მოსაზრება: "ქართული ოცნების“ მიზანია, პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელება და ხალხის დაშინება
გაზიარება
გაზიარება
შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნა
“ქართული ოცნების“ მიზანია, პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელება და ხალხის დაშინება. ამის გაკეთება უნდათ სისტემურად და პრევენციულად, – ამის შესახებ სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, რითაც შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნის საკითხს გამოეხმაურა.
ბურჯანაძის თქმით, “ქართულ ოცნებას“ რეპრესიული მექანიზმი კანონმდებლობაში უკვე ჩადებული აქვს, აღნიშნული სამმართველო კი მისი სისტემურად აღსრულების მიზნით შეიქმნა.
საქართველოს ხელისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ახალი სპეციალური სამმართველოს შექმნას გეგმავს, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგზე და სამართლებრივ რეაგირებაზე იქნება პასუხისმგებელი.
გიორგი ბურჯანაძე: “ეს არის რეპრესიული მეთოდების გაგრძელება, რაც მათ დაწყებული აქვთ. ეს სამმართველო დღეს შეიძლება არ არსებობს, მაგრამ ჩვეულებრივად თვითონაც აკეთებენ. უამრავი ადამიანია საქართველოში, რომელსაც ჯარიმა აქვს შეფარდებული, ასევე, პატიმრობაშია პირი, რომელსაც გაკეთებული აქვს ჩანაწერი სოციალურ ქსელში.
ამას ისედაც აკეთებდნენ, უბრალოდ ახლა სისტემური ხასიათის მიცემა უნდათ, უფრო დამაშინებლად უნდათ, რომ იმუშაონ. მათ აქვთ მიღებული დრაკონული კანონები, რომლითაც მათ თუ რაიმე ისეთს დაუძახებ, რაც არ მოსწონთ, ამის გამო შეიძლება [დაგსაჯონ]. მთავარი ბოროტება, რეპრესიული მექანიზმი უკვე ჩადებული აქვთ, მაგრამ ახლა ისმის კითხვა, ეს ბოროტება ვინ უნდა გააკეთოს და ამისთვის იხსნება სპეციალური სამმართველო.
ამის შექმნით მასობრივად ხალხს შიშს უჩენენ. უნდათ იმის ჩვენება, რომ ეს მასშტაბური იქნება, ეს ყველას შეეხება, უფრო ეფექტურად გავაკეთებთ. ეს არის დაშინების მცდელობა, ძალიან ჰგავს დიქტატორულ-ავტორიტარული ქვეყნების ქმედებებს, სადაც სოციალურ ქსელებში შესაბამისი გამოხატვა კონტროლდება.
მთავარი მიზანი არის ის, რომ ის ბოროტება, რაც დაწყებული აქვთ მურუსიძე-ჩინჩალაძის კონტროლირებადი სასამართლოს მეშვეობით, გააგრძელონ, უფრო სისტემური ხასიათი შექმნან და უფრო მეტი შიში გაუჩინონ ადამიანებს.
მათი მიზანია, პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელება, თუ გიორგი არ მოეწონებათ, გიორგი გააბრაზებს, გიორგის დასჯის მეთოდი უნდა მოიგონონ. ეს არის დაშინების აქტი – „არ გაგვაკრიტიკოთ თორემ, ჩვენი კანონმდებლობით ყველას შეიძლება მივწვდეთ“. მურუსიძის სასამართლო იქნება დამბალანსებელი? თეთრზე შავის თქმა შეუძლია.“