ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან: სხვა გზა აღარ დამიტოვეს, იძულებული ვხდები, დავიწყო ბრძოლა
გაზიარება
გაზიარება
ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში აცხადებს, რომ მისი პატიმრობის მიზანი მისი პოლიტიკურად განადგურება იყო და ამბობს, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მან სამართლებრივ ბრძოლაზე უარი თქვა. ღარიბაშვილის თქმით, იძულებული გახადეს, დაიწყოს ბრძოლა.
ყოფილი პრემიერი წერს, რომ ივლისში მიიღო წერილი, რომელიც მას მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა. მისი თქმით, იმავე დღეს მან მდინარაძეს საკუთარი პოზიცია გააცნო და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებდა.
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რეგიონული განვითარების მინისტრის, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში „სრულ აბსურდს“ უწოდებენ.
“სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა”, – ციტირებს „რუსთავი 2“ მამუკა მდინარაძის პრესსამსახურის კომენტარს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა თავიდან ამერიდებინა“, – წერს ღარიბაშვილი.
მისივე განცხადებით, სწორედ ამის გამო მან სამართლებრივ ბრძოლაზე უარი თქვა და პროცესს ბოლომდე გაჰყვა, რათა, მისი თქმით, სახელმწიფოსა და „გუნდის“ ინტერესები არ დაეზიანებინა.
„სამწუხაროდ, სანაცვლოდ მივიღე დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა. საზოგადოებას ჩემგან არცერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი“, – აცხადებს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილის განცხადებით, მან წერილთან დაკავშირებით მდინარაძეს საკუთარი ხედვაც შესთავაზა, თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ მაინც არსებობდა „1%-იანი რისკი“, რომ ის მომავალში პოლიტიკაში დაბრუნდებოდა.
„ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემს მიერ მისი აღიარება“, – წერს ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, ეს მოთხოვნა მისთვის „წითელი ხაზი“ აღმოჩნდა და სწორედ ამან გადაადგმევინა „ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი“.
„შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“, – აცხადებს ყოფილი პრემიერი.
ღარიბაშვილმა ციხიდან პირველი განცხადება 17 აგვისტოს გაავრცელა. Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან დაწერა, რომ წერილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაუგზავნეს და განაცხადა, რომ „სხვა გზა არ დაუტოვეს“, რათა წინ არ აღდგომოდა მისივე შეფასებით „ღირსების შემლახავ ბოროტებას“.
„მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას!“ – წერდა ღარიბაშვილი.
მან ასევე განაცხადა, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას ეკისრებათ.
ღარიბაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ ამ დრომდე საჯაროდ დუმდა და პროცესს მოთმინებით შეხვდა, თუმცა ახლა, მისი თქმით, არსებული ვითარება მას ბრძოლის დაწყებას აიძულებს.