საია-ს კვლევა: 2024 წლიდან მიღებული კანონები ფუნდამენტურ უფლებებზე გავლენას ახდენს
საია-ს კვლევა
ქვეყანაში 2024 წლიდან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაციასა და კრიტიკული ხმების შეზღუდვას ემსახურება – ასეთ დასკვნამდე მივიდა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) ახალ კვლევაში, რომელიც საქართველოში “პერსონიფიცირებული კანონშემოქმედების“ პრაქტიკას მიმოიხილავს.
ორგანიზაციის განმარტებით, პერსონიფიცირებული კანონმდებლობა ისეთი სამართლებრივი აქტების მიღებას გულისხმობს, რომლებიც მმართველი ელიტების ინტერესებს ემსახურება და გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ან ძალაუფლების გასამყარებლად.
კვლევის თანახმად, სწორედ ამ ტენდენციის ფარგლებში, 2024 წლიდან პარლამენტმა არაერთი საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, მათ შორის ბევრი დაჩქარებული წესით და ფართო საჯარო განხილვის გარეშე.
საიას მონაცემებით, 2024 წლის 3 აპრილიდან 2026 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში პარლამენტში დაჩქარებული წესით ინიციირდა და მიღებულ იქნა 304 კანონი. მათი ნაწილი საკანონმდებლო პაკეტების სახით იყო წარმოდგენილი, ნაწილი კი ცალკეული ცვლილებების სახით. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ პროცესს ხშირად აკლდა სათანადო განხილვა და დემოკრატიული დებატი.
კვლევის მიხედვით, მიღებული ცვლილებების ნაწილი ზღუდავს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორებიცაა შეკრების, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება, მედიის დამოუკიდებლობა და საჯარო მოსამსახურეთა უფლებები.
დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2024 წლის მაისში მიღებულ ე.წ. “რუსულ კანონს“, რომელიც, საიას შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციას ისახავდა მიზნად. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კანონი მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისა და მათი ძალადობრივი დაშლის ფონზე მიიღეს.
კვლევის თანახმად, 2025 წელს მიღებულმა ე.წ. FARA-მ და შემდგომ წლებში “გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გაართულა სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა და შექმნა სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც სამოქალაქო აქტივობის ფაქტობრივი კრიმინალიზაციის რისკს აჩენს.
საია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე. ორგანიზაციის შეფასებით, ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ სისტემური წამების შემთხვევების ფონზე, რეპრესიული კანონშემოქმედება კიდევ უფრო გააქტიურდა.
კვლევის მიხედვით, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, “სისხლის სამართლის კოდექსსა“ და “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად მკვეთრად გაიზარდა საპროტესტო აქტივობებთან დაკავშირებული სანქციები და გაჩნდა ახალი სამართალდარღვევები, რომლებიც უშუალოდ საპროტესტო გამოხატვას უკავშირდება.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არსებული სამართლებრივი ჩარჩო პრაქტიკაში შეკრების თავისუფლების კრიმინალიზაციის საფრთხეს ქმნის. კვლევის მიხედვით, მოქმედი წესები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებას აწესებს, რომელიც შინაარსობრივად ნებართვის მიღების მექანიზმს უახლოვდება, რადგან უწყებას შესაძლებლობა ეძლევა შეცვალოს შეკრების დრო, ადგილი და მარშრუტი, ასევე მიიღოს გადაწყვეტილება გზის გახსნისა და მოძრაობის აღდგენის შესახებ. ამ მოთხოვნების დარღვევა ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, განმეორებითი ქმედება კი შესაძლოა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობად იქცეს.
კვლევა ასევე გამოყოფს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს. ორგანიზაციის შეფასებით, შეიზღუდა მაუწყებლების მიერ უცხოური დაფინანსების მიღების შესაძლებლობა, გაჩნდა ბუნდოვანი მოთხოვნები მიუკერძოებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესებზე კი პრაქტიკულად აიკრძალა ფოტო-ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა.
საიას შეფასებით, პრობლემურია ასევე საჯარო თანამდებობის პირებისა და სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფის ამკრძალავი ნორმის შემოღება, რომელიც, ორგანიზაციის აზრით, თვითნებური გამოყენებისა და კრიტიკული გამოხატვის შემზღუდავი ეფექტის რისკს შეიცავს.
კვლევის თანახმად, პერსონიფიცირებული კანონშემოქმედების ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა. მარტში მიღებული ცვლილებებით კიდევ უფრო გამკაცრდა სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივობის რეგულირება, მათ შორის გრანტებთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრების, ახალი სისხლისსამართლებრივი ნორმების შემოღებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის პოლიტიკური პარტიების წევრობის ფაქტობრივი შეზღუდვის გზით.
ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები მხოლოდ შეკრების, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებს არ ეხება. მათი გავლენა ვრცელდება პოლიტიკურ პლურალიზმზე, აკადემიურ თავისუფლებაზე, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაზე, საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობის გარანტიებზე, ლგბტქი ადამიანების უფლებებსა და უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების სამართლებრივ მდგომარეობაზე.