პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც 6 წლამდე ავტომობილების განბაჟება ძვირდება
გაზიარება
გაზიარება
6 წლამდე ავტომობილები
“ქართული ოცნების” პარლამენტმა მესამე მოსმენით და დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლებიც იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების განბაჟებას აძვირებს. გადაწყვეტილება 72 ხმით 11-ის წინააღმდეგ მიიღეს.
ცვლილებები ეხება როგორც შედარებით ახალ, ისე ძველ ავტომობილებს და პირდაპირ უკავშირდება აქციზის განაკვეთების ზრდას. ახალი წესებით, 0-დან 6 წლის ჩათვლით ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი კუბურ სანტიმეტრზე 1,50 ლარით განისაზღვრა. აქამდე მოქმედი სისტემა ახალ მანქანებზე შედარებით დაბალ დიაპაზონს – 0,8-დან 1,5 ლარამდე – ითვალისწინებდა.
უფრო მკვეთრი ზრდა შეეხო 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებს, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ყველაზე ხშირად შემოდის. ამ კატეგორიაში განბაჟების საფასური კუბურ სანტიმეტრზე 4,5 ლარი გახდა, რაც ნიშნავს, რომ გადასახადი პირდაპირ იზრდება ძრავის მოცულობის შესაბამისად.
საქართველოში ავტომობილის აქციზი სწორედ ამ ორი პარამეტრის – ძრავის მოცულობისა და წლოვანების – მიხედვით ითვლება. შესაბამისად, უფრო დიდი ძრავის მქონე და ძველი მანქანები მნიშვნელოვნად ძვირდება იმპორტის ეტაპზე.
ანუ, თუ პირობითად შემოგყავთ 6 წელზე უფროსი ავტომობილი, ფორმულა ასეთია:
ძრავის მოცულობა მრავლდება 4,5 ლარზე:
● ეკონომიური მანქანა (1.5 ძრავა): 1500 X 4.5 = 6750 ლარი; ● სტანდარტული სედანი (2.0 ძრავა): 2000 X 4.5 = 9000 ლარი; ● ჯიპი (3.0 ძრავა): 3,000 X 4.5 = 13 500 ლარი.
კანონპროექტის ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ირაკლი ხელაძემ განაცხადა, რომ ცვლილებები ძალაში 2026 წლის 2 აპრილიდან შევა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კანონპროექტს დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს.
მმართველი პარტიის ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს როგორც ავტომობილების იმპორტის მოცულობაზე, ისე შიდა ბაზარზე ფასების დინამიკაზე, განსაკუთრებით იმ სეგმენტში, სადაც ძველი, შედარებით ხელმისაწვდომი ავტომობილები დომინირებს.