საქსტატი: უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოში 2025 წელს 1.9 მილიარდ დოლარს მიაღწია
გაზიარება
გაზიარება
უცხოური ინვესტიციები საქართველოში
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1.9 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 19.3 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა.
საქსტატმა გასული წლის მონაცემები დააზუსტა და ასევე გადაანგარიშა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები 2021 წლიდან. განახლებული მონაცემებით, 2025 წელს ინვესტიციების ზრდაში მთავარი წვლილი რეინვესტიციამ შეიტანა, რომლის წილიც მთლიან მოცულობაში 82.5 პროცენტი იყო.
საქართველოში ყველაზე დიდი ინვესტორი გაერთიანებული სამეფო იყო, რომელმაც წლის განმავლობაში 426.6 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მას აზერბაიჯანი და თურქეთი მოჰყვნენ.
სამი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 44 პროცენტზე მეტი შეადგინა.
ინვესტიციების ყველაზე დიდი ნაწილი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაზე მოდიოდა. სექტორში 633 მილიონ დოლარზე მეტი ჩაიდო. შემდეგ მოდიოდა უძრავი ქონება და ვაჭრობა.
საქსტატის მონაცემებით, ამ სამმა სექტორმა ერთად 2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნახევარზე მეტი შეადგინა.