"საქართველო გზაგასაყარზე" — ევროკავშირის ელჩის განცხადებას თბილისში მწვავე პასუხი მოჰყვა
ევროკავშირის ელჩის განცხადება
“საქართველო გზაგასაყარზე დგას“ — ბრიუსელში გაკეთებულმა ამ განცხადებამ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მხრიდან, თბილისში მწვავე პოლიტიკური რეაქცია გამოიწვია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საგარეო უწყებაში ელჩის დაბარებას მოითოვენ.
რა თქვა ჰერჩინსკიმ
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართული ფოტოგამოფენის – “საქართველო ფოკუსში“ – გახსნაზე პაველ ჰერჩინსკიმ თქვა:

“საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება.
ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის: “ნუ დაკარგავთ იმედს!” ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი.”
ხელისუფლების რეაქცია
თბილისში ამ განცხადებებს მკვეთრი და კოორდინირებული პასუხი მოჰყვა მმართველი გუნდის მხრიდან. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჰერჩინსკის სიტყვები შეაფასა როგორც მუქარა “სამოქალაქო ომითა და გაღარიბებით“ და განაცხადა, რომ ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება მიზანშეწონილია. მისი თქმით, მსგავსი რიტორიკა “წარმოუდგენელია“ და დიპლომატიური ჩარჩოების ფარგლებს სცდება.
მსგავსი ტონი ჰქონდა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებასაც, რომელმაც თქვა, რომ ელჩმა “პირდაპირ ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე“ და ეს აღიქმება როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების მიმართ მუქარა. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და პარტნიორებთან ურთიერთობაში “მეგობრებს და არა მბრძანებლებს“ ეძებს.

“ძალიან შემაშფოთებელი განცხადება იყო – საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა. თუ აქამდე შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, აგერ პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს და სახელმწიფოს. ეს არის ძალიან მძიმე. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი დაბარება და უნდა დაისვას კონკრეტული კითხვები, რაზეც პასუხები გვჭირდება.
საქართველოს არაფრისგან გადაუხვევია. ჩვენ ვართ დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა. თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ თავში წამოგვარტყას და თავის “ხუშტურებზე“ გვატაროს, ეს ასე ვერ იქნება. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები და არაბატონები, რომლებიც თითს დაგვიქნევენ. თითი დაუქნიონ მას, ვისაც აქამდე უქნევდნენ.” – თქვა კალაძემ.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა კრიტიკა კიდევ უფრო გაამწვავეს. უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ელჩის განცხადებები დაუკავშირა “დიფ სთეითის“ გავლენას და ევროკავშირის პოლიტიკას დაუპირისპირა საქართველოს ხელისუფლების მიერ დეკლარირებული ღირებულებები. მისი თქმით, ელჩის გზავნილები არ ასახავს ევროპელი მოქალაქეების ინტერესებს და წარმოადგენს გარე გავლენების ნაწილს.
“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში თქვენი მსგავსი ფიგურის შენარჩუნება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენმა მოსახლეობამ კარგად დაინახოს განსხვავება „დიფ სთეითის“ მართულ ევროპასა და იმ რეალურ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ გაერთიანებას შორის, რომლისკენაც საქართველო გაცხადებულად მიისწრაფვის და ამ სწრაფვას ვერც პირადად თქვენ და ვერც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენით მოქმედი ევრობიუროკრატია შეაჩერებს” – მიმართავს კირცხალია ჰერჩინსკის.