"ახალი სამხრეთ კავკასია: გადამწყვეტ როლს მარშრუტები თამაშობს და არა საზღვრები" — მოსაზრება
სატრანზიტო დერეფნები სამხრეთ კავკასიაში
ქართველი პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ღრმა ტრანსფორმაციას აღწერს, სადაც კონფლიქტები ნელ-ნელა კარგავს განმსაზღვრელ როლს და მათი ადგილი ინფრასტრუქტურაზე, მარშრუტებსა და გლობალურ სისტემებში ინტეგრაციაზე კონტროლს უჭირავს. მისი შეფასებით, დღეს მთავარი აღარ არის, ვინ აკონტროლებს ტერიტორიას – გადამწყვეტია, ვინ აკონტროლებს ნაკადებს.
ამ ახალ რეალობაში:
- აზერბაიჯანი ხდება ცენტრალური ჰაბი,
- სომხეთი ადაპტირდება და ცდილობს თავი დააღწიოს რუსეთზე დამოკიდებულებას,
- თურქეთი აყალიბებს რეგიონის არქიტექტურას,
- რუსეთი და ირანი ცდილობენ ტრანსფორმაციის შეზღუდვას,
- საქართველო კი სტრატეგიული გაურკვევლობის მდგომარეობაში რჩება.
“ტრამპის მარშრუტი“: დასავლეთის ილუზია თუ გარდამტეხი მომენტი სამხრეთ კავკასიის ისტორიაში
სამხრეთ კავკასია დიდი ხნის განმავლობაში აღიქმებოდა, როგორც კონფლიქტების, გაყინული კრიზისებისა და გარე კონტროლის სივრცე. რეგიონული დინამიკა ნაკლებად იყო დაკავშირებული ეკონომიკურ განვითარებასთან და უფრო მეტად დაკავშირებული იყო ძალთა ბალანსთან, სამხედრო დაპირისპირებასთან და დიდი სახელმწიფოების კონკურენციასთან.
ეს ლოგიკა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის პერიოდიდან იღებს სათავეს და შემდეგ ათწლეულებში განმტკიცდა, დღეს სწრაფად იცვლება.
ახალი რეალობა, რომელიც ჩვენ თვალწინ ყალიბდება, ეფუძნება ნაკადებზე – პირველ რიგში ტრანსპორტსა და ენერგიაზე – კონტროლს. სწორედ ეს ხდება ცენტრალური ფაქტორი, რაც ე.წ. “კავშირის გეოპოლიტიკის“ კონცეფციას ამყარებს. სამხრეთ კავკასია ინფრასტრუქტურული გეოპოლიტიკის ცენტრად იქცევა, სადაც გადამწყვეტ როლს მარშრუტები თამაშობს და არა საზღვრები.
ამ ცვლილებასთან ერთად იცვლება სახელმწიფოთა როლებიც.
აზერბაიჯანი იქცევა ახალი არქიტექტურის საკვანძო კვანძად, სომხეთი ადაპტირებად მოთამაშედ, ხოლო საქართველო ქვეყნად, რომელიც, მიუხედავად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობისა, სუვერენიტეტის დაკარგვის რისკის წინაშე დგას.
აზერბაიჯანი — რეგიონული ვექტორული ლიდერი
დღეს აზერბაიჯანს სულ უფრო ხშირად სამხრეთ კავკასიის ლიდერად მოიხსენიებენ, თუმცა მისი ლიდერობა კლასიკური გაგებით არ არის არც სამხედრო, არც იდეოლოგიური – ის ფუნქციონალურია.
აზერბაიჯანი რეგიონული სისტემის ცენტრალურ კვანძად იქცა რამდენიმე ფაქტორის გამო:
ენერგოდისტრიბუციის კონტროლი, მათ შორის ევროკავშირში გაზის მიწოდების გაფართოება 2022 წლის შეთანხმებების შემდეგ;
ცენტრალურ აზიას, თურქეთსა და ევროკავშირს შორის სატრანზიტო დერეფნების განვითარებაში მონაწილეობა;
სტრატეგიული ალიანსი თურქეთთან, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო სტაბილურობას.
ამგვარად, ბაქო აკონტროლებს არა იმდენად ტერიტორიას, რამდენადაც რეგიონში გადაადგილების წესებს. ძირითადი მარშრუტები – არსებული და დაგეგმილი – მისი გავლით გადის, რაც მას ახალ რეგიონულ ლოგიკაში თანა-არქიტექტორის როლს ანიჭებს.
ამასთან, აზერბაიჯანი ინარჩუნებს პრაგმატულ პოლიტიკას. თურქეთთან მჭიდრო პარტნიორობის მიუხედავად, ის ცდილობს დაბალანსებულ ურთიერთობებს რუსეთთან, დასავლეთთან და ისრაელთან, რითაც თავიდან იცილებს ერთ ძალაზე დამოკიდებულებას და საკუთარ პოზიციას აძლიერებს.
სომხეთი — ადაპტაციის რთული გზა
სომხეთის მდგომარეობა გაცილებით რთულია. ქვეყანას მემკვიდრეობით დარჩა ღრმა ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე – მისი რკინიგზის მნიშვნელოვანი ნაწილი “რუსეთის რკინიგზის“ კონტროლქვეშაა, ხოლო გაზის სისტემა მჭიდროდ არის დაკავშირებული “გაზპრომთან“.
ეს ნიშნავს, რომ დასავლეთზე ორიენტაციის პოლიტიკური განცხადებები ჯერჯერობით უსწრებს რეალურ სტრუქტურულ ცვლილებებს.
სომხეთი აღმოჩნდა ორმაგ რეალობაში: პოლიტიკურად ის ახალი სისტემისკენ ისწრაფვის, მაგრამ ინსტიტუციურად კვლავ ძველ მოდელში რჩება.
თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილება უკვე შეინიშნება: ერევანი უფრო მეტად აკეთებს აქცენტს რეგიონულ და საერთაშორისო დერეფნებში ინტეგრაციაზე. ეს გამოიხატება მზადყოფნაში, აღადგინოს სატრანსპორტო კავშირები აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის და გააფართოვოს ეკონომიკური ურთიერთობები ბაქოსა და ანკარასთან.
ამ კონტექსტში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ნაკლებად არის შერიგების შედეგი, ეს უფრო მეტად პრაგმატული არჩევანია.
ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება და დერეფნებში მონაწილეობა სულ უფრო მეტად იქცევა სტაბილურობის ფაქტორად.
დერეფნები, როგორც ძალაუფლების ახალი ფორმა
დერეფნები დღეს ძალაუფლების ინსტიტუციურ ფორმად ყალიბდება. სამხედრო კონტროლისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად არასტაბილურობას ქმნის, ინფრასტრუქტურული დაკავშირება წარმოშობს ურთიერთდამოკიდებულებას და პროგნოზირებადობას.
რაც უფრო მეტი აქტორია ჩართული ამ სისტემაში, მით უფრო მდგრადი ხდება ის.
ამიტომ დერეფნები არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური სტაბილიზაციის ინსტრუმენტადაც გვევლინება.
ამ კონტექსტში ისეთი პროექტები, როგორიცაა შუა დერეფანი ან TRIPP, მხოლოდ ლოგისტიკური ინიციატივები აღარ არის, ისინი ახალი გეოპოლიტიკური სისტემის საფუძვლად იქცევა.
თურქეთი — არქიტექტორი
რეგიონში მიმდინარე ცვლილებებში გადამწყვეტ როლს თურქეთი ასრულებს.
სსრკ-ის დაშლის შემდეგ პირველად, თურქეთი მოქმედებს არა როგორც შუამავალი, არამედ როგორც სისტემის არქიტექტორი. მისი სტრატეგია ეფუძნება სამშვიდობო პროცესის, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და პოლიტიკური თანამშრომლობის კომბინაციას.
ეს ნიშნავს კლასიკური დიპლომატიიდან სისტემურ რეგიონულ დიზაინზე გადასვლას.
რუსეთისგან განსხვავებით, თურქეთი არ ცდილობს პირდაპირ კონტროლს, ის ქმნის ურთიერთდაკავშირებულ ქსელს, რომელიც აერთიანებს ბაზრებს, ინფრასტრუქტურას და პოლიტიკურ ინტერესებს.
- გახდება თუ არა რობერტ ქოჩარიანი ოპოზიციის „სახე“ სომხეთის არჩევნებში
- გახდება თუ არა რობერტ ქოჩარიანი ოპოზიციის „სახე“ სომხეთის არჩევნებში
რუსეთი — გავლენის შემცირება
რუსეთი რეგიონში ადრე მთავარი არქიტექტორი იყო, თუმცა დღეს მისი გავლენა შესუსტებულია.
მიუხედავად იმისა, რომ იგი კვლავ ინარჩუნებს გარკვეულ ინფრასტრუქტურულ და პოლიტიკურ ბერკეტებს, მან დაკარგა დღის წესრიგის განსაზღვრის შესაძლებლობა.
რუსეთის მოდელი, რომელიც კონტროლსა და გარე გავლენის შეზღუდვაზეა აგებული, ნაკლებად თავსებადია ახალ, ღია და ურთიერთდამოკიდებულ სისტემასთან.
შედეგად, ის სულ უფრო ხშირად მოქმედებს როგორც პროცესების შემაფერხებელი ძალა.
ამას ემატება მოსკოვის მკაცრი რიტორიკა: მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვა განცხადება, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში “არამეგობრულ ქვეყნად“ ჩაითვლება.
- ანაკლიის “ბლოკირებით” საქართველომ რეგიონში გლობალური მოთამაშის სტატუსი დაკარგა – TCRC
- საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1991–2025 წლების ქრონიკა – ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა
ირანი — ბლოკირების პოლიტიკა
ირანი ცდილობს არა ძველი სისტემის შენარჩუნებას, არამედ ახლის ფორმირების შეზღუდვას.
მისთვის ალტერნატიული სატრანზიტო დერეფნები პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ამცირებს მის გეოპოლიტიკურ როლს.
ირანი ამ პროცესში მოქმედებს როგორც ბლოკირების მოთამაშე, რომელიც ცდილობს შეაფერხოს რეგიონული ტრანსფორმაცია.
საქართველო — კვანძი სტრატეგიის გარეშე
ამ ფონზე საქართველო პარადოქსულ მდგომარეობაშია.
მიუხედავად ხელსაყრელი მდებარეობისა და სატრანზიტო პოტენციალისა, ქვეყანა ვერ იქცევა ახალი სისტემის ცენტრალურ ელემენტად.
მიზეზები ძირითადად პოლიტიკურია:
- დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესება;
- მკაფიო სტრატეგიის არქონა;
- რეაქციული გადაწყვეტილებები.
ამასთან, პარალელურ ეკონომიკურ პრაქტიკაში ჩართულობა, მათ შორის სანქციების გვერდის ავლის სქემებში, ამცირებს საერთაშორისო ნდობას.
შედეგად, საქართველო რისკავს, რომ სტრატეგიული მოთამაშის ნაცვლად, მხოლოდ სატრანზიტო ზონად იქცეს.
ამ კონტექსტში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მსგავსი პროექტებიც შეიძლება აღქმული იყოს არა როგორც გარღვევა, არამედ უკვე მიმდინარე პროცესების დაჩქარების მცდელობა.
დასკვნა
რეგიონი უკვე შეიცვალა. მთავარი კითხვა ახლა ის არის, შეძლებენ თუ არა მისი სახელმწიფოები ამ ცვლილებასთან ადაპტაციას.