აფხაზეთში საზოგადოებრივი სკანდალი ატყდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა ბიზნესმენმა მიიტაცა და გაანადგურა ზღვის სანაპიროზე მდებარე უნიკალური აგარაკები, რომლებიც აფხაზური ლიტერატურის პატრიარქს, დიმიტრი გულიას, და საბჭოთა ლიტერატურის კლასიკოსს, კონსტანტინე სიმონოვს ეკუთვნოდა.
ამ ორი ცნობილი მწერლის აგარაკები აგუძერის დასახლებაში მდებარეობდა. სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, ზღვისპირა მიწის ნაკვეთის მფლობელმა საკუთარი საკუთრების გაფართოება მწერლების აგარაკების ხარჯზე გადაწყვიტა.
მან შენობები დაანგრია, ხოლო ტერიტორია მთლიანად ბულდოზერით გაასწორა.
აგარაკი 1957 წელს ცნობილმა საბჭოთა მწერალმა გიორგი გულიამ მამისთვის – აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის, დიმიტრი გულიასთვის ააშენა.
პატრიარქის შვილიშვილის, ტატიანა გულიას თქმით, იმ დროისთვის დიმიტრი გულია უკვე ხანდაზმული იყო და ავადმყოფობდა. ექიმებმა ურჩიეს, რომ ზღვის სანაპიროზე ეცხოვრა.
სწორედ ამ ერთსართულიან სახლში, ვერანდითა და სამი ოთახით, გაატარა მან სიცოცხლის ბოლო სამი წელი. დიმიტრი გულია აქვე გარდაიცვალა კიდეც.
აგუძერა, აფხაზეთი, მწერალ გიორგი გულიას ოჯახი და სტუმრები მის აგარაკზე. 1970-იანი წლები. ფოტო გულიას სახლ-მუზეუმის ინსტაგრამიდან
საზოგადოებრივი რეზონანსის შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ „მოხდა შეცდომა და ტერიტორიის მიტაცების საფრთხე არ არსებობს“.
გულიას მეზობლად კიდევ ერთი ცნობილი საბჭოთა მწერლის – კონსტანტინე სიმონოვის აგარაკი იყო. სიმონოვი გიორგი გულიას მეგობარი იყო . 1979 წელს, გარდაცვალების შემდეგ, თავისი აგარაკი გულიების ოჯახს უანდერძა.
1992–1993 წლების ომის დროს, მწერლების აგარაკები გაძარცვეს და ნაწილობრივ დააზიანეს. ომის შემდეგ ორივე შენობის მოვლა-პატრონობაზე დიმიტრი გულიას მუზეუმის თანამშრომლები ზრუნავდნენ.
ნაკვეთის მიტაცების ფაქტი ტატიანა გულიამ გულრიფშში, ბებიას სასაფლაოზე ყოფნისას აღმოაჩინა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:
„დავინახეთ, რომ ჩვენს ნაკვეთზე რაღაც ტრაქტორი მოძრაობდა. ყველაფერს მიწასთან ასწორებდა. მიუხედავად იმისა, რომ იქ იყო დიმიტრი გულიას მუზეუმის მიერ დამონტაჟებული მემორიალური დაფა“.
საზოგადოებრივი რეზონანსის შემდეგ გულიების ოჯახს აგუძერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ასლან ანქვაბი დაუკავშირდა.
მან ოჯახს უთხრა, რომ ყველა დოკუმენტი გადაამოწმეს და ნაკვეთიც და სახლიც კვლავ გულიების საკუთრებაშია.
„სახლის ნარჩენები განადგურებულია, თუმცა თავად ნაკვეთი შენარჩუნებულია. ხელისუფლებამ მომხდარს გაუგებრობა უწოდა“, – დაწერა მოგვიანებით ტატიანა გულიამ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა რედაქციიის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. რედაქცია იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო