ილჰამ ალიევი: საქართველო-აზერბაიჯანი მესამე ქვეყნებში ერთობლივ ინვესტირებას განიხილავენ
ილჰამ ალიევი საქართველოში
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მესამე ქვეყნებში ერთობლივი საინვესტიციო პროექტების შესაძლებლობას განიხილავენ, თუმცა კონკრეტული მიმართულებები და პარტნიორი ქვეყნები ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია.
თბილისში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე ალიევმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც, მისი თქმით, მყარ საფუძველზე დგას. მან აღნიშნა, რომ ბაქო და თბილისი საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს თანმიმდევრულად უჭერენ მხარს და ეს პოზიცია, “მომავალშიც უცვლელი” დარჩება.
ალიევის თქმით, ეკონომიკურ ურთიერთობებში აშკარა ზრდა ფიქსირდება. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის საინვესტიციო გარემო ხელს უწყობს კაპიტალის ზრდას. მისი განცხადებით, აზერბაიჯანული ინვესტიციების მოცულობამ საქართველოში უკვე 3.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული ტენდენციები დამატებითი ზრდის მოლოდინს ქმნის.
მისივე თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო ახალი საინვესტიციო პროექტები როგორც აზერბაიჯანში, ისე საქართველოში, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მესამე ქვეყნებში შესაძლო ერთობლივ ინვესტიციებს. ეს ინიციატივა, ალიევის შეფასებით, უფრო ფართო რეგიონულ დღის წესრიგსაც უკავშირდება, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებს.
“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თბილისი მზად არის გააგრძელოს მაღალი დონის დიალოგი ბაქოსთან და გააღრმავოს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. მისი თქმით, ორმხრივი ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და ეს ორივე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.
“ხაზი გავუსვი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პირად ძალისხმევას ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში და კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მზადყოფნა აზერბაიჯანის მხარდაჭერისთვის.
აღვნიშნე, რომ საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს და მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას და ახალ ინიციატივებს. ჩვენ, საჭიროებისამებრ, ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს.
ჩვენი, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა ქმნის ახალ პერსპექტივებს მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ ვაკვირდებით გლობალურ პოლიტიკურ ცვლილებებს და ეს ცვლილებები კიდევ უფრო ზრდის „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას, მათ შორის შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის, როგორც სტრატეგიული სივრცის მნიშვნელობას.
ხაზი გავუსვი იმასაც, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის, საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში.” – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში მეუღლესთან ერთად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა როგორც ირაკლი კობახიძეს, ისე “ქართული ოცნების” პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს. ხოლო მოგვიანებით შეხვედრაა დანიშნული ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან, ბიძინა ივანიშვილთან.
აზერბაიჯანულ დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჰიკმეთ ჰაჯიევი, ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი, ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შაჰბაზოვი და ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი.