აფხაზეთში პოლიციის შიდა დაპირისპირება ტრაგიკომიკურ კრიზისში გადაიზარდა
გაზიარება
გაზიარება
სროლა აფხაზეთში
აფხაზეთში ძალოვანი სტრუქტურების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტი სწრაფად გადაიქცა ტრაგიკომიკურ სკანდალად, რომელმაც ერთმანეთში აურია კრიმინალური გამოძიების თანამშრომლები, ნარკოტიკების კონტროლის დეპარტამენტი (UKON/DCD) და გულრიფშის რაიონის ადგილობრივი მოსახლეობა. მოვლენათა ჯაჭვი ჩხუბითა და სროლით დასრულდა, ხოლო საბოლოოდ საქმეში თავად შინაგან საქმეთა მინისტრიც ჩაერთო.
კრიზისის პიკად იქცა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრ რობერტ კუიტის გადაწყვეტილება, რომელიც დაზარალებულ მხარეს ფაქტობრივად აძლევდა უფლებას, დამნაშავე პოლიციელი “აფხაზური წესით“ გაესამართლებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მონაწილე ცოცხალი გადარჩა, რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში აღმოჩნდა, ხოლო ნაწილმა სამსახური დაკარგა.
ყველაფერი გულრიფშის რაიონში დაიწყო, სადაც კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებისას სამ მოქალაქეს სცემეს. ერთ-ერთ მათგანს თავის ტვინის ტრავმული დაზიანება მიაყენეს და კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ოპერაცია შეცდომით ჩატარდა: სამართალდამცველები ნარკოდამოკიდებულ პირებზე რეიდს გეგმავდნენ, თუმცა რეალურად სრულიად სხვა, უდანაშაულო ადამიანები დააკავეს.
დაზარალებულთა ნათესავებმა შურისძიება გადაწყვიტეს. იმავე დღეს მათ პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი იპოვეს და ისე სასტიკად სცემეს, რომ ისინიც საავადმყოფოში მოხვდნენ. თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ ამჯერადაც არასწორი ადამიანები გახდნენ თავდასხმის სამიზნე.
შემდგომ პოლიციის სხვა ოფიცრებმა კოლეგებს დასაცავად საავადმყოფოში მიაკითხეს, სადაც დაპირისპირება დაზარალებულთა გაბრაზებულ ნათესავებთან გაგრძელდა. ინციდენტი სიტყვიერ კონფლიქტს გასცდა და სროლაში გადაიზარდა.
მხოლოდ ამის შემდეგ გააცნობიერეს დაზარალებულთა ნათესავებმა, რომ თავდაპირველ ცემაში მონაწილეობდა არა ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტო, არამედ სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტი. მათ სამართლიანობის მოთხოვნით შინაგან საქმეთა მინისტრ რობერტ კუიტს მიმართეს. მინისტრმა, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ნება დართო, დაეკავებინათ დამნაშავე ოფიცერი ოლეგ მიჩბა და მასთან “ადგილობრივი წესით“ გაერკვიათ ურთიერთობა.
თუმცა საქმეში მიჩბას ნათესავებიც ჩაერთვნენ. ისინი დაზარალებულ მხარეს დაჰპირდნენ, რომ თავად დასჯიდნენ პოლიციელს — და დაპირება შეასრულეს. მიჩბაც მოგვიანებით სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში აღმოჩნდა. პარალელურად, რობერტ კუიტმა ის სამსახურიდან გაათავისუფლა.
ე.წ. მინისტრმა ასევე დროებით გაათავისუფლა ის ოფიცრები, რომლებმაც საავადმყოფოში სროლა დაიწყეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასტამურ პაჩალია ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ თუ მინისტრი პოზიციას არ შეცვლის, განყოფილების მთელი შემადგენლობა მზად არის გადადგეს.