დიზელი vs EV. რატომ ვერ გახდა ელექტრომობილი ლიეტუვაში მასობრივი მოვლენა
ელექტრომობილები აღმოსავლეთ ევროპაში

ლიეტუვაში ელექტრომობილებზე სწრაფი გადასვლის გეგმები რეალობას შეეჯახა: მაღალ ფასებს, ტექნოლოგიურ შეზღუდვებს, მოსახლეობის შემოსავლებს და მძღოლების ჩვევებს. ქვეყანაში, სადაც ავტომობილების დაახლოებით 64% დიზელზე მუშაობს, EV ჯერ ისევ ნიშურ არჩევანად რჩება. თუმცა უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში ომების ფონზე საწვავის გაძვირებამ კითხვა ისევ გააჩინა: შეიძლება თუ არა კრიზისმა ლიეტუვა ელექტრომობილებისკენ უბიძგოს?
“ნოვაია გაზეტა ბალტიას” მასალა.
„ვილნიუსიდან ბერლინამდე ხუთ ევროდ ჩავდივარ“
ლიეტუვაში დაახლოებით ორი მილიონი ავტომობილია და მათგან ერთ პროცენტზე ოდნავ მეტი ელექტრომობილია. სახელმწიფო მყიდველებს სთავაზობს კომპენსაციებს, შეღავათიან პარკირებას და A+ ზოლებში მოძრაობის უფლებას, მაგრამ EV მასობრივ ტრანსპორტად ჯერ არ ქცეულა.
ხაიალ აზიზოვი, რომელიც ვილნიუსში უკვე რვა წელია ცხოვრობს, ასეთი იშვიათი მფლობელებიდან ერთ-ერთია. მეორადი Tesla Model S, 2013 წლის გამოშვება, მან პირველ რიგში პრაქტიკული მიზეზებით აირჩია.
„ადრე დიზელის Volvo მყავდა, რომელსაც მუდმივად საწვავს ვასხამდი, რადგან ხშირად დავდივარ შორ მანძილებზე. მაგალითად, რიგამდე ჩასვლა-ჩამოსვლა 65-70 ევრო მიჯდებოდა. ამას ემატებოდა რეგულარული მომსახურება – ზეთი, ფილტრები. როცა დავთვალე, რა დამიჯდებოდა საშუალო მგზავრობა ელექტრომობილით, შეიძლება ითქვას, არჩევანი უკვე გაკეთებული იყო. შედეგად ხარჯები თითქმის განახევრდა. Tesla-ს ფლობის ორ წელიწადში 150 ათასი კმ გავიარე, მომსახურებასა და შეკეთებაზე კი 2,5 ათასი ევრო დავხარჯე“.
მანქანის ასაკის მიუხედავად, ბატარეა ზაფხულში დაახლოებით 300 კმ-ს ყოფნის, ზამთარში – 280 კმ-მდე. ხაიალის თქმით, EV-მ უფრო მშვიდად ტარება და მარშრუტის უკეთ დაგეგმვა ასწავლა: „ირჩევ მარჯვენა ზოლს, რთავ კრუიზ-კონტროლს და მგზავრობით ტკბები“.
ვილნიუსში, მისი თქმით, დამტენები საკმარისია: რამდენიმე ოპერატორის წყალობით, თავისუფალი სადგურის პოვნა თითქმის ყოველთვის შეიძლება რამდენიმე კილომეტრის რადიუსში. ნელ დამტენზე 1 კВт⋅სთ დაახლოებით 30 ცენტი ღირს, 100 კმ კი 4,5-5 ევრო ჯდება.
მაგრამ ხაიალის მთავარი ეკონომია გრძელ გზებზეა. ის იყენებს Tesla Supercharger-ის ქსელს, რომელიც მისი ავტომობილისთვის უფასოა: კაუნასი, ბელოსტოკი, ვარშავა, პოზნანი, ბერლინი. „საბოლოოდ გერმანიაში ჩასვლა 5 ევრო მიჯდება. თეორიულად, ალბათ პორტუგალიამდეც შეიძლება ჩასვლა, მაგრამ ჯერ არ მიცდია“.
მისთვის ეკოლოგიური არგუმენტიც მნიშვნელოვანია: „ქალაქები უფრო სუფთა იქნებოდა, ბევრმა რომ ფობიები და შიშები გადალახოს“. შიში, რომ გზაზე დამტენი არ ეყოფა, მას გადაჭარბებულად მიაჩნია. შიდა წვის ძრავიან მანქანაზე დაბრუნებას მხოლოდ ფინანსური მდგომარეობის მკვეთრი ცვლილების შემთხვევაში განიხილავს.
„დიზელი ბენზინზე იაფი იყო და ჩემთვის საუკეთესო არჩევანი ეს იყო“
მაგრამ Tesla-ს მფლობელის გამოცდილება საშუალო ლიეტუველი მძღოლის გამოცდილებას ნაკლებად ჰგავს. ქვეყანაში ისევ დიზელის მანქანები დომინირებს: სხვადასხვა შეფასებით, ისინი ავტოპარკის 65-70%-ს შეადგენს.
ვილნიუსელი დარიუს ბაკანაუსკასი Volkswagen Golf TDI-ს მართავს. მანქანა 2015 წელს იყიდა, როცა დიზელი ბენზინზე იაფი იყო.
„არ მაინტერესებდა, ელექტრო იყო მანქანა თუ არა – მთავარი ფაქტორი ფასი იყო: გერმანული წარმოება, იაფი ნაწილები, იაფი შეკეთება და მომსახურება“.
ლიეტუვაში ბევრისთვის ახალი მანქანა უბრალოდ ხელმისაწვდომი არ არის. Eurostat-ის მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში ავტომობილის საშუალო ასაკი 14-15 წელს აღწევდა. არჩევანს მხოლოდ ყიდვის ფასი არ განსაზღვრავს – მნიშვნელოვანია მომავალი შეკეთების ხარჯიც. დარიუსის თქმით, ლიეტუვაში Volkswagen-ის შეკეთება Toyota-ზე იაფია, რადგან ქვეყანა გერმანული ნაწილების ბაზართან არის დაკავშირებული.
ეკოლოგიური არგუმენტი მას არ არწმუნებს. „ვფიქრობ, მთავარი საფრთხე მანქანებში არ არის. რამდენი სხვადასხვა დანადგარი, ქარხანა, დიდი საამქროა… ჩვეულებრივი ადამიანის მანქანა, რა მანძილიც უნდა გაიაროს, ერთ წელიწადშიც ვერ ‘დააბინძურებს’ ისე, როგორც რომელიმე საწარმო ერთ თვეში“.
კვლევები, თუმცა, აჩვენებს, რომ ლიეტუვაში ჰაერის დაბინძურების დაახლოებით 30% ავტომობილებს უკავშირდება, ქალაქებში კი ეს მაჩვენებელი 60-80%-ს აღწევს.
დარიუსი ამბობს, რომ დღესაც მანქანას საწვავის ფასით აირჩევდა: თუ დიზელი იაფია – დიზელს, თუ ბენზინი – ბენზინს. ელექტრომობილს არ იყიდდა: ფასის, მომსახურების ხარჯებზე ეჭვების, ბატარეების უტილიზაციის და ელექტრონიკის სიჭარბის გამო. ინფრასტრუქტურასაც არასაკმარისად მიიჩნევს: თუ ყველა მასობრივად EV-ზე გადავა, დამტენები არ ეყოფათ, განსაკუთრებით ქალაქგარეთ.
„ვხედავთ საპირისპირო პროცესს: საწვავზე აქციზის შემცირებას“
ლიეტუვის ქვეითთა ასოციაციის პრეზიდენტი ედუარდას კრიშჩიუნასი ირონიულად ამბობს: როგორც კი ელექტრომობილების შეძენაზე კომპენსაციები დასრულდა, მათი ყიდვის სურვილიც გაქრა. ის ვილნიუსის დეავტომობილიზაციის მომხრეა, მაგრამ აღიარებს: თუ პირადი ტრანსპორტის ორ ტიპს შორის არჩევანია, ელექტრომობილი ქალაქს ნაკლებ ზიანს აყენებს.
„თუ მართლაც გვინდა ქალაქებში დაბინძურების შემცირება, მინიმუმ ცენტრში უნდა შეიზღუდოს შესვლა ემისიების მთავარი წყაროებისთვის. თუმცა რეალობაში საპირისპირო პროცესს ვხედავთ: საწვავზე აქციზის შემცირებას“.
მისი აზრით, ეს ფაქტობრივად დიზელის მანქანების გამოყენების წახალისებაა. საწვავზე აქციზი უნდა მუშაობდეს როგორც დაბინძურების გადასახადი: რაც უფრო მავნეა პროდუქტი, მით ნაკლები სტიმული უნდა ჰქონდეს მის გამოყენებას.
„სანამ ელექტრომობილები უფრო მომგებიანი არ გახდება, კერძო პირები მათ არ იყიდიან. კომპანიები EV-ს იმიტომ ყიდულობენ, რომ მათ ნაკლებად აღელვებთ ფასი და უფრო მეტად – საგადასახადო შეღავათები, მოგება და თანამშრომლების წახალისება“.
მაგრამ საქმე მხოლოდ ფასში არ არის. ტექნოლოგიებიც ბარიერად რჩება. კრიშჩიუნასი იხსენებს მგზავრობას შიაულიაიში ტრანსპორტის სამინისტროს მანქანით: მძღოლმა დიზელის უნივერსალი აირჩია, რადგან იმავე დღეს ვილნიუსში დაბრუნება იყო საჭირო, ელექტრომობილის სვლის მარაგთან დაკავშირებით კი ეჭვები გაჩნდა.
ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ის პრობლემას გადაჭრად მიიჩნევს: ბაზარზე კონკურენციაა და მოთხოვნის გაჩენის შემთხვევაში შეთავაზებაც მოერგება.
კიდევ ერთი ფაქტორი ევროპული კლიმატური ვალდებულებებია. ლიეტუვას 2030 წლისთვის მავნე ემისიები 2005 წელთან შედარებით 21%-ით უნდა შეემცირებინა. მაგრამ ავტომობილიზაციის ზრდა ამ მიზანს რთულად მისაღწევს ხდის. ევროკავშირში კვოტების, ურთიერთდახმარებისა და ემისიებით ვაჭრობის სისტემა ქვეყნებს ჩამორჩენის კომპენსირების საშუალებას აძლევს, თუმცა ამავე დროს მტკივნეულ ცვლილებებსაც გადადებს.
მეორადი ბაზარი და სისტემის ინერცია
ეკონომისტი და სეიმის დეპუტატი ეკატერინა როიაკა მიიჩნევს, რომ ბალტიის ქვეყნებში ელექტრომობილებზე ნელი გადასვლა არა იმდენად პოლიტიკის ნაკლებობით, რამდენადაც ავტოპარკის სტრუქტურით აიხსნება.
ლიეტუვაში დაახლოებით ყოველი მეექვსე-მეშვიდე ავტომობილი დიზელია. ლატვიაში დიზელის წილი 60-65%-ია, ესტონეთში – 50-55%, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი კი 40-45%-ის ფარგლებშია. ამასთან, ლიეტუვის ავტოპარკი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძველია.
„ლიეტუვაში 2020 წლიდან ელექტრომობილების რაოდენობა 11-ჯერ მეტად გაიზარდა, მხოლოდ 2025 წელს – საშუალოდ 1375 მანქანით თვეში, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საერთო სურათს ჯერ თითქმის არ ცვლის“.
მსგავსი ვითარებაა ევროკავშირშიც: 2025 წელს EV ახალი გაყიდვების დაახლოებით 15-20%-ს შეადგენს, მაგრამ საერთო ავტოპარკში მათი წილი კვლავ დაბალია დაგროვების ეფექტის გამო.
მთავარი მიზეზებია მეორადი ბაზარი და ინერცია. ბალტიის ქვეყნებში ერთ ახალ ავტომობილზე 5-10 მეორადი მოდის, ძირითადად დიზელის და 10-15 წლის ასაკის. ამიტომ ლიეტუვაში მანქანების 97%-ზე მეტი ისევ შიდა წვის ძრავას იყენებს. აქტიური პოლიტიკის პირობებშიც კი შედეგი ავტოპარკის სტრუქტურაზე მხოლოდ 10-15 წლის დაგვიანებით გამოჩნდება.
„ელექტრომობილები კონკურენციას უწევენ არა ახალ ბენზინის მანქანებს, არამედ იაფ მეორად დიზელებს – და ჯერჯერობით სწორედ ამ სეგმენტში აგებენ“, – ამბობს როიაკა.
ელექტრომობილიზაცია ჯერ ურბანულ მოვლენად რჩება: EV-ების დაახლოებით 40% ვილნიუსშია რეგისტრირებული. დიდი ქალაქების გარეთ ინფრასტრუქტურა ნელა ვითარდება და ინვესტიციებს მოითხოვს.
ამასთან, როიაკას თქმით, სიტუაციის შეცვლა აუცილებელია: ძველი მანქანები საზოგადოებისთვის რეალურ ხარჯს ქმნის – ჰაერის დაბინძურებას და ჯანდაცვის სისტემაზე დამატებით ზეწოლას. მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს არა აკრძალვებით, არამედ პროგნოზირებადი პოლიტიკით: სტაბილური სუბსიდიებით, გასაგები წესებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებით, დამტენი ინფრასტრუქტურით და ყველაზე დამაბინძურებელი ტრანსპორტის შეზღუდვით.
„ლიეტუვას რთული შემოდგომა ელოდება“
დიზელის გაძვირებამ – ჯერ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შემდეგ კი ახლო აღმოსავლეთში ომის გამო – აჩვენა, რამდენად მოწყვლადია ძველ ტექნოლოგიებსა და იმპორტირებულ საწვავზე დამოკიდებულება.
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინენემ გააფრთხილა, რომ ქვეყანას რთული შემოდგომა ელოდება: მოსალოდნელია ეკონომიკის შენელება და ფასების ზრდა. მან მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ელექტრომობილების უფრო აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდა.
ამავდროულად, სეიმში განიხილავენ ცვლილებებს ალტერნატიული საწვავის შესახებ კანონში. თუ მათ მიიღებენ, ბენზინგასამართ სადგურებს, რომლებსაც სამზე მეტი სვეტი აქვთ, EV-სთვის სწრაფი დამტენი სადგურების დაყენება მოუწევთ.
„მსოფლიოში ნავთობის კრიზისი გრძელდება და ბოლო რამდენიმე თვემ ნათლად აჩვენა, რამდენად სწრაფად და პირდაპირ რეაგირებს ნავთობის ფასი პოლიტიკურ ან სამხედრო გადაწყვეტილებებზე“, – განაცხადა ცვლილებების ავტორმა, დეპუტატმა ტომას ტომილინასმა. მისი აზრით, ასეთი ინფრასტრუქტურა მძღოლების ნაწილს ელექტრომობილის ყიდვაზე დააფიქრებს.
ტრანსპორტის მინისტრმა იურას ტამინსკასმა „ნოვაია გაზეტა. ბალტიასთვის“ მიცემულ კომენტარში აღნიშნა, რომ EV-სექტორში ინვესტიციები ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როცა მას თან ახლავს დამტენების ქსელის სწრაფი გაფართოება, მიზნობრივი სუბსიდიები და საგადასახადო შეღავათები.
მაგრამ მთავარი ბარიერი უცვლელია: „ელექტრომობილები კვლავ დიდწილად მიუწვდომელია დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, რაც მათ ფლობას ფაქტობრივად უფრო შეძლებული ადამიანებით ზღუდავს“.
მინისტრის თქმით, სამინისტრო აპირებს ფინანსთა, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებთან ერთად განიხილოს ახალი ფინანსური ინსტრუმენტები დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის.
ჯერჯერობით ლიეტუვური არჩევანი მარტივად გამოიყურება: ეკოლოგიური ლოგიკა EV-ს სასარგებლოდ მეტყველებს, ეკონომიკური რეალობა – ძველი დიზელის სასარგებლოდ. და სწორედ ეს რეალობა, არა ლოზუნგების ნაკლებობა, განსაზღვრავს გადასვლის სიჩქარეს.
მასალა მომზადებულია “მედიაქსელის” მხარდაჭერით
exchange