასჯელის აღსრულების თავისებურებების გამო, ის ფაქტობრივად 2024 წლის 2 თებერვალს გათავისუფლდა და პატიმრობაში დაახლოებით 4,5 წელი გაატარა.
თავად 9-წლიანი სასჯელი ფორმალურად არ შეუმცირებიათ. მაგრამ მთავარი კითხვა საერთოდ ეს არ არის.
რა ხდებოდა ამ ადამიანთან მას შემდეგ, რაც ის გათავისუფლდა?“
აფხაზეთში არსებობს კანონი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულ პირებზე ადმინისტრაციული ზედამხედველობის შესახებ. და სწორედ აქ მიჩნდება კითხვები.
აბუხბას გათავისუფლების შემდეგ გათვალისწინებული იყო თუ არა კონტროლისა და პრევენციის რაიმე ღონისძიებები? ვინ და როგორ უნდა შეაფასოს იმის რისკი, რომ ადამიანს, რომელსაც უკვე ჩადენილი აქვს ასეთი სასტიკი ძალადობრივი დანაშაული, შესაძლოა ეს კვლავ გაეკეთებინა?
არ ვამტკიცებ, რომ ადმინისტრაციული ზედამხედველობა აუცილებლად გადაარჩენდა ამინას. ამის ცოდნა არავის შეუძლია. მაგრამ თუ ასეთი დანაშაულის ჩამდენი ადამიანი საზოგადოებას უბრუნდება, შესაბამისი ზომები მისი გათავისუფლების დღეს არ უნდა დასრულდეს.
აუცილებელია უსაფრთხოების სფეროს სისტემური რეფორმა: სისხლის სამართლის კანონმდებლობის ცალკეული ნორმების გადახედვა, იარაღის ბრუნვაზე უფრო მკაცრი კონტროლი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერება – როგორც ადამიანური რესურსით, ისე ტექნიკური შესაძლებლობებით. […]
ცალკე მინდა შევეხო ამინას მიმართ გამოთქმულ კომენტარებს.
დიახ, შეიძლება ითქვას, რომ არ არის სასურველი სახლში წახვიდე ადამიანთან, რომელსაც თითქმის არ იცნობ. მაგრამ სარისკო გადაწყვეტილება ადამიანს საკუთარ მკვლელობაში დამნაშავედ არ აქცევს.
ამინას შესაძლოა არ სცოდნოდა, ვინ იყო მის წინ და რა წარსული ჰქონდა მას. ხელისუფლებამ კი ეს იცოდა.
ამასთან, არც იმ მცდელობებს ვეთანხმები, რომ ერთი ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაული მთლიანად აფხაზეთს მიეწეროს. ოჯახის მიმართვის შემდეგ სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი დაადგინეს, დააკავეს და გოგონას ცხედარი იპოვეს. გამოძიება გრძელდება.
მაგრამ მკვლელობის შემდეგ სამართალდამცველების კარგი მუშაობა მთავარ კითხვას ვერ აუქმებს: შეიძლებოდა თუ არა მანამდე რაიმეს გაკეთება?
და სწორედ აქ ვისურვებდი არა ერთი უწყების ან ერთი კონკრეტული ადამიანის დამნაშავედ გამოცხადებას, არამედ გულწრფელ განხილვას, რა უნდა შეიცვალოს კანონებსა და უსაფრთხოების მთელ სისტემაში, რათა მსგავსი ისტორიები აღარ განმეორდეს.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას