საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი რუსეთის სამხედრო დანაყოფის მეთაური გახდა
ოთარ ფარცხალაძე უკრაინის ომში
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს და ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის სახელით არის ცნობილი, რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად შექმნილ საერთაშორისო დანაყოფს უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ 7 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS თავად ფარცხალაძეზე დაყრდნობით იუწყება.
TASS-ის ინფორმაციით, რუსეთში შეიქმნა მოხალისეთა საერთაშორისო დანაყოფი „გეორგიევსკი“, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის მხარეს მიიღებს მონაწილეობას. დანაყოფის მეთაური საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.

TASS ფარცხალაძეს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ვეტერანადაც“ მოიხსენიებს.
ფარცხალაძე სააგენტოსთან საუბარში დანაყოფის შექმნას მეორე მსოფლიო ომთან და რუსი და ქართველი ხალხების ურთიერთობასთან აკავშირებს.
„სწორედ რუსმა მიხაილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს 1945 წელს გამარჯვების დროშა რაიხსტაგის თავზე. ჩემი ყოველი მეოთხე თანამემამულე თავისუფლებისთვის იბრძოდა.
დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც მაშინ, მტრის დამარცხების სიმბოლოს კვლავ რუსი და ქართველი აღმართავენ.
ჩვენმა თანამოაზრეებმა და მხარდამჭერებმა, რომლებიც ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების გაერთიანებას, ასევე ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვას ემხრობიან, შექმნეს საერთაშორისო ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“, – ამბობს საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი TASS-თან.
ფარცხალაძის განმარტებით, დანაყოფის სახელწოდება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება. მისი შეფასებით, ამ ხელშეკრულებამ ქართველი ხალხის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
ფარცხალაძე TASS-ს ასევე ეუბნება, რომ ახალი დანაყოფის მთავარი ამოცანაა:
„ბოლომდე მიიყვანოს ბრძოლა იმ ბოროტებასთან, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს ემუქრება“.
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის თქმით, მან თავად მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის მხარეს ჩართულიყო ომში.
TASS-ის თანახმად, ფარცხალაძე აცხადებს, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების დღიდან თავის გუნდთან ერთად ეხმარება რუს სამხედროებს, ასევე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქების მოსახლეობას.
„დღეს, როდესაც რუსეთი დასავლეთის ზეწოლის წინააღმდეგ იბრძვის საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, მზად ვარ, სამშობლოს დავეხმარო ლიდერის მიერ დასახული ყველა მიზნის მიღწევაში“, – ციტირებს TASS ფარცხალაძეს.
ვინ არის ოთარ ფარცხალაძე
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლის ნოემბერში გახდა. ამ თანამდებობაზე მან მხოლოდ 47 დღე იმუშავა და 30 დეკემბერს გადადგა.
მის გადადგომას წინ უძღოდა სკანდალი გერმანიაში მისი ნასამართლეობის შესახებ.
ფარცხალაძემ ნასამართლეობის ფაქტი დაადასტურა, თუმცა ამბობდა, რომ საქმე ქურდობას კი არა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ეხებოდა.
მთავარი პროკურორის თანამდებობის დატოვების შემდეგ ფარცხალაძე ბიზნესში გადავიდა, თუმცა წლების განმავლობაში იგი ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებულ და გავლენიან პირად ითვლებოდა.
თავად ივანიშვილის თქმით, ფარცხალაძე მისი შვილის, ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარია. ბერა ივანიშვილი ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.
2017 წელს ფარცხალაძეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას ცემას ედავებოდნენ.
თორდია თავდასხმას აუდიტის სამსახურის მიერ თბილისის მერიასა და ფარცხალაძის კომპანიას შორის ურთიერთობების შესწავლას უკავშირებდა. 2021 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფარცხალაძე ძალადობის საქმეზე გაამართლა.
ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და ბოლო წლები რუსეთში ცხოვრობს.
მოგვიანებით მან გვარიც შეიცვალა და ფარცხალაძე-რომანოვის სახელით გახდა ცნობილი. JAMnews-ის მიერ მოპოვებული და სხვა ღია წყაროებით გავრცელებული მონაცემებით, მას რუსეთში ბიზნესინტერესებიც აქვს.
2023 წლის სექტემბერში აშშ-მ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური, FSB, ფარცხალაძესთან მუშაობდა, რათა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ მოეხდინა გავლენა.
ამერიკული მხარის ინფორმაციით, ფარცხალაძე თანამშრომლობდა FSB-ის ოფიცერ ალექსანდრ ონიშჩენკოსთან, რომელიც მას რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც დაეხმარა.
ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ქართულმა ბანკებმა თავდაპირველად მისი ანგარიშები გაყინეს. თუმცა „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან ამ გადაწყვეტილების კრიტიკის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესი შეცვალა და ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.
2023 წლის ოქტომბერში საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.
2025 წელს ფარცხალაძეს სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის.
ამჟამად ფარცხალაძე საქართველოში სისხლის სამართლის საქმეზეც არის ბრალდებული. 2025 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ იგი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად დაასახელა.
შსს-ს ვერსიით, ფარცხალაძე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო და სწორედ მან გასცა ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების დავალება.
ფარცხალაძეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
ახლა კი რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილე საერთაშორისო მოხალისეთა დანაყოფის მეთაურად წარადგენს.