230 AI გენერირებული ტროლი კობახიძის გზავნილის მოსაწონებლად - მითების დეტექტორის კვლევა
მითების დეტექტორის კვლევა
12 აგვისტოს, აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც ყურადღება საქართველოში „რუსოფობიის“ გაღვივებასა და ამ პროცესში ე.წ. „დიფ სთეითის“ როლზე გაამახვილა.
ბრიფინგის შემდეგ ხელისუფლების მხარდამჭერი გზავნილები სოციალურ ქსელებში აქტიურად გავრცელდა, მათ შორის სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული ვიზუალური მასალების სახით.
„მითების დეტექტორის“ კვლევის მიხედვით, ამ კამპანიის გავრცელებაში 230 ყალბი ანგარიში მონაწილეობდა. ორგანიზაციამ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მასალების მოწონებები და მათი გამავრცელებელი პროფილების ფოტოები და ქცევა შეისწავლა და დაადგინა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის ნიშნები, რომლებიც, კვლევის თანახმად, კონკრეტული სახელისუფლებო გზავნილების მხარდაჭერის გაზრდას ემსახურებოდა.
კვლევის მიხედვით, პროფილების ვიზუალები განსხვავებული სოციალური და დემოგრაფიული ჯგუფების იმიტაციას ქმნის, ზოგიერთი პროფილი კი დამაჯერებლობის გასაზრდელად ოჯახურ იდილიის ფოტოებს იყენებს.

- პროფილის ფოტოები ხელოვნური ინტელექტითაა (AI) გენერირებული .
„ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გამოსახულებების ამომცნობი ხელსაწყოს, Hive Moderation-ის თანახმად, 230-ვე პროფილის ფოტო 90%-ზე მეტი ალბათობით AI-გენერირებულია; რამდენიმე შემთხვევაში მაჩვენებელი 100%-საც აღწევს. ამასთან, AI-გენერირებული გამოსახულებებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მათ შორის ხელებისა და თითების არაბუნებრივი ფორმები და გარკვეული დეფორმაციები, ვიზუალური დაკვირვებითაც გამოვლინდა.
- ხდება ფოტოებისა და კომპოზიციის დუბლირება
ანგარიშების ნაწილი იყენებს იდენტურ ან ერთმანეთთან ძალიან მსგავს ფოტოებს, მათ შორის ერთსა და იმავე ფოტოს მცირე ცვლილებებით. სხვადასხვა ანგარიშის ვიზუალი ფოტოს გადაღების მანერასა და დეტალებს იმეორებს. გვხვდება თბილისის ფონზე, ყავის ან ღვინის ჭიქით, თავზე შემოდებული ხელით ან მსგავსი კომპოზიციით გადაღებული ერთგვაროვანი ესთეტიკის ფოტოები. ბუნებრიობის განცდის შესაქმნელად ვიზუალი გართობისა და დასვენების, სპორტული აქტივობების კადრებსაც ასახავს. რამდენიმე შემთხვევაში, სხვადასხვა ანგარიშს იდენტური სახელი და გვარი აქვს მითითებული.
- მხარდაჭერა ხელოვნურად შექმნილი სოციალური მრავალფეროვნების ხარჯზე ხდება
ქსელი სხვადასხვა ასაკის, გარეგნობისა და ინტერესის მქონე ადამიანების მხარდაჭერის შთაბეჭდილებას ქმნის: ახალგაზრდა და ასაკოვანი, კონსერვატიული და ალტერნატიული, რელიგიური, ოჯახური, სპორტული და დასვენებაზე ორიენტირებული პროფილებით.
- პროფილების სანდოობის გასაზრდელად AI გენერირებული ანგარიშები რეალურ სამუშაო ადგილებს და სასწავლებლებს უთითებენ
პროფილების უმეტესობას მითითებული აქვს სასწავლებელი და სამუშაო ადგილი, მათ შორის თბილსერვისი, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, საქართველოში არსებული სხვადასხვა სადაზღვევო კომპანია, კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები და მუნიციპალური სამსახურები.
- იკვეთება იდენტური ქცევა
ანგარიშების უმრავლესობას საქართველოს ქალაქებში გადმოსვლის პერიოდად 2026 წლის 20-24 ივლისი აქვს მითითებული, თუმცა ზოგ შემთხვევაში უფრო ადრე გენერირებული პროფილებიც გვხვდება.
- ერთსა და იმავე გზავნილზე კონცენტრირებული აქტივობა
საეჭვო ანგარიშების მოწონებები “გლობალური ომის პარტიის”, “დიპ სთეითის გეგმის” და “მეორე ფრონტის გახსნის შესახებ” მმართველი პარტიის თავმჯდომარის კონსპირაციული გზავნილების, ასევე “რუსუფობიის” შესახებ ნარატივის შემცველ პოსტებზეა კონცენტირებული, რაც ერთიანობაში მხარდაჭერის ხელოვნურად გაზრდის ნიშნებს ატარებს.
