EU-ის წერილი ოპოზიციურ ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
გაზიარება
გაზიარება
EU-ის წერილი ოპოზიციურ ალიანსს
ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველო კვლავ მისი დღის წესრიგის „ერთ-ერთ მთავარ საკითხად“ რჩება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „შეცვალოს მოქმედების კურსი“, რადგან ბლოკში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება.
განცხადება ოპოზიციურმა ალიანსმა გაავრცელა წერილის სახით, რომელიც, მათი თქმით, ევროკავშირისგან მიიღეს.
წერილში აღნიშნულია, რომ 21 აპრილს გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოში „არსებული მდგომარეობის გაუარესება“ განიხილეს და იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს ევროკავშირმა მიმდინარე პროცესებს.
„უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაუმჯობესების ნიშნები არ შეინიშნება და მინისტრებს ჰქონდათ მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი,“ — ნათქვამია წერილში.
ევროკავშირის განცხადებით, ბლოკი კვლავ ერთგულია საქართველოსთან ურთიერთობისა და „აქტიურად არის ჩართული ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის მხარდაჭერაში“. ამასთან, ევროკავშირი აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია „ურყევია“ და ყველა მხარეს მოუწოდებს, იმუშაონ „საქართველოსთვის სტაბილური და აყვავებული მომავლისთვის“.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გადაწყვეტილებებს იღებს „ვითარების საფუძვლიანი ანალიზის საფუძველზე“. განცხადების თანახმად, ევროკავშირის პოლიტიკა ეფუძნება კანონის უზენაესობის, დემოკრატიული მექანიზმებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპებს.
ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა რეგულარულ გადახედვასა და შეფასებას ექვემდებარება, თუმცა მისი მიზანი „ქართველი ხალხის კეთილდღეობა და პროგრესია“.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება და ბლოკი გააგრძელებს ხალხთა შორის კონტაქტების მხარდაჭერას, მათ შორის მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და ახალგაზრდების დახმარების გზით.
ამასთან, ევროკავშირი აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და მაღალჩინოსნების მიერ გავრცელებულ „დეზინფორმაციულ ნარატივებს“ და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას.
„ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს შეცვალოს ამჟამინდელი მოქმედების კურსი,“ — ნათქვამია წერილში.