კონტროლი „მორალის“ სახელით. აზერბაიჯანში სოცქსელების რეგულირების ახალი კანონი მიიღეს
გაზიარება
გაზიარება
ახალი კანონი სოციალური მედიის შესახებ აზერბაიჯანში
აზერბაიჯანში ციფრულ სივრცეზე კონტროლის გასამკაცრებლად ახალი კანონებიმიიღეს. საზოგადოებრივი მორალის დაცვის საბაბით, ხელისუფლებამ სოციალურ ქსელებში „ამორალური გამონათქვამები“ აკრძალა, ტელევიზიებს გადაეცა იმ არტისტების „შავი სიები“, რომელთა გამოჩენაც აიკრძალა “ამორალობის” მიზეზით. ეს შეზღუდვები უკვე არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ რიგით მომხმარებლებსაც ეხება.Meydan.TV მასალის მიხედვით
კანონი და სანქციები
26 იანვრიდან ქვეყანაში მოქმედებს შესწორებები, რომლებიც კრძალავს ინტერნეტში „ეროვნულ-სულიერ ღირებულებებთან“ შეუსაბამო კონტენტის გავრცელებას. სასჯელი მკაცრია:
ჯარიმები: 500-დან 1000 მანათამდე ($294–588), განმეორების შემთხვევაში — 2000 მანათამდე.
პატიმრობა: ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღემდე (განმეორებისას — ორ თვემდე).
პირველი დამნაშავეები უკვე არსებობენ და განაჩენიც გამოტანილია: ექვსი პირი პასუხისგებაში მიეცა „არაეთიკური კონტენტისა“ და პირადი ფოტოების გამოქვეყნებისთვის.
მედიის ცენზურიდან პიროვნულ ზედამხედველობამდე
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დამოუკიდებელი მედიაინსტიტუტების ლიკვიდაციის შემდეგ, ხელისუფლება ინდივიდუალურ ავტორებზე გადაერთო. პოლიტიკური კომენტატორი განიმატ ზაჰიდი მიიჩნევს, რომ ეს ლოგიკური ეტაპია: ჯერ გაიწმინდა პროფესიული პრესა, ახლა კი ჯერი TikTok-სა და YouTube-ზე მიდგა.
მედიაექსპერტი აჰად აჰადლი ხაზს უსვამს, რომ პოპულარული ბლოგერები ხელისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან სახელმწიფო კონტროლის მიღმა არიან. დაკავებები და ჯარიმები აქ დაშინების ფუნქციას ასრულებს: ეს არის სიგნალი ყველა მომხმარებლისთვის, რომ ნებისმიერ „არასწორ“ სიტყვას შესაძლოა შედეგები მოჰყვეს.
ბუნდოვანი ფორმულირებების რისკები
ადვოკატი ფარიზ ნამაზლი მთავარ პრობლემად იურიდიული განმარტებების არარსებობას ასახელებს. ცნებები „საზოგადოების უპატივცემულობა“ ან „ღირებულებებთან წინააღმდეგობა“ კანონში განმარტებული არ არის. ეს სასამართლოებს ნორმების თვითნებურად გამოყენების საშუალებას აძლევს. ამასთან, სახელმწიფო თავად გვევლინება მოსარჩელედ, „შეურაცხყოფილი“ მოქალაქეების საჩივრების მოლოდინის გარეშე.
ექსპერტების აზრით, კანონი შერჩევითად იქნება გამოყენებული. პროსახელისუფლებო „ტროლების ფერმები“, რომლებიც აგრესიულ რიტორიკას იყენებენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სანქციების ქვეშ მოხვდნენ. ძირითადი დარტყმა ახალგაზრდებსა და ალტერნატიული აზრის მქონე პირებზე იქნება მიმართული.
თვითცენზურა
რეპრესიების მთავარი შედეგი თვითცენზურაა. პოლიციაში იბარებენ არა მხოლოდ პოსტების ავტორებს, არამედ მათაც, ვინც რეაქციებს ტოვებს ან კომენტარს წერს. განიმატ ზაჰიდის თქმით, ხელისუფლებამ სახიფათო სოციალურ ეფექტს მიაღწია: საზოგადოების ნაწილმა თავად დაიწყო „კონტროლიორის“ როლის შესრულება და სოციალურ ქსელებში თანამოქალაქეების დასჯას ითხოვს. ასეთ გარემოში, ნებისმიერი გამონათქვამის გამო დევნის რისკი ყოველდღიურ რეალობად იქცევა.