რუსეთის მოქალაქე, რომელსაც აშშ სანქციების გვერდის ავლას ედავება, საქართველოში დააკავეს
გაზიარება
გაზიარება
რუსეთის მოქალაქე საქართველოში დააკავეს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებული და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ ძებნილი პირი რუსეთის მოქალაქე ტატიანა კურაშკევიჩია. მისი ადვოკატის, ბექა ნემსიწვერაძის განცხადებით, კურაშკევიჩი საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოვიდა და არ იცოდა, რომ საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა.
ნემსიწვერაძემ გამოცემა “ტაბულასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარე კურაშკევიჩს სანქციების გვერდის ავლით თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების რუსეთში ექსპორტს ედავება. მისივე თქმით, დაკავებული ბრალდებებს უარყოფს. შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შემთხვევაში მას 70-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტატიანა კურაშკევიჩს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატის განმარტებით, საქართველოს სასამართლოში არ განიხილება ბრალდებების არსი და ის, ჩაიდინა თუ არა კურაშკევიჩმა დანაშაული. პროცესი მხოლოდ ექსტრადირების საკითხს ეხება – უნდა გადაეცეს თუ არა ის ამერიკის შეერთებულ შტატებს.
„საქართველოში არაფერს არ ედავებიან. ამერიკაში აქვთ ბრალდებები წაყენებული სანქციების სიაში არსებული პროდუქციის იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებით. აქ უბრალოდ ჩამოვიდა ტურისტული მიზნით, აღმოჩნდა, რომ ინტერპოლით იძებნებოდა, დააკავეს და დაიწყება ექსტრადირების პროცედურები. ჩვენი საქმე აქ მხოლოდ ის არის, გადაეცემა თუ არა ამერიკას“, – განაცხადა ნემსიწვერაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე აშშ-დან საქართველოსთვის გადმოცემული მასალები შეზღუდულია, თუმცა ექსტრადირების პროცესის დაწყების შემდეგ დამატებითი დოკუმენტაცია იქნება წარმოდგენილი.
დაკავებას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ევა მერკაჩევა. მისი განცხადებით, კურაშკევიჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი და საერთაშორისო ვაჭრობის სფეროს სპეციალისტია. მერკაჩევას თქმით, სანქციების გვერდის ავლასა და სხვა ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო კურაშკევიჩს აშშ-ში, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, 70 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივნისს განაცხადა, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში და FBI-სთან კოორდინაციით, დააკავეს პირი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ბრალდებით იმყოფებოდა.