თბილისის ბაღებში ათეულობით ბავშვის ინტოქსიკაციის საქმეზე გამოძიება დაიწყო
ბავშვebis ინტოქსიკაცია ბაღებში
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, თბილისის შვიდ საჯარო ბაღში, “ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით”, სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საჯარო ბაღებში ათეულობით ბავშვი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში გადაიყვანეს.
შემთხვევა დაადასტურა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ. სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვებს აღენიშნებოდათ ცხელება, ზოგიერთ შემთხვევაში კი გულისრევა და ღებინება. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, შვიდ საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
“თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, შვიდ საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას.
სააგენტო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, მათ შორის თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას” – ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ჩხრეკა ჩატარდა ოთხ ბაგა-ბაღსა და იმ სამ კომპანიაში, რომლებიც საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადებასა და რეალიზაციას ეხება, როდესაც ამას სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა მოჰყვა.
საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩატარდა. ჩხრეკაში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელმა და ერთმა მასწავლებელმა კლინიკებს მიმართა. თუმცა, შესაძლოა, ინტოქსიკაციის ნიშნების მქონე ბავშვებისა და აღმზრდელების რაოდენობა მეტი იყოს, რადგან ყველა მათგანს სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს.
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში კლინიკაში სხვადასხვა ბაგა-ბაღიდან 14 ბავშვი გადაიყვანეს. მათ აღენიშნებოდათ ღებინება და გასტროენტერიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
ჩხაიძის თქმით, არცერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის. რამდენიმე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დასტაბილურდა და დამაკმაყოფილებელია, თუმცა ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკაში კვლავ რჩებიან.
ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ბავშვების მდგომარეობის მიზეზი და უკავშირდება თუ არა შემთხვევები ბაღებში მიღებულ საკვებს. ექიმის განმარტებით, მხოლოდ კლინიკური კვლევებით გამომწვევი მიზეზის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია.
თბილისის საჯარო ბაღებში სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაყვანილ ბავშვებს გასტროენტერიტი აღენიშნებათ: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთება, რომლის სიმპტომებიც შეიძლება იყოს ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა და ცხელება.
„ძირითადი სიმპტომები არის გასტროენტერიტი – ღებინება, მუცლის ტკივილი. ეს შეიძლება ვირუსის სიმპტომიც იყოს და ინტოქსიკაციისაც. კონკრეტულად რაიმე ინტოქსიკაციას უკავშირდება თუ არა, ამის დასადგენად მოკვლევა დაწყებულია. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან და დაადგენენ. გასტროენტერიტით და ღებინებით მიმდინარე ბევრი ვირუსი და ბევრი ბაქტერია არსებობს. კონკრეტულად ამ შემთხვევაში გამომწვევი რა იყო, ამის იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ არის შესაძლებელი“, – განუცხადა “ნეტგაზეთს” იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, სოფო ცერცვაძემ
ბავშვების მშობლების ნაწილი ვარაუდობს, რომ ინტოქსიკაცია შესაძლოა ხორცის ან რძის პროდუქტებს უკავშირდებოდეს. მათი თქმით, ზოგიერთმა ბავშვმა სიმპტომების გამოვლენამდე ბაღში საქონლის ხორცისგან მომზადებული კატლეტი მიირთვა.
თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი პარტია „ლელოდან“, საბა ბუაძე აცხადებს, რომ საბავშვო ბაღებისთვის საკვების მიწოდება ტენდერში გამარჯვებული კომპანიების საშუალებით ხდება, ხოლო კერძები უშუალოდ ბაღებში მზადდება. მისი თქმით, 2024-2025 წლებში ამ მიმართულებით შესყიდვების სავარაუდო ღირებულებამ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ბუაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა უსაფრთხოების სტანდარტებით ხდება ბაღებში საკვების მომზადება და მიწოდება.
„საკრებულოში ამის გასარკვევად რამდენჯერმე დავიბარეთ კორუფციაში მხილებული თანამდებობის პირები, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხის არქონის გამო, კანონის დარღვევით, არ გამოცხადდნენ ჩვენი ფრაქციის სხდომაზე. ბოლო პერიოდში ბაღებში არსებული კვება გაუმჯობესებულია წინა წლებთან შედარებით, თუმცა ყველას გვახსოვს, როგორ აღიარა ბაღების ხარჯზე ფულის კეთება „ქართულმა ოცნებამ.“ – წერს ბუაძე.