კნუტი ლაქი ეგზოტარიუმის თანამშრომელმა ხათუნა მჟავანაძემ ოქტომბრის ერთ დილას ზოოპარკის ტერიტორიაზე იპოვა. მან ცხოველის განწირული ხმა გაიგონა. იქვე უცნობი ძაღლი შენიშნა, რომელსაც კბილებში პატარა არსება ჰყავდა მოქცეული.
„თავადაც არ მახსოვს, როგორ გამოვგლიჯე კნუტი პირიდან, მეგონა უკვე აღარ სუნთქავდა, მაგრამ პატარა არ ნებდებოდა — აშკარად სიცოცხლე უნდოდა. მაშინვე ჩვენს ვეტერინარებთან გავიქეცი საშველად.“ — იხსენებს ხათუნა.
ზოოპარკის თანამშრომლებმა მახლობლად ვერც დედა კატა იპოვეს და ვერც სხვა კნუტები. დღემდე გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდა პატარა ზოოპარკის ტერიტორიაზე. ფისო ძლიერ იყო დაშავებული, მძიმე ჭრილობები ჰქონდა. გადარჩენის იმედი ძალიან მცირე იყო, მაგრამ ორი თვის ინტენსიური მკურნალობის შემდეგ, საბოლოოდ მაინც გადარჩა. სწორედ ამიტომ ხათუნამ მას “ლაქი” დაარქვა — რაც იღბლიანს ნიშნავს. დღეს ლაქი ეგზოტარიუმის შენობაში ცხოვრობს.
ეგზოტიკური ცხოველების სანახავად მოსულ სტუმრებს პირველი სწორედ ის ეგებება – შესასვლელში, თავის საყვარელ შავ სკამზე თბილად მოკალათებული. თუ სკამზე არ კოტრიალობს, იქვე ახლოს, ვოლიერთან – ბაჭიებს ან ზღვის გოჭებს ეთამაშება.
თბილისის ზოოპარკს არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის 1927 წლის 10 თებერვალს, კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.
თავდაპირველად ზოოპარკი მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარზე იყო გაშენებული. წლების განმავლობაში დედაქალაქის განვითარებამ, მოგვიანებით კი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, ძველი ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა. დღესდღეობით მას 5 ჰექტარი უკავია. ზოოპარკს 1500-მდე ბინადარი ჰყავს. ყველა ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს.
ბლოგების ამ სერიით თბილისის ზოოპარკის ბინადრებს გაგაცნობთ. მოგიყვებით როგორია მათი ერთი, რუტინული დღე, როგორ ურთიერთობენ სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან, როგორი იცვლება მათი ქცევები ამინდის და სეზონების მიხედვით. აქ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ.