მოსაზრება: აფხაზური დიპლომატია უფრო მოქნილი, თუნდაც აგრესიული უნდა იყოს
ნაურუს მიერ აფხაზეთის აღიარების გაუქმებაზე
ნაურუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების ფონზე, ცნობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწე ახრა ბჟანია აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის დოქტრინაზე მსჯელობს.
ნაურუ პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოა წყნარ ოკეანეში, მიკრონეზიის რეგიონში. მან აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2009 წელს აღიარა, თუმცა 2026 წლის ივლისის ბოლოს ეს გადაწყვეტილება გააუქმა. შედეგად, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მქონე ქვეყნების რაოდენობა ოთხამდე შემცირდა. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნაურუს მიმართ „უპრეცედენტო ზეწოლა“ განხორციელდა.

ახრა ბჟანია: “მხოლოდ 2025-2026 წლებში ევროკავშირის საზღვრები დაახლოებით 230 000 არალეგალურმა იმიგრანტმა გადაკვეთა. ყველა მათგანი საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდ აღიარებული ქვეყნებიდან გაიქცა.
რატომ არ დარჩნენ ეს ადამიანები მაროკოში, მალიში ან ავღანეთში? როგორც ჩანს, იმიტომ, რომ გაეროს შტაბ-ბინის წინ დროშის ქონა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ შენს სახელმწიფოში ცხოვრობ – ქვეყანაში, სადაც შეგიძლია გავლენა მოახდინო სოციალურ პროცესებზე, სადაც შენი ხმა მნიშვნელოვანია და სადაც შენი ღირსება არასოდეს შეილახება.
აღიარებული ქვეყანა და ისეთი ქვეყანა, რომელშიც ღირს ცხოვრება და სიკვდილი, ორი განსხვავებული რამ არის.
შეგიძლია პირველს მიაღწიო, მაგრამ მეორეს – ვერასდროს. თუმცა, თუ მეორე უკვე გაქვს, მაშინ ყველაზე მთავარს მიაღწიე – ააშენე ქვეყანა, რომელიც მის მოქალაქეებს ეკუთვნის. სწორედ ეს არის თანამედროვე სახელმწიფო. სწორედ ეს ფაქტი უნდა ვაქციოთ აფხაზეთის საერთაშორისო საზოგადოებაში ინტეგრაციის მთავარ ინსტრუმენტად.
საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიოდ უნდა მივაწოდოთ გზავნილი, რომ სანქციების, იზოლაციისა და ომის საფრთხის მიუხედავად, აფხაზეთის მოქალაქეებმა შექმნეს კანონზე დაფუძნებული და თავისუფალი საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ საერთაშორისო ინსტიტუტების წევრები, ჩვენს სახელმწიფოებრივ პრაქტიკაში დანერგილი გვაქვს საერთაშორისო კონვენციების ფუნდამენტური დებულებები პირადი და პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შესახებ.
ჩვენ თავს გლობალური საზოგადოების ნაწილად მივიჩნევთ და სამართლიანად უნდა დავიკავოთ მასში ღირსეული ადგილი. ამის მისაღწევად, ჩვენი დიპლომატია უფრო მოქნილი, უფრო აქტიური და, საჭიროების შემთხვევაში, უფრო აგრესიულიც უნდა იყოს. ის არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ აღიარების აქტების მოლოდინსა და მათ შენარჩუნებაზე, არამედ ჩვენი სამართლებრივი შესაძლებლობების სრულყოფილ დემონსტრირებასა და საგარეო პოლიტიკური კონტაქტების გაფართოებაზე.
არავინ არის ვალდებული, ეს ჩვენთვის გააკეთოს. რუსეთმა, ჩვენი სუვერენიტეტის აღიარებით, ფაქტობრივად, აფხაზეთი საერთაშორისო სამართლის სუბიექტად აქცია, თუმცა ჩვენი პრობლემების გადაჭრას ჩვენ ნაცვლად ვერ შეძლებს.
ჩვენი მიზნების მისაღწევად უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი, რაც გაგვაჩნია: დიასპორის რესურსები, კულტურა, ვაჭრობა, სპორტი, პირადი კავშირები, მიგრაციის პოლიტიკა და რეგიონული ლოგისტიკა. ამ თამაშში ფსონები მუდმივად უნდა ავწიოთ.
დღეს ასეთი აქტიური პოლიტიკისთვის შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს. საიდუმლო არ არის, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები 1990-იანი წლების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ისინი, ვისაც თბილისი ანტიაფხაზური დღის წესრიგის გასატარებლად ეყრდნობოდა, საქართველოთი იმედგაცრუებულები არიან და ამ მომენტის გამოყენება შესაძლებელია. ეს მოიცავს ევროპის ქვეყნებთან აქტიური დიალოგის განახლებას, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს მიმდინარეობდა. უფრო მეტიც, იმედები, რომლებიც დასავლეთს საქართველოსთან, როგორც კავკასიაში თავისუფალი სამყაროს ბასტიონთან დაკავშირებით ჰქონდა, დიდწილად აფხაზეთში გამართლდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც თითქმის მთლიანად ჩვენი საგარეო პოლიტიკური საქმიანობის მიღმა რჩება, ჩერქეზული დიასპორაა. ოთხი მილიონი ადამიანი 50 ქვეყანაში, ეს ძლიერი რესურსია, რომელსაც ნამდვილად შეიძლება დავეყრდნოთ. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ პოლიტიკური თანამშრომლობის პერსპექტივა შევთავაზოთ.
აფხაზეთი, როგორც ამ ქვეეთნიკური ჯგუფის ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო, შეიძლება და უნდა გახდეს ჩერქეზული სამყაროს ცენტრი. ჩვენი ქვეყანა შეიძლება იქცეს წმინდა სახლად მთელი მსოფლიოს ჩერქეზებისთვის, ისევე, როგორც ისრაელი გახდა ყველა ებრაელისთვის. თუ ყველა ჩერქეზმა, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, იცის, რომ აფხაზეთში დაცვასა და საკუთარი ინტერესების მხარდაჭერას იპოვის, ეს ჩვენი საერთო ინტერესების წარმოსაჩენად ძლიერ საფუძველს შექმნის.
ეს, ალბათ, ხვალ არ მოხდება, რაც არ უნდა ვეცადოთ. თუმცა, უახლოეს მომავალში აუცილებლად მოხდება, თუ ეს ძალისხმევა თანმიმდევრული და სისტემატური იქნება.
2017 წელს, აფხაზეთის პარლამენტის სახელით, მქონდა პატივი, აფხაზეთში ნაურუს პარლამენტის დელეგაციისთვის მემასპინძლა. მშვენიერი, კეთილი ხალხი… სამწუხაროდ, ზღვაში გემები არა მხოლოდ ხვდებიან ერთმანეთს, არამედ ერთმანეთს შორდებიან კიდეც. დღეს ნაურუმ, როგორც ჩანს, აფხაზეთისგან დაშორების კურსი აირჩია, რადგან ეს უფრო უსაფრთხოდ მიაჩნია. წარმატებებს ვუსურვებ მათ. ჩვენ კი ჩვენს გზას გავაგრძელებთ.“
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას