25 ივლისს, შაბათს, თბილისში კვლავ ასობით ადამიანი შეიკრიბა ტრადიციულ “შაბათის მარშზე”, რომელიც შეცვლილი მარშრუტით გაიმართა.
რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო, აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ავლაბრის მეტროდან დაიწყეს და ქალაქის ცენტრში, მთავრობის ადმინისტრაციასთან დაასრულეს.
პროევროპული აქციებისას დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნის პარალელურად, დღევანდელი „შაბათის მარშის“ მთავარი გზავნილი იყო – „არა რუსულ ოკუპაციას“.
აქამდე მსვლელობა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზიდან იწყებოდა და თბილისის ცენტრალურ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სრულდებოდა.
რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირი გადაკეტა და ქუჩები გადათხარა. სარეაბილიტაციო სამუშაოები, მერიის გეგმის თანახმად, ნოემბრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში, “შაბათის მარშს” შეცვლილი მარშუტი ექნება – ავლაბრის მოედნიდან მთავრობის კანცელარიამდე.
ერთ წელზე მეტია საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ყოველ საღამოს იკრიბებიან ქვეყნის დედაქალაქში, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე პატარა ქალაქში.
აქციების მიმდინარეობისას ათობით ადამიანი დააკავეს. ბევრ მათგანს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს და პატიმრობა მიუსაჯეს. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, გვყავს 150-მდე სინდისის პატიმარი, მათ შორის ქალები. დაპატიმრებულია გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. მას ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე.
აქციის მონაწილეები ითხოვენ გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გაუქმდეს ყველა ის ანტიდემოკრატიული კანონი, რაც ბოლო ორ წელიწადში მიიღო “ქართულმა ოცნებამ”.
პროტესტის ჩასახშობად, “ქართული ოცნება” სულ უფრო ამკაცრებს რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ. თუმცა, უწყვეტი პროტესტი, სხვადასხვა ფორმით, დღემდე გრძელდება.