"არ განგვიხილავს და არც განვიხილავთ 300 ათასი აზერბაიჯანელის სომხეთში დაბრუნებას“ — ფაშინიანი
ფაშინიანის განცხადებები
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უარყო ინფორმაცია, თითქოს ერევანი ბაქოსთან 300 ათასი აზერბაიჯანელის სომხეთში დაბრუნების საკითხს განიხილავს. მისი თქმით, მსგავსი თემა არც ახლა დგას დღის წესრიგში და არც ოდესმე ყოფილა განხილვის საგანი.
დაბრუნების საკითხი “პროვოკაციულ გავლენას“ ახდენს
ფაშინიანის განმარტებით, არც საპირისპირო პროცესი განიხილება, ანუ სომხების დაბრუნება მთიან ყარაბაღში, ბაქოსა და სხვა დასახლებებში, სადაც ისინი ადრე ცხოვრობდნენ, მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ დგას.
პრემიერის თქმით, ამ თემაზე საუბარი ორივე მიმართულებით “პროვოკაციულ გავლენას ახდენს მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაზე“.
ოპოზიციური პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც ბოლო დღეებში ამგვარი შეთანხმების არსებობას ამტკიცებდნენ, მან “იაფფასიანი შიდაპოლიტიკური სპეკულაცია“ უწოდა. ფაშინიანის შეფასებით, საკითხის გააქტიურება მიზნად ისახავს შიდა დაძაბულობის გაზრდას და ქვეყნებს შორის დაპირისპირების ხელახლა გაღვივებას.
მაგალითის სახით მან დაასახელა პარტია “ძლიერი სომხეთი“ და მისი ლიდერი, სომხური წარმოშობის რუსი მილიარდერი, სამველ კარაპეტიანი, რომელიც ახლა პატიმრობაშია.
ვიცე-პრემიერების შეხვედრები “ისტორიული მნიშვნელობისაა“
ფაშინიანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომლებიც ასევე საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს ხელმძღვანელობენ.
მისი თქმით, მღერ გრიგორიანისა და შაჰინ მუსტაფაევის შეხვედრები “ისტორიული მოვლენებია“, რომლებიც ორ ქვეყანას შორის მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციისა და განმტკიცების ახალ ეტაპს აღნიშნავს.
პრემიერი მიიჩნევს, რომ ურთიერთობები ეტაპობრივად უნდა გაუმჯობესდეს და გრძელვადიან პერსპექტივაში გადაიზარდოს კეთილმეზობლურ ურთიერთობებში.
საზღვრის დელიმიტაციის კომისიების პირველი შეხვედრა 2022 წელს გაიმართა. ბოლო პერიოდში მხარეებმა შეხვედრების ჩატარება უკვე უშუალოდ ერთმანეთის ტერიტორიაზე დაიწყეს. 2025 წლის ნოემბერში სომხური დელეგაცია აზერბაიჯანში, გაბალაში იმყოფებოდა, ხოლო 29 აპრილს აზერბაიჯანული დელეგაცია სომხეთში, აღვერანში ჩავიდა.
სავაჭრო ურთიერთობებისთვის “ბარიერები არ არსებობს“
ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ მონაწილეობდა სომხეთიდან აზერბაიჯანელ მეწარმეებთან შეხვედრაში, ფაშინიანმა კონკრეტული სახელების დასახელებისგან თავი შეიკავა.
მისი თქმით, ბიზნესმენები თავად გადაწყვეტენ, გაასაჯაროებენ თუ არა საკუთარ მონაწილეობას, რადგან არსებობს რისკი, ისინი გარკვეული მარგინალური ჯგუფების მხრიდან ბულინგის სამიზნედ იქცნენ.
პრემიერის განცხადებით, 2025 წლის ნოემბრიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთში დაახლოებით 26 ათასი ტონა ტვირთი შევიდა.
მისივე თქმით, “არ არსებობს არც პოლიტიკური და არც ტექნიკური ბარიერები“ სომხეთიდან აზერბაიჯანში ექსპორტისთვის. მხარეებმა უკვე გაცვალეს საქონლის სიებიც და ერევანი იმედოვნებს, რომ ექსპორტი უახლოეს პერიოდში დაიწყება.
ტყვეების დაბრუნება ორმხრივი ფორმატით
ფაშინიანმა ასევე ისაუბრა ბაქოში დაკავებული სომეხი პატიმრების დაბრუნების საკითხზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს.
მისი თქმით, შედეგებზე საუბარი ნაადრევია, სანამ კონკრეტული პროცესი ბოლომდე არ დასრულდება:
“ჩემი გამოცდილებით, სანამ ადამიანი სომხეთის საზღვარს არ გადაკვეთს, ასეთ შესაძლებლობაზე საუბარი არასერიოზულია“.
პრემიერის განცხადებით, ერევანი ბაქოსთან ამ საკითხს ორმხრივ ფორმატში განიხილავს და სხვა პლატფორმებს ნაკლებად ეფექტიანად მიიჩნევს, თუმცა არ გამორიცხავს ალტერნატიული ფორმატების გამოყენებას, თუ ისინი რეალურ შედეგს მოიტანს.