"ასეთი აბსურდი არ მინახავს“ — ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულები ბრალს უარყოფენ
ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულები, გულბაათ რცხილაძე და ირაკლი ჩიხლაძე ბრალს არ აღიარებენ. მათი ადვოკატების განცხადებით, წარმოდგენილი მასალები ბრალდებებს არ ადასტურებს, ხოლო ორივე საქმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელია და მათ შორის კავშირი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ გამოძიება ერთი და იმავე მუხლით მიმდინარეობს.
რცხილაძე დაკავებას “რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს“ საქმიანობას უკავშირებს
გულბაათ რცხილაძეს ბრალი 31 მაისს წარუდგინეს. მისი ადვოკატის განცხადებით, ამ ეტაპზე არ შეუძლია დაადასტუროს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებიან, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საქმე სწორედ ამ მიმართულებას ეხებოდეს.
ადვოკატის თქმით, რცხილაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი საქმიანობა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ისახავდა მიზნად.
მისივე განმარტებით, რცხილაძე საკუთარ დაკავებას “რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს“ შექმნასა და ბოლო პერიოდში გააქტიურებულ საჯარო საქმიანობას უკავშირებს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა თემის საჯაროდ განხილვამ შესაძლოა გარკვეული თანამდებობის პირების უკმაყოფილება გამოიწვია.
ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ შეუძლია დაასახელოს მეორე ქვეყანა, რომლის სასარგებლოდ ჯაშუშობასაც, სავარაუდოდ, რცხილაძეს ედავებიან.
ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატი ბრალდებას “აბსურდულს“ უწოდებს
ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის დატოვების შემდეგ, განაცხადა, რომ ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქმის მასალებს სრულად გაეცნენ და ბრალდების საფუძვლებს ვერ ხედავენ.
მისი თქმით, ჩიხლაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და წარმოდგენილ მასალებში არ იკვეთება რაიმე კავშირი ჯაშუშურ საქმიანობასთან ან საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან.

“არანაირი მსგავსი ტიპის ინფორმაცია არ არის საქმეში წარმოდგენილი, რითაც შეიძლება, რომ ადამიანს ჯაშუშობა დააბრალო და შენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ რაღაც ნაბიჯების გადადგმა დააბრალო – ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. იმიტომ რომ მსგავსი ტიპის სტანდარტის მტკიცებულებებით შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს დასდონ ბრალი, გამოვიდნენ ასე და თქვან, რომ ის არის ჯაშუში და შემდგომ ხელი მოვაწეროთ იმაზე, რომ ჩვენ გაუთქმელობა გვაქვს და ვერავინ ვერაფერს ვერ ვსაუბრობთ და თავს ვერ ვიცავთ რეალურად, საზოგადოების წინაშე, თორემ სასამართლო პროცესები დახურული იქნება და ვერავინ ვერ გაიგებს რეალურად რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოახდინა ბრალდება ირაკლის წინააღმდეგ.
მე საერთოდ ჩვენი ქვეყნის სახელიც კი ვერ ამოვიკითხე იმ ინფორმაციაში, რა ინფორმაციაც საქმეში არის წარმოდგენილი, არამცთუ რაღაც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ რაღაც ნაბიჯები გადადგმული ირაკლის მხრიდან. საერთოდ არაფერ შუაში არ არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ბრალთან, რასაც ახლა ედავება”, – განაცხადა ადვოკატმა მედიასთან.
გელხაურის თქმით, ირაკლი ჩიხლაძის საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს ასევე ჯაშუშობის ბრლადებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძის საქმესთან და აღნიშნულ ორ საქმეს მხოლოდ მუხლი აკავშირებს.
“ერთადერთი, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ რაიმე სახის სპეკულაციები არ მოჰყვეს, იმავე დღეს დააკავეს კიდევ გულბაათ რცხილაძე – საერთოდ არანაირი შემხებლობა არ აქვთ. ეს არის ორი დამოუკიდებელი, ავტონომიური საქმე და ერთმანეთთან ამ საქმეებს არანაირი კავშირი არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ ერთი კვალიფიკაციით და ერთი მუხლით არის ეს გამოძიება დაწყებული. ის არის ავტონომიურად სხვა საქმე და ეს არის საერთოდ სხვა საქმე”, – განაცხადა გელხაურმა.
ადვოკატის თქმით, მას და მის დაცვის ქვეშ მყოფს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც ვერ ასახელებს იმ ქვეყანას, რომლის სასარგებლოდ ჯაშუშობასაც ჩიხლაძეს ედავებიან.
კონტექსტი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი, ირაკლი ჩიხლაძე და გულბაათ რცხილაძე გუშინ, 30 მაისს დააკავა. უწყების ცნობით, ორივე საქმეზე გამოძიება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას უკავშირდება.
სუს-ის განცხადებით, დაკავებულები წლების განმავლობაში მოქმედებდნენ კონსპირაციული მეთოდებით, იყენებდნენ დაშიფრულ კომუნიკაციას და უცხო ქვეყნების წარმომადგენლებთან სისტემატურ კავშირს ინარჩუნებდნენ.
ორივე საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.