ამ ვიდეოში ნახავთ სპილოების, მალკასა და გრანდის, ერთ ჩვეულებრივ დღეს თბილისის ზოოპარკში. გაჩვენებთ, როგორ მუშაობს მათთან გერმანელი ექსპერტი ტობიას დორნბუში და როგორია ჩვენი გიგანტების რეალური ცხოვრება.
ტობიას დორნბუში სპილოების ქცევის სპეციალისტია, რომელიც საქართველოში საგანგებოდ ჩამოვიდა, რათა მალკასა და გრანდის კეთილდღეობაზე პირადად იზრუნოს. ის გვიზიარებს თავის გამოცდილებას აზიაში სპილოების მძიმე ყოფის შესახებ და გვიყვება უცნობ დეტალებს მალკას წარსულიდან.
სპილო მალკა ლაოსში, ველურ ბუნებაში დაიბადა. დაახლოებით ერთი წლის ასაკში ის სპილოების „ბანაკში“ მოხვდა, სადაც მას, როგორც სხვა სპილოებს, საყოფაცხოვრებო ან ტურისტული მიზნებით გამოსაყენებლად წვრთნიდნენ. წვრთნის მეთოდები არც ისე ჰუმანურია: ცხოველებს „მაჰუტები“, სპილოების გამყოლები ჯაჭვებით აბამენ და სპეციალური წვეტიანი კაუჭებით წვრთნიან. იქ არ არსებობს ვოლიერები. ხშირად ცხოველები უბრალოდ ტყეში ჰყავთ დაბმული და იქ ავარჯიშებენ.
ლაოსიდან მალკა ალმატის ზოოპარკში მოხვდა, შემდეგ კი , 2001 წელს თბილისის ზოოპარკში ჩამოვიდა. მიღებული სტრესის შედეგად მალკას უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა სტერეოტიპული, ნერვული ქცევა, რომელიც ერთ ადგილას დგომასა და ქანაობაში გამოიხატებოდა.
სპილო მალკას ქცევაზე ყურადღება დამთვალიერებლებმა გაამახვილეს. საზოგადოების ერთმა ნაწილმა ჩათვალა, რომ სპილო ზოოპარკში შეუფერებელ გარემოში ცხოვრობდა და მისი გადაყვანის მოთხოვნით პეტიციაც შექმნეს.
—————-
ეს კი მალკას მეწყვილე სპილო გრანდია. გრანდი თბილისის ზოოპარკში ერევნიდან 2014 წელს ჩამოვიდა. რამდენიმე წლის წინ მან ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია გადაიტანა და მას უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა. გრანდი BBC-ს დოკუმენტური სერიალების ერთ-ერთი ეპიზოდის გმირიცაა.
თბილისის ზოოპარკს არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის 1927 წლის 10 თებერვალს, კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.
თავდაპირველად ზოოპარკი მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარზე იყო გაშენებული. წლების განმავლობაში დედაქალაქის განვითარებამ, მოგვიანებით კი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, ძველი ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა. დღესდღეობით მას 5 ჰექტარი უკავია. ზოოპარკს 1500-მდე ბინადარი ჰყავს. ყველა ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს.
ბლოგების ამ სერიით თბილისის ზოოპარკის ბინადრებს გაგაცნობთ. მოგიყვებით როგორია მათი ერთი, რუტინული დღე, როგორ ურთიერთობენ სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან, როგორი იცვლება მათი ქცევები ამინდის და სეზონების მიხედვით. აქ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ.