საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას ამერიკული კომპანია, Aspect Georgia LLC დაიწყებს
გაზიარება
გაზიარება
საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვება
საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ახალი საერთაშორისო ინვესტორი, ამერიკული კომპანია Aspect Georgia LLC იწყებს ოპერირებას, რაც ხელისუფლების შეფასებით, ქვეყნის ენერგეტიკულ ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი კაპიტალის შემოდინებას ნიშნავს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომპანია აღმოსავლეთ საქართველოში კვლევა-მოპოვებითი სამუშაოების განხორციელებას გეგმავს და პროექტში 70 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. Aspect Georgia LLC იმ ინვესტორთა ჯგუფს შეუერთდა, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მუშაობენ.
ხელმოწერის ცერემონია
ახალი ინვესტორი ერთობლივ პროექტში წილს მიიღებს, რომელიც ამ დრომდე სამი კონტრაქტორი კომპანიის – Georgia Oil and Gas Limited-ის, სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და GOG SLADS Limited-ის მონაწილეობით ხორციელდებოდა. აღნიშნულ კომპანიებს შორის “პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება“ 2021 წლის 23 დეკემბერს გაფორმდა, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ჩატარებული ღია საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია ყველა მხარეს შორის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, მოქმედ კონტრაქტორ კომპანიებსა და ახალ ინვესტორს შორის. ხელმოწერის ცერემონიას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე დაესწრო.
Aspect Georgia LLC რეგისტრირებულია აშშ-ის კოლორადოს შტატში და წარმოადგენს Aspect Holding LLC-ის აფილირებულ კომპანიას. სამინისტროს განცხადებით, ჰოლდინგს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის კვლევა-მოპოვებით საქმიანობაში, მათ შორის რთული გეოლოგიური სტრუქტურების მქონე საბადოებზე, და ოპერირებს სხვადასხვა რეგიონში – აშშ-ში, ცენტრალურ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში.