საქართველოში არასრულწლოვანი დააკავეს სამების ტაძართან სავარაუდო თავდასხმის ცრუ შეტყობინების საქმეზე
გაზიარება
გაზიარება
სამების ტაძართან ცრუ შეტყობინების საქმე
საქართველოში არასრულწლოვანს ბრალი წაუყენეს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების გავრცელების საქმეზე, მას შემდეგ რაც მან, გამოძიების ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ ორჯერ ანონიმურად დარეკა.
ამ დროს სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიალი იმართებოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შემთხვევა 22 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე მოხდა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა ორი ზარი. ზარის ავტორი ამტკიცებდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით და ტაძრის ტერიტორია დანაღმული ჰქონდა. მისი თქმით, თუ 20 წუთში ევაკუაცია არ განხორციელდებოდა, აფეთქება მოხდებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, ზარის ავტორმა კვალის დაფარვის მიზნით გამოიყენა ხმის მოდიფიკაციის პროგრამული უზრუნველყოფა, უცხო ქვეყნის ვირტუალური ნომერი და დამალა IP მისამართი — რაც, უწყების განცხადებით, მიუთითებს წინასწარ დაგეგმილ მცდელობაზე, დაემალა საკუთარი იდენტობა.
უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არასრულწლოვანი პირის იდენტიფიცირება იმავე საღამოს გახდა შესაძლებელი. სამართალდამცავებმა ამოიღეს რამდენიმე მობილური ტელეფონი, ლეპტოპები და სხვა ნივთმტკიცებები, რომლებიც საქმესთან არის დაკავშირებული.
უწყების თანახმად, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს. მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით, რომელიც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს და სასჯელის სახით სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ მის კონტრტერორისტულ ცენტრს აქვს “ყველა საჭირო ტექნიკური და ოპერატიული შესაძლებლობა“ მსგავსი ქმედებების გამოსავლენად და გააფრთხილა საზოგადოება, რომ მსგავსი ფაქტები მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას გამოიწვევს.