კრემლის ფსონი სომხეთზე: როგორ გადაიქცა ერევნის არჩევნები რუსეთის გავლენისთვის ბრძოლად — The Insider-ის გამოძიება
რუსი დაზვერვის აგენტები სომხეთის არჩევნებში: The Insider
დამოუკიდებელმა საგამოძიებო გამოცემამ The Insider-მა გამოაქვეყნა მასშტაბური გამოძიება, რომელიც სომხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და რუსული სპეცსამსახურების შესაძლო ჩარევას ეხება. მასალაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ორ გავლენიან ბიზნესმენს, სამველ კარაპეტიანსა და გაგიკ ცარუკიანს, რომელთა პოლიტიკური ძალებიც არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებიან.
გამოცემის შეფასებით, მას შემდეგ, რაც კრემლმა გავლენის შენარჩუნება ვერ შეძლო მოლდოვასა და უნგრეთში, მოსკოვმა განსაკუთრებული ყურადღება სომხეთზე გადაიტანა. შესაბამისად, 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნები უკვე მხოლოდ შიდა პოლიტიკური პროცესი აღარ არის, ის რეგიონული გეოპოლიტიკური დაპირისპირების ნაწილად იქცა.
The Insider-ის თანახმად, მოსკოვის მთავარი ამოცანაა, შეასუსტოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოზიციები და ხელი შეუშალოს მისი პარტიის, “სამოქალაქო კონტრაქტის“ გამარჯვებას. ფაშინიანის ხელისუფლება ბოლო წლებში ღიად ცდილობს ევროკავშირსა და აშშ-სთან დაახლოებას, რაც კრემლში მზარდ გაღიზიანებას იწვევს.
ვინ კურირებს სომხეთის მიმართულებას კრემლში
გამოძიების მიხედვით, სომხეთის საკითხებზე მუშაობას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მაღალი დონის ჯგუფი ხელმძღვანელობს.
ერთ-ერთ მთავარ ფიგურად სახელდება სერგეი კირიენკო, კრემლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელიც წლების განმავლობაში პოსტსაბჭოთა სივრცეში მოსკოვის პოლიტიკური პროექტების კურატორად მიიჩნეოდა. თუმცა The Insider ახალ გვარებსაც ასახელებს.
მათ შორისაა ყოფილი ბირთვული მეცნიერის, ვადიმ ტიტოვის სახელი, რომელიც ახლა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის მიმართულებას ხელმძღვანელობს. გამოცემა წერს, რომ ტიტოვი მანამდე უნგრეთის არჩევნებში ჩართული ოპერაციების კურატორი იყო, თუმცა იქ კრემლისთვის არასასურველი შედეგი დადგა.
გამოძიებაში ასევე ფიგურირებს რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული რამდენიმე მაღალჩინოსანი, რომლებიც, გამოცემის ცნობით, უშუალოდ ერევანში მუშაობენ.
The Insider განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ე.წ. “რბილი ძალის“ მექანიზმებზე. საუბარია ერევანში მოქმედ “რუსულ სახლზე“, რომელიც “როსსოტრუდნიჩესტვოს“ ქსელში შედის. სწორედ ამ პლატფორმის მეშვეობით ტარდება ახალგაზრდული ბანაკები, ლექციები და დისკუსიები, სადაც, გამოცემის ცნობით, ახალგაზრდებს არწმუნებენ, რომ სომხეთის მომავალი მხოლოდ რუსეთთან კავშირშია.
ფაშინიანი – მოსკოვის მთავარი სამიზნე
გამოძიებაში ნათქვამია, რომ 2018 წლის “ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა.
The Insider-ის ინფორმაციით, მოსკოვში მას კოდური სახელიც კი ჰქონდა: “წვერი“. გამოცემა წერს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები წლების განმავლობაში აგროვებდნენ კომპრომატს ფაშინიანზე და აქტიურად მუშაობდნენ მისი პოლიტიკური გავლენის შესასუსტებლად.
გამოძიებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა კრისტინე გრიგორიანი – სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი. გამოცემა ამტკიცებს, რომ მის გარშემოც აქტიური ოპერატიული ინტერესი არსებობდა როგორც რუსეთის, ისე დასავლეთის სპეცსამსახურების მხრიდან.
The Insider ციტირებს წყაროს დაზვერვის წრეებიდან, რომლის თქმითაც, გრიგორიანი ერთ ეტაპზე მოსკოვში, SVR-ის აკადემიაში მიიწვიეს, თუმცა მოგვიანებით თანამშრომლობა ამერიკულ მხარესთან გააღრმავა და სწორედ დასავლეთის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა სომხეთის ახალი საგარეო დაზვერვის სტრუქტურა.
სამველ კარაპეტიანი და FSB-სთან შესაძლო კავშირები
გამოძიების ყველაზე სკანდალური ნაწილი სამველ კარაპეტიანს ეხება.
The Insider ამტკიცებს, რომ 1999 წელს კალუგაში მიღებული რუსული პასპორტის მონაცემებში, “სამუშაო ადგილის“ გრაფაში, მითითებული იყო “FSB-ის საინფორმაციო ცენტრი“. გამოცემის თანახმად, მსგავსი ჩანაწერი, როგორც წესი, იმ პირებზე კეთდება, რომლებიც სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან ან მათთან თანამშრომლობენ.
გამოძიებაში ასევე იხსენებენ მიმდინარე წლის აპრილში მოსკოვში გამართულ შეხვედრას, სადაც, მათი ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის დაძაბული საუბარი შედგა. პუტინი, გამოცემის ვერსიით, მოითხოვდა, რომ პრორუსულ ძალებს არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მისცემოდათ. მიუხედავად იმისა, რომ გვარები საჯაროდ არ გაჟღერებულა, საუბარი სწორედ კარაპეტიანს უკავშირდებოდა.
პრობლემა ის არის, რომ კარაპეტიანი რუსეთისა და კვიპროსის მოქალაქეა, ხოლო სომხეთის კანონმდებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას უზღუდავს.
მიუხედავად ამისა, ბიზნესმენმა უკვე განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრობა სურს.

გაგიკ ცარუკიანი – კრემლის კიდევ ერთი მოკავშირე
The Insider-ის მასალაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ასევე გაგიკ ცარუკიანს — პარტია “აყვავებული სომხეთის“ ლიდერს და ფაშინიანის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე ოპონენტს.
გამოცემა წერს, რომ ცარუკიანი რეგულარულად სტუმრობდა მოსკოვის მაღალჩინოსნებს და 2019 წელს მისმა პარტიამ ოფიციალური თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა “ერთიან რუსეთთან“.
The Insider ასევე აქვეყნებს დოკუმენტებს, რომლებიც, მათი მტკიცებით, ცარუკიანის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ეხება.
მასალაში დეტალურად არის აღწერილი ცარუკიანის წარსულიც, მათ შორის, საბჭოთა პერიოდში არსებული სისხლის სამართლის საქმეები და ძველი ბრალდებები, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანზე განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდებოდა. მიუხედავად ამისა, ამ ეპიზოდების დიდი ნაწილი დღემდე გამოუძიებელი ან სამართლებრივად გაურკვეველია.

პოლიტიკური ომი ერევანში
გამოძიებამ სომხეთში მყისიერი პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია.
ნიკოლ ფაშინიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ საერთაშორისო მედიამ წარმოადგინა დოკუმენტები, რომლებიც, მისი თქმით, სამველ კარაპეტიანის FSB-სთან კავშირებზე მიუთითებს.
პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ უცხოური გავლენის ქსელები სომხეთის სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხეს წარმოადგენს და არჩევნები, ფაქტობრივად, არჩევანია “აგენტურასა“ და “მოქალაქეობრივ სუვერენიტეტს“ შორის.
მისი ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი განცხადება ასე ჟღერდა:
“აგენტებო, სომხეთის რესპუბლიკა თქვენთვის მოიცლის“.
თავის მხრივ, სამველ კარაპეტიანმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ თუ ვინმეს აქვს კავშირი FSB-სთან, ეს თავად ფაშინიანია.
კარაპეტიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში თქვა, რომ პრემიერ-მინისტრი “FSB-ს აგენტია“ და ირონიულად დაამატა, რომ ის “კაპრალიდან მალე სერჟანტი გახდება“.
კომენტარი
პოლიტიკური ანალიტიკოსი ჰოვსეპ ხურშუდიანი მიიჩნევს, რომ სომხეთის ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ვერ მოახერხა ქვეყნის პოლიტიკური და სახელმწიფო ინსტიტუტების “ლუსტრაცია“, რის გამოც ახლა ამ პროცესში დასავლური სადაზვერვო სტრუქტურები ერთვებიან.
მისი თქმით, სწორედ დასავლური წყაროების მეშვეობით ხდება ინფორმაციის გასაჯაროება იმ პირებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსულ გავლენებთან არიან დაკავშირებული.
“ლუსტრაციას, რომლის განხორციელებაც სომხეთის ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ახლა დასავლური სადაზვერვო სააგენტოები ახორციელებენ, რომლებიც სომხეთში მოქმედი რუსი აგენტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებენ. ამ გაჟონვის თანახმად, კალუგას ოლიგარქი ასევე FSB-ს რიგითი ინფორმატორია. მე ვფიქრობ, რომ ისინი ყველა პერსონა ნონ გრატად უნდა გამოცხადდნენ და სომხეთიდან გააძევონ“, — აცხადებს ხურშუდიანი.
არანაკლებ მკვეთრია პოლიტოლოგ რუბენ მეჰრაბიანის შეფასებაც. მისი აზრით, The Insider-ის გამოძიებაში ნახსენები რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები დიპლომატიური სტატუსის მიღმა მოქმედებენ და სომხეთმა მათ მიმართ დაუყოვნებლივი ზომები უნდა მიიღოს.
“The Insider-ის სტატიაში მოხსენიებული ერევანში რუსეთის საელჩოს ყველა ე.წ. რუსი “დიპლომატი“ პერსონა ნონ გრატად უნდა გამოცხადდეს და 24 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება ებრძანოს. შეუდექით საქმეს!“ — ამბობს მეჰრაბიანი.
