AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატების წინააღმდეგ — მითების დეტექტორის კვლევა
გაზიარება
გაზიარება
დიუშენის სამკურნალო პრეპარატები
სოციალურ ქსელებში დიუშენის სინდრომის სამკურნალო პრეპარატების წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კამპანია გამოიკვეთა, რომლის ფარგლებში, “მითების დეტექტორის“ ცნობით, სახელისუფლებო მედიებთან ერთად ყალბი ანგარიშებიც მოქმედებენ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საეჭვო აქტივობა უკავშირდება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ 2026 წლის 20 და 23 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტებს, რომლებიც დიუშენის სინდრომის თემას ეხებოდა. ამ მასალებში წარმოდგენილი იყო როგორც სამეცნიერო კვლევის აღწერა – მათ შორის, ვირთაგვებზე შექმნილი მოდელისა და ექსპერიმენტული მედიკამენტის ტესტირების დეტალები – ასევე კახა კალაძის განცხადება, სადაც ის კონკრეტული პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებდა.
“მითების დეტექტორის“ შეფასებით, ამ პოსტებზე აქტივობის ანალიზი მიუთითებს, რომ არაავთენტური ანგარიშები ცდილობენ გაზარდონ მხარდაჭერა სახელისუფლებო გზავნილების მიმართ, მათ შორის მოწონებებისა და კოორდინირებული არაავთენტური ქმედებების გამოყენებით.
კვლევის ფარგლებში გამოვლენილია 75 ყალბი ანგარიში, რომლებიც ქცევის მიხედვით ორ ჯგუფად იყოფა: პირველი ჯგუფი უკავშირდება ფეისბუკ-გვერდებს “აი პოლიტიკა“ და “არ აგარევინებთ“ და ძირითადად პოსტებზე რეაქციების გამოხატვით შემოიფარგლება.
აღნიშნული გვერდები ასოცირდება ხელისუფლების მხარდამჭერ ძალებთან, მათ შორის “ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერთან ვატო შაქარაშვილთან და გია გაჩეჩილაძის (უცნობი) მოძრაობასთან “არ აგარევინებთ“.
ორგანიზაციის ცნობით, ეს ანგარიშები წარსულშიც გამოიყენებოდა სამთავრობო მედიის, მათ შორის ტვ იმედისა და რუსთავი 2-ის პოსტებზე ჩართულობის ხელოვნურად გასაზრდელად, მათ შორის BBC-ის კრიტიკული გამოძიებების საპასუხოდ.
მეორე კატეგორია მოიცავს იმ ანგარიშებს, რომლებიც “მითების დეტექტორის“ მიერ ადრე გამოვლენილნი იყვნენ და სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ პროევროპული პროტესტის დისკრედიტაციის კამპანიებში.
რამდენიმე თვეა, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულების მშობლები წამლის მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან აქციებს მართავენ.
“ქართული ოცნების” ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ოპოზიციას მწვავედ დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ ისინი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების საკითხის პოლიტიზებას ცდილობენ, მაშინ როცა სამინისტრო, მისი თქმით, პრაქტიკულ შედეგებზე მუშაობს.
(DMD) იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების ატროფიით (განლევით) და სისუსტით გამოიხატება. ორგანიზაციის “ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას” ცნობით, საქართველოში საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. სათანადო მედიკამენტების და მკურნალობის არარსებობის გამო საქართველოში ყოველწლიურად ამ დაავადებით 1, 2 ან 3 ბავშვი იღუპება.