ადიგენში, სოფელ გომაროში, მეწყერი ჩამოწვა. განსაკუთრებით დაზარალდა ორი ოჯახი. ფოტო/ვიდეო
მეწყერი გომაროში
ადიგენში, მაღალმთიან სოფელ გომაროში, მეწყერი ჩამოწვა. მთიდან ჩამოტანილმა ქვა-ღორღმა ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დააზიანა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შემთხვევა 23 ივლისს, გვიან საღამოს მოხდა. მომხდარის შესახებ პირველი ფოტო და ვიდეო მასალა ადგილობრივმა გამოცემა TOK TV-მ გაავრცელა.
შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთნ ჩამოსულ მასალას, თითქმის სახლის ნახევარი სიმაღლე აქვს დაფარული.
მთლიანად ჩაფლულია ქვა-ღორღსა და შლამში სახლთან მდგარი “პიკაპის” ტიპის ავტომანქანა.
სახლის მეპატრონე გამოცემასთან ყვება, რომ ქვა-ღორღმა ფანჯრის სიმაღლემდე მიაღწია. წყლის ნაკადმა ფანჯარა შეანგრია და ოთახებშიც შევიდა.
“უცებ მოვარდა ნაკადი და ყველაფერი წაიღო. სახლში ყველაფერი დატბორილია. მაცივარი, გაზი, ყველაფერი დაზიანებულია“, – ამბობს ახალგაზრდა კაცი.
განსაკუთრებით დაზიანდა სირაძეების საცხოვრებელი. მისი მეპატრონეები ჟურნალისტს უყვებიან, რომ მათი სახლი ამ ტერიტორიაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა, გასულ წელსაც დააზიანა.
ადგილობრივები იხსენებენ, რომ გასულ წელს მეწყერი ასეთი მასშტაბური არ იყო. ახლა ტყიდან წყლისა და ქვა – ღორღის განსაკუთრებით დიდი მასა ჩამოვიდა. დაზიანდა უფრო მეტი სახლიც, ვიდრე გასულ წელს.
კიდევ ერთ ადგილობრივ გამოცემა “სამხრეთის კარიბჭესთან” ქალი ჰყვება, რომ შემთხვევის დროს ოჯახი სახლში არ იმყოფებოდა:
“მამაჩემი ავად არის და მის სანახავად ვიყავით ბათუმში. მეზობლებმა დამირეკეს, გასულ წელს რომ ჩამოვიდა, იმაზე მეტია ჩამოსული [მეწყერი] და ჩამოდითო. ჩამოვედი და დაგვხვდა ასე. “საქაჩები” მოიყვანეს ადიგენიდან და იმით ტუმბეს წყალი სახლებიდან, კედლები დახვრიტეს და ისე გამოიტანეს. მაცივარი, გაზი, ტექნიკა, დენზე შესაერთებელი, არაფერი აღარ დამრჩა. საწოლები, იატაკიც ამოყრილია. აღარაფერი აღარ არის”.
იგივე ქალი ამბობს, რომ ადიგენის მერიაში განუცხადეს, რომ სოფელ გომაროს პრობლემის მოგვარებას დრო სჭირდება. ჯერ მდგომარეობა თბილისიდან ჩასულმა გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ. შემდეგ კი “მილიონებით თანხა დაჯდება ხიდებისა და ჯებირების გაკეთება”.
“მაგ ხიდებს და ჯებირებს რომ ვუცადოთ, აგერ, ჩვენ კი დავზიანდით. გახდა უკვე წელიწადი, რაც ველოდებით”,- ამბობს ახალაგაზრდა ქალი.
სოფელ გომაროში მძიმე ტექნიკა გუშინ ღამევე შეიყვანეს და ტერიტორიის ნაწილი გაწმინდეს. გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღესაც გძელდება.




ადიგენის მერია აცხადებს, რომ წვიმამ სამ სოფელს შეუქმნა პრობლემები
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოფიციალური ინფორმაცია სტიქიიდან მეორე დღეს, შუადღეს გაავრცელა.
განცხადების თანახმად, ადიგენში მოსულმა ძლიერმა წვიმამ სამ სოფელს შეუქმნა პრობლემები – სოფელ გომაროს, ქვემო ენთელსა და შოყას.
მერიის ინფორმაციით, სოფელ გომაროში მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა ორი საცხოვრებელი სახლი, ქვა-ღორღის მასაში მოექცა ავტომობილი. სოფელ ქვემო ენთელში დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხოლო სოფელ შოყაში საგზაო ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
“ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ გომაროში ხევი კალაპოტს დაუბრუნდა, ხოლო სოფელ შოყაში გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. პარალელურად, მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია ზარალის ოდენობის დასადგენად მუშაობას აგრძელებს“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მეწყერი გომაროში