ვიდეოს გავრცელების შემდეგ, გორში პოლიციელების მიერ ძალადობის საქმეზე ექვსი პირი დააკავეს
გაზიარება
გაზიარება
გორში პოლიციელების მიერ ძალადობა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გორში პოლიციელების მიერ მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე ექვსი პირი დააკავეს.
უწყების განცხადებით, საქმე ეხება 27 მაისს, გორში მომხდარ შემთხვევას, როდესაც დაზარალებულის დაკავებისას პოლიციელებმა, გამოძიების ვერსიით, “ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას“.
პროკურატურის ცნობით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დაადგინა, რომ ძალადობის შედეგად არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები და დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.
გამოძიების ფარგლებში ექვსი პირი 28 მაისს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარედგენათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ “მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე“ საზოგადოებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ პერიოდულად მიაწვდიან ინფორმაციას.
საქმეს წინ უძღოდა 27 მაისს გამოცემა “ქართლის ამბების“ მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც, სავარაუდოდ, მოქალაქის დაკავების დროს, რამდენიმე პოლიციელი ჯგუფურად ძალადობს მამაკაცზე.
მომხდარს გამოეხმაურა საქართველოსსახალხო დამცველის აპარატიც, რომელმაც გავრცელებულ კადრებს “შემაშფოთებელი“ უწოდა და პროკურატურას საქმის ობიექტური და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდა.
გორში მომხდარ ფაქტს ასევე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, გავრცელებული ვიდეოკადრები “აბსოლუტურად მიუღებელია“.
“მე ეს კადრები ვნახე. აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება. საზოგადოება ამაზე ინფორმირებული იქნება“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.