ცხინვალი ე.წ. არჩევნებამდე: "ყველაფერი იმდენად მშვიდია, რომ მოსაწყენიც კია“
ცხინვალი არჩევნებამდე
18 სექტემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს.
თუმცა ამას „საარჩევნო რბოლა“ მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება ეწოდოს, რადგან თავიდანვე ცხადი იყო, ვინ ითვლებოდა უპირობო ფავორიტად: ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და პრემიერ-მინისტრი მარატ კამბოლოვი, რომელიც რუსეთიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2026 წლის მაისში ჩავიდა.
მაისიდან აგვისტომდე კამბოლოვმა, რომელმაც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მალევე მიიღო, გზა ალან გაგლოევის მრჩევლიდან პრემიერ-მინისტრამდე გაიარა. გაგლოევის გადადგომის შემდეგ ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, ცოტა ხანში კი საპრეზიდენტო კანდიდატადაც წარადგინეს.
კამბოლოვს ოპოზიციის დიდი ნაწილიც კი უჭერს მხარს, რომ აღარაფერი ვთქვათ კრემლის მხარდაჭერაზე.
სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები არჩევნების წინ რეგიონის მთავარ პრობლემებად უმუშევრობას, დაბალ ხელფასებსა და მოსახლეობის გადინებას ასახელებენ. კანდიდატები კი აქტიურ საარჩევნო კამპანიას თითქმის არ აწარმოებენ.
სამი სხვა კანდიდატი, კამბოლოვისგან განსხვავებით, სამხრეთ ოსეთის მკვიდრია. თუმცა მათი უპირატესობა ამით მთავრდება. ექსპერტების უმეტესობა მათ ტექნიკურ კანდიდატებად მიიჩნევს, ანუუ ადამიანებად, რომლებიც პრეზიდენტის პოსტისთვის სერიოზულ ბრძოლას არც კი ცდილობენ.
ესენი არიან:
- პარტია „ერთობის“ ლიდერი ზურაბ კოკოევი;
- დამოუკიდებელი კანდიდატი და სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ყაზბეკ კოდოევი;
- პარტია „ალანიის პატრიოტების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი მურატ ვალიევი.
სამივე მათგანს მოსახლეობასთან საარჩევნო კამპანია არ უწარმოებია. მათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის განვითარების საკუთარი ხედვა მხოლოდ პირდაპირ ეთერში გამართულ სატელევიზიო დებატებზე წარმოადგინეს.
არანაირი ექშენი
ამ მხრივ კამბოლოვი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. სამხრეთ ოსეთში გამოჩენიდან გასულ არასრულ ოთხ თვეში მან იმ პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარება დაიწყო, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა.
მაგალითად:
- გაამარტივა რუსეთის საზღვარზე, „ნიჟნი ზარამაგის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, დოკუმენტების შემოწმების დამღლელი და მრავალსაათიანი პროცესი;
- გადაანგარიშდა და გაიზარდა პენსიები;
- გაიზარდა ხელფასები სამხედრო მოსამსახურეთა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომელთა გარკვეული კატეგორიებისთვის;
- დაიწყო სოციალური სფეროსა და ჯანდაცვის პრობლემების მოგვარება.
ამ ყველაფერს ის არა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, არამედ თითქოს „უბრალოდ ასე“, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებისას აკეთებს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა სწორედ მისთვის ხმის მიცემას აპირებს.
ამგვარმა წინასწარმა გარკვეულობამ საარჩევნო გარემოზეც იმოქმედა. ადგილობრივი ექსპერტები და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული მოქალაქეები მას უბრალოდ „მშვიდს“ კი არა, „მოწყენილს“ უწოდებენ.
„ყველაფერი სტაბილურია. არ არის კონფლიქტები, ექსცესები, კომპრომატების ომი და მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება“, – ამბობს ცხინვალის ერთ-ერთი მცხოვრები და აღნიშნავს, რამდენად განსხვავდება ეს წინა არჩევნების პერიოდებისგან, რომელთაგან თითოეული ნამდვილი ბლოკბასტერი იყო.

კამბოლოვს კონკურენტიც კი უჭერს მხარს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა, საარჩევნო უბნები რუსეთშიც გაიხსნება: ოთხი ვლადიკავკაზში და ერთი – მოსკოვში.
წინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად ჩრდილოეთ ოსეთშიც არ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია. კამბოლოვის პორტრეტიანი ბანერი ვლადიკავკაზში მხოლოდ ერთ ადგილას, რეგიონული პარტიული ორგანიზაცია „სამართლიანი რუსეთის“ ოფისთან არის განთავსებული. პარტიის წარმომადგენლები კამბოლოვს მხარს უჭერენ.
ერთ-ერთი მათგანი, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატი ძამბოლატ თედეევი, ამავდროულად სამხრეთ ოსეთის პარტია „ალანიის პატრიოტების“ თავმჯდომარეცაა, სწორედ იმ პარტიის, რომელმაც საკუთარი კანდიდატი, მურატ ვალიევი წარადგინა.
თუმცა თედეევმა პირდაპირ განაცხადა, რომ მხარს კამბოლოვს უჭერს და ამომრჩეველს მისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდა. ახალგაზრდა პოლიტიკოსი ვალიევი კი, როგორც ჩანს, პრეზიდენტობის კანდიდატად უბრალოდ „ვარჯიშისთვის“ წარადგინეს.
სხვათა შორის, თავად ე.წ. სამხრეთ ოსეთში საარჩევნო ბანერები საერთოდ არ არის.
„საკადრო წმენდა“ უკვე დაიწყო
რა თქმა უნდა, არჩევნების დღეს სიურპრიზების სრულად გამორიცხვა შეუძლებელია. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აქამდე არაერთხელ „ხასიათს აჩვენებდა“ და კრემლის ფავორიტების ნაცვლად სხვა კანდიდატებს აძლევდა ხმას.
თუმცა, როგორც წესი, ამას კარგი შედეგი არ მოჰყოლია. არჩევნების შემდეგ ამომრჩევლებს არაერთხელ უწევდათ საკუთარი ემოციური გადაწყვეტილების გამო სინანული.
ბოლო ასეთი „შეცდომა“ უკვე ყოფილი პრეზიდენტი ალან გაგლოევი იყო, რომელიც 2022 წელს აირჩიეს. მისი პრეზიდენტობის პერიოდი სულ უფრო გაღრმავებული სოციალურ-პოლიტიკური კრიზისით, კრიმინალის ზრდითა და კორუფციული სკანდალებით გამოირჩეოდა.
უკმაყოფილება სულ უფრო იზრდებოდა მაშინ, როცა რუსეთისგან მიღებული კრედიტები უშედეგოდ იხარჯებოდა. საბოლოოდ, სწორედ ამ ვითარებამ განაპირობა ცხინვალში მარატ კამბოლოვის გამოჩენა: მოსკოვმა ის, როგორც ჩანს, ვითარების „დასალაგებლად“ გამოგზავნა.
გადადგომის შემდეგ გაგლოევი პერიოდულად ჩნდება ოფიციალურ ღონისძიებებზე და საკუთარ თანამოაზრეებზე, რომლებიც დღემდე საკვანძო თანამდებობებს იკავებენ, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას ცდილობს.
თუმცა, როგორც ჩანს, მათი თანამდებობებზე ყოფნა დიდხანს აღარ გაგრძელდება. კამბოლოვმა უკვე დაიწყო საკადრო ცვლილებები. პირველი გახმაურებული გადაწყვეტილება კგბ-ს ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, ალექსანდრ ტუაევის გათავისუფლება იყო. ტუაევს, სხვა საკითხებთან ერთად, საწვავ-საპოხი მასალებისა და სიგარეტის საქართველოში კონტრაბანდულად გადატანაში ადანაშაულებენ.
ახლა მხოლოდ იმის გამოცნობაა შესაძლებელი, რამდენად შორს წავა მარატ კამბოლოვი ამ „წმენდაში“, თუ ის ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-იურე ხელმძღვანელიც გახდება.
ადგილობრივ მცხოვრებლებს კი, ყოველ შემთხვევაში, იმედი აქვთ, რომ ის თანამდებობებიდან მაინც ყველაზე მეტად კორუმპირებულ და თავგასულ ჩინოვნიკებს ჩამოაშორებს.