საქართველოს ხელისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ახალი სპეციალური სამმართველოს შექმნას გეგმავს, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგზე და სამართლებრივ რეაგირებაზე იქნება პასუხისმგებელი.
ინიციატივა “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ვიცე-პრემიერმა, მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინა. მისი განცხადებით, უწყება პროაქტიულ რეჟიმში იმუშავებს და რეაგირება მხოლოდ მოქალაქეთა საჩივრებზე არ იქნება დამოკიდებული.
ხელისუფლებას ამ ეტაპზე არ დაუზუსტებია, რა სამართლებრივი მექანიზმებით იმოქმედებს ახალი სამმართველო და რა კრიტერიუმებით განისაზღვრება, თუ რა ჩაითვლება სიძულვილის ენად ან შეურაცხმყოფელ კომუნიკაციად.
მდინარაძის თქმით, ახალი სტრუქტურა თავად განახორციელებს საჯარო სივრცის მონიტორინგს, მოამზადებს სამართლებრივ შეფასებებს და საჭიროების შემთხვევაში მასალებს სასამართლოს გადასცემს. მისი განმარტებით, სამმართველოს საქმიანობა შეეხება ნებისმიერი ფორმის საჯარო კომუნიკაციას, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას ან ადამიანის ღირსების შელახვას.
ვიცე-პრემიერმა ინიციატივა რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ იდეას დაუკავშირა, რომელიც, მისი თქმით, “დებატების სივრცის გახსნას“ და საზოგადოებრივ დისკუსიაში პოლარიზაციის შემცირებას ისახავდა მიზნად.
მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლების პოზიციაა, რომ წლების განმავლობაში საჯარო დისკუსიის სივრცე “გარე აქტორების“ გავლენით იყო პოლარიზებული, რასაც თან ახლდა აგრესიული და შეურაცხმყოფელი რიტორიკის დამკვიდრება როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ ცხოვრებაში.
ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ახალი სამმართველო იმუშავებს ისეთი ქმედებების გამოვლენაზე, რომლებიც დაკავშირებულია სიძულვილის ენის გამოყენებასთან, პიროვნულ თავდასხმებთან, შეურაცხყოფასა და ღირსების შელახვასთან.
მისი თქმით, ერთმანეთისგან გაიმიჯნება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არსებული კრიტიკა და ისეთი ქმედებები, რომლებიც, სახელმწიფოს შეფასებით, სიძულვილის წახალისებას ან ადამიანის ღირსების შელახვას წარმოადგენს.
დარახველიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები არც საქართველოს კონსტიტუციით და არც სხვა ქვეყნების კანონმდებლობით არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით.
ინიციატივას გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძეც. მისი განცხადებით, სოციალურ ქსელებში არსებული შეურაცხმყოფელი განცხადებები და სტატუსები რეგულირებას საჭიროებს. კალაძის თქმით, კრიტიკა და შეურაცხყოფა ერთმანეთისგან განსხვავდება და არავის აქვს უფლება სისტემატურად მიაყენოს სხვას შეურაცხყოფა.