აფხაზეთში რუსი ტურისტები მოსამართლეს თავს დაესხნენ
აფხაზეთში რუსმა ტურისტებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ქვები დაუშინეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ აღიძრა და ისიც საზოგადოების ზეწოლის შედეგად.
ინციდენტი სოხუმში 20 სექტემბერს, საღამოს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის ორი მოქალაქე, იური ჩუდინი და სერგეი ბესონოვი ქუჩაში ადგილობრივ ქალს დაუპირისპირდა, მოკვლით დაემუქრა, შემდეგ კი ქვები დაუშინა.
ქალი თავის ტვინის დახურული ტრავმით, ქუთუთოს ჭრილობითა და ჰემატომით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაზარალებული აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე აღმოჩნდა, თუმცა არც საგამოძიებო უწყებები და არც მედია მის ვინაობას არ ასახელებენ. უცნობია კონფლიქტის მიზეზიც.
ინციდენტი შემთხვევათა ოფიციალურ ქრონიკაში მხოლოდ მას შემდეგ მოხვდა, რაც მომხდარიდან ერთი დღის შემდეგ ამის შესახებ Telegram-არხმა „აიაშარამ“ გაავრცელა ინფორმაცია. არხმა პუბლიკაციაში ხაზი გაუსვა იმას, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე არ იყო აღძრული, რასაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მხოლოდ ამის შემდეგ, 23 სექტემბერს, სოხუმის მილიციის საგამოძიებო განყოფილებამ მოსამართლეზე თავდასხმა სისხლის სამართლის დანაშაულად შეაფასა. თავდაპირველად უწყებამ ორი რუსი ტურისტის ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნია. ჩუდინმა და ბესონოვმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებაზე სამედიცინო შემოწმებაზე უარი თქვეს, რის გამოც სასამართლომ მათ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
საქმე შემდგომი გამოძიებისთვის მილიციიდან სოხუმის პროკურატურას გადაეცა. დადგენილებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი გამოხმაურებისა და დაზარალებულის სტატუსის გათვალისწინებით იქნა მიღებული.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას