"ასეთ ევროკავშირში ჩვენ არაფერი გვესაქმება" — შალვა პაპუაშვილი
გაზიარება
გაზიარება
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირზე
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ “საბჭოთა მოსკოვს ნაბიჯ-ნაბიჯ ანაცვლებს საკავშირო ბრიუსელი“. მისი კომენტარი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია “იმედს“ ევროპარლამენტში საქმიანობა ერთი წლით შეეზღუდა.
პაპუაშვილმა გადაწყვეტილება ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ “მტრულ აქტად“ შეაფასა და თქვა, რომ ეს არის “თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობა“.
“ეს არის ჩვენთვის კიდევ ერთი საფუძველი, რომ გამოვიტანოთ დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რას წარმოადგენს დღევანდელი ევროკავშირი. დღეს ევროკავშირი სინამდვილეში არის რასა იუკნევიჩიენე და მისნაირი ადამიანები – ეს არის, სადაც მიიყვანეს ევროკავშირი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, “ასეთ ევროკავშირში საქართველოს არაფერი ესაქმება“ და ევროკავშირი საკუთარ “საწყის ღირებულებებს“ უნდა დაუბრუნდეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ სანამ ევროკავშირი არ გათავისუფლდება მსგავსი ადამიანებისგან, საქართველო ვერ დარწმუნდება, რომ ასეთ ევროკავშირში ყოფნა რაიმე სარგებელს მოუტანს ქვეყანას.
პაპუაშვილმა ევროკავშირი საბჭოთა კავშირსაც შეადარა და თქვა, რომ ბრიუსელი მისი “რეინკარნაციაა“ და “ესთეტიკაც კი იგივე აქვთ“.
13 მაისს ტელეკომპანია “იმედმა“ განაცხადა, რომ ევროპარლამენტისგან ოფიციალური წერილი მიიღო, რომლის მიხედვითაც არხს ერთი წლის განმავლობაში ევროპარლამენტში საქმიანობა ეკრძალება. ტელეკომპანიის ცნობით, გადაწყვეტილება “იმედის კვირაში“ გასული სიუჟეტის შემდეგ მიიღეს.
ამასთან, “იმედის“ ინფორმაციით, მოლდოვამ სამ ქართულ მაუწყებელს, “იმედს“, “რუსთავი 2“-სა და POSTV-ს აკრედიტაციაზე უარი უთხრა. შედეგად, ისინი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიას ვერ გააშუქებენ, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც იქნება წარმოდგენილი.