საია-მ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო
გაზიარება
გაზიარება
გიორგი ანწუხელიძე და სხვა ქართველი სამხედროები
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილ საქმეში, რომელიც გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების უფლებების დარღვევას ეხებოდა, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სასარგებლოდ გადაწყვეტილება გამოიტანა.
ორგანიზაციის თავმჯდომარის, თამარ ონიანის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამხედრო პირების ინდივიდუალურ საქმეებში დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია სიცოცხლის უფლება როგორც მატერიალურ, ისე პროცედურულ ნაწილში.
მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ 2021 წელს სახელმწიფოთაშორის საქმეში – Georgia v. Russia (II) – სასამართლომ მხოლოდ პროცედურული დარღვევა დაადგინა. ონიანის განცხადებით, ახალი განჩინება იმ იშვიათ შემთხვევებს შორისაა, როცა სტრასბურგმა ინდივიდუალურ საქმეებში სამხედრო ტყვეებთან მიმართებით რუსეთის იურისდიქციის საკითხი განიხილა და თავი არ აარიდა ომის კონტექსტში პასუხისმგებლობის შეფასებას.
საიას ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელია გიორგი ანწუხელიძის, კახაბერ ხუბულურისა და უშანგი სოფრომაძის მკვლელობაზე, ასევე გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა კუთაშვილის, მალხაზ მელაძისა და კახაბერ ზირაქაშვილის წამებაზე.
ორგანიზაცია ასევე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, რუსეთს არც ერთი ამ საქმის ეფექტიანი გამოძიება არ ჩაუტარებია.
საქმეები ევროპულ სასამართლოში 2009 და 2010 წლებში გაიგზავნა. როგორც თამარ ონიანი წერს, მათზე თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე, საიას არაერთმა თაობამ იმუშავა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ კონკრეტული ოჯახებისთვის ან კონკრეტული საქმეებისთვის არ არის მნიშვნელოვანი, ის საქართველოსთვის პრინციპული მნიშვნელობის საკითხს ეხება: ომის დროს ჩადენილი დანაშაულების სამართლებრივ შეფასებას, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დადგენას და იმ სიმართლის დადასტურებას, რომელსაც ქართული საზოგადოება წლებია იცნობს.