აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა დუმილს ინარჩუნებს ოპოზიციის მოთხოვნაზე, გაათავისუფლოს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბესლან ეშბა დაკავებული თანამდებობიდან. მოთხოვნის მიზეზი მძიმე ბრალდებაა: 21 თებერვალს, ეშბას შეიარაღებულმა ნათესავებმა ცეცხლი გაუხსნეს ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე ხმამაღალ კრიტიკოსს, გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს ეშსუომ კაკალიას.
ე.წ. პრეზიდენტის დუმილი ოპოზიციისთვის პოლიტიკური სიგნალია. მათი შეფასებით, ხელისუფლება, თუ პირდაპირ არ არის გადაჯაჭვული კრიმინალურ სამყაროსთან, მაინც აშკარად შერჩევითად რეაგირებს დანაშაულზე – განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გავლენიან ფიგურებს ეხება.
აფხაზეთის ანალიტიკური ცენტრის Telegram-არხი, გუნბას პრეზიდენტობის მოახლოებული პირველი წლისთავის წინ, სამართლებრივი წესრიგის მდგომარეობას აფასებს. სურათი, რომელსაც ისინი ხატავენ, არამხოლოდ შემაშფოთებელია, არამედ თანმიმდევრული ძალადობის ქრონიკას ჰგავს.
არხი იხსენებს 2024 წლის ბოლოს მომხდარ ინციდენტს, როდესაც გუნბა ჯერ კიდევ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო: პარლამენტის შენობაში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ერთი დეპუტატი დაიღუპა. ეს იყო ეპიზოდი, რომელმაც ინსტიტუციური უსაფრთხოების სუსტი წერტილები საჯაროდ გამოაჩინა.
მალევე, კიდევ ერთი სისხლიანი ანგარიშსწორების დროს, სოხუმის ქალაქის ადმინისტრაციის თანამშრომელმა კაფეში კამათის დროს სამი ადამიანი მოკლა. შემთხვევა, რომელშიც სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი მონაწილეობდა, ბევრისთვის იმის მანიშნებელი გახდა, რომ ძალადობა აღარ არის მხოლოდ კრიმინალური სამყაროს შიდა საქმე.
მას შემდეგ, რაც გუნბა პრეზიდენტად აირჩიეს, დაპირისპირებულმა კრიმინალურმა კლანებმა დაკრძალვის ცერემონიაზეც კი გახსნეს ცეცხლი. ანალიტიკური ცენტრის შეფასებით, ეს მიუთითებს, რომ ორგანიზებული დანაშაული საკუთარ თავს არა პერიფერიაში, არამედ საჯარო სივრცის შუაგულში ხედავს.
“როდესაც აფხაზეთში სულ უფრო ხშირად ისმის სროლის ხმა; როდესაც დამნაშავეები საჯაროდ დემონსტრირებენ ძალას; და როდესაც სამართალდამცავი ორგანოები ძირითადად პოლიტიკური ოპონენტების დევნით არიან დაკავებულნი – საზოგადოება ბუნებრივად სვამს კითხვას: რას აკეთებს სახელმწიფო?“ — წერენ არხის ავტორები.
მათი თქმით, აფხაზეთში ძალის ნებისმიერი გამოყენება იშვიათად რჩება უპასუხოდ – ძალადობას მოჰყვება რეაგირება, შემდეგ კი შურისძიება. ასეთ გარემოში სახელმწიფოს ამოცანა პრევენცია უნდა იყოს. მაგრამ, მათი შეფასებით, ხელისუფლების ყურადღება სხვაგან არის გადატანილი.
ანალიტიკური ცენტრი ამტკიცებს, რომ გუნბასა და შინაგან საქმეთა მინისტრ რობერტ კიუტის პერიოდში აფხაზეთი სულ უფრო ემსგავსება “ველურ დასავლეთს“ – სივრცეს, სადაც კრიმინალური დაპირისპირებები საჯაროდ წყდება, პოლიცია რიგით მოქალაქეებზე ძალის დემონსტრირებას არ ერიდება, ხოლო სამართალდამცავი ორგანოები პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურებიან და არა სისტემური დანაშაულის აღმოფხვრას.
პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ამ ფონზე განსაკუთრებით მწვავდება. გუნბას დუმილი შესაძლოა ან ტაქტიკური გათვლა იყოს, ან პოლიტიკური სისუსტის ნიშანი. თუმცა, სროლის ხმას ეს განმარტებები არ აჩერებს.