"რუსული ანექსია უპასუხოდ არ დარჩება" - აგვისტოს ომის 18 წლისთავთან საელჩოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები
საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და დიდმა ბრიტანეთმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებით, 2008 წლის 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა.
მათივე შეფასებით, სწორედ ამ დღეს დაიწყო რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები, რასაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის კიდევ უფრო მძიმე დარღვევა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოჰყვა.
„რუსული აგრესიიდან 18 წლის შემდეგ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოთხი ქვეყანა მიესალმება ნაურუს გადაწყვეტილებას, რომელმაც ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება გაიწვია. განცხადების ავტორები იმ სახელმწიფოებსაც მოუწოდებენ, რომლებმაც ამ რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, ნაურუს მაგალითს მიჰყვნენ.
საფრანგეთი, გერმანია, იტალია და დიდი ბრიტანეთი ასევე გმობენ რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მათი განცხადებით, რუსეთის სამხედრო ყოფნა საერთაშორისო სამართალს და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არღვევს.
ოთხი ქვეყნის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე მილიტარიზაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ რეგიონულ და ევროპულ სტაბილურობას.
განცხადებაში ასევე საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.
ქვეყნები აღნიშნავენ, რომ 2025 წლის ოქტომბერში სასამართლომ რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებლად ცნო ოკუპირებულ რეგიონებში ჩადენილ არაერთ დარღვევაზე, მათ შორის ძალის გადამეტებაზე, არასათანადო მოპყრობაზე, უკანონო დაკავებებსა და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას შორის გადაადგილების უკანონო შეზღუდვაზე.
„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს ნაკისრი ვალდებულებები“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყებები შეშფოთებას გამოთქვამენ სამხრეთ ოსეთში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამოც.
მათი შეფასებით, 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმებული ე.წ. „ალიანსისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება“ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ უფრო არღვევს და საერთაშორისო სამართალთან შეუთავსებელია.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აღნიშნული შეთანხმება და რეგიონის ხელმძღვანელობაში რუსეთის მოქალაქის დანიშვნა აძლიერებს შეშფოთებას სამხრეთ ოსეთის შესაძლო სრულმასშტაბიან ანექსიასთან დაკავშირებით.
„ეს უპასუხოდ არ დარჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ოთხი ქვეყანა ასევე ადასტურებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მხარდაჭერას, რომელსაც ევროკავშირი, ეუთო და გაერო თანათავმჯდომარეობენ.
მათი განცხადებით, ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელიც მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხზე მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.
განცხადების ბოლოს საქმეთა სამინისტროები საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და აცხადებენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ მისიის როლის მხარდაჭერას.
______________________________________________
დღეს, 7 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა.
2008 წლის ომში ქართული მხრიდან 412 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ოსური მხრიდან – 365.
20 ათასი ეთნიკური ქართველი დევნილად იქცა.
საქართველომ დაკარგა კონტროლი სამხრეთ ოსეთის რეგიონის დამატებით 125 სოფელზე.
სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.